როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა. თუმცა შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება. მერე ისევ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მოიგერია გოლკიპერმა. 33-ე წუთზე კი საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე კაშიამ ჩიპოლინას დაასწრო და ანგარიში გაზარდა. სამწუხაროდ, ჯოლისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო წიტაიშვილმა და გიორბელიძემ შეცვალა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი გუნდი უტევდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა: კვარაცხელიას მეკარემ არ გაატანინა, ლობჟანიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ჩაკვეტაძემ შორიდან სამჯერ ააცილა კარს, შემდეგ ძელმა იხსნა სტუმრები, ბოლოს კი ლობჟანიძემ ორი ჩინებული პასით მიქაუტაძესა და ყაზაიშვილს გაატანინა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - გიბრალტარი 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40), ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე
გიბრალტარი: კოულინგი, რ.ჩიპოლინა, ენესლი (მოული 66), ბრიტო, ვაისმანი, ჯოლი (ვალარინო 66), ლოპესი, რონანი (ტორილა 46), ლ. კაშიარო, სტიჩი (კუმბსი 46), უოლკერი (ერნანდესი 73)