საუკეთესო გოლის გატანის გარეშე - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
საქართველო-გიბრალტარის (4:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშს უბრალო მიზეზით ვერ შევაფასებთ - მას საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონია. გიბრალტარელებმა გიორგის კარისკენ მხოლოდ შეხვედრის მიწურულს დაარტყეს, ისიც ძალიან არაზუსტად.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს განსაკუთრებული დატვირთვა არ უგრძნია - მეტოქეს ბურთი იშვიათად ჰქონდა და თუ მოიპოვებდნენ, ხიფათის შექმნა მაინც უჭირდათ.

გურამ კაშია (7.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქეებს რამდენიმე ორთაბრძოლა მოუგო და მაღალი ჩაწოდებების შემდეგ გიბრალტარელებს
ბურთის მოპოვების უფლება არ მისცა. გარდა ამისა, კაპიტანმა მატჩის მე-2 გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა.

დავით ხოჭოლავა (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ზოგად მდგომარეობაზე უკვე დავწერეთ. საკვირველი რაც იყო, ხოჭოლავას სტანდარტულების შესრულებისას მეტოქის საჯარიმოში იშვიათად ვხედავდით, არადა, მას რესურსი და მონაცემები აქვს, ასეთ დროს მოწინააღმდეგეს ხიფათი შეუქმნას. როგორც ჩანს, საქმე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებასთან გვქონდა.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე (9.0) - თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ დაცვით ფაზაში ბევრი საქმე, უბრალოდ, არ ჰქონდა, საბა ლობჟანიძემ შეუდარებლად ითამაშა - ფიზიკურად ბოლომდე მზად იყო, გააკეთა ისეთი საგოლე პასები იქ, სადაც ბევრი დარტყმაზე იფიქრებდა. თუკი აქამდე იმას ვამბობდით, რომ თურქეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ლობჟანიძე ნაკრებში შედეგიანი არ იყო, ახლა საგოლე პასები მიითვალა და რამდენჯერმე გატანაც შეეძლო - მეტოქე ხარიხამ გადაარჩინა.

ანზორ მექვაბიშვილი (7.0) - ახალბედა ფეხბურთელმა შეხვედრის სტარტზე შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი საკმაოდ თამამი იყო, არც მეტოქეებს მორიდებია და არც თამაშის გამწვავებას. სადებიუტო ოფიციალური მატჩისთვის მშვენიერია, ისე კი, შეტევით უნარებზე, სისწრაფესა და მნიშვნელოვან პასებზე მან ბევრი უნდა იმუშაოს.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია (7.0) - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველის მთავარი ფუნქცია ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადატანა იყო, სასტარტოში არჩევანი მასზე ამიტომაც შეჩერდა. გიორგიმ რამდენჯერმე ართმევაზე მშვენივრად ითამაშა და კარგი პასებიც გამოუვიდა.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - იშვიათია, ფეხბურთელი პირველივე ტაიმში შეცვალონ, მაგრამ მას იმდენი რამ მოესწროს, შეხვედრის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდეს.

გიორგი ახალ პოზიციას შეეჩვია და მარცხენა ფლანგიდან თამაშს კარგად ამწვავებდა. ამავდროულად, მან ხვიჩა კვარაცხელიასთან კარგი შეთამაშება გამოავლინა - მშვენივრად გრძნობდა, ფლანგზე თავისუფალი ზონის ათვისება როდის შეიძლებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე (7.0) - გიორგი ძალიან მონდომებული იყო, ერთხელ მშვენიერი რეიდი შეასრულა და ისიც გაგვახსენა, პასები რა კარგად ეხერხება.

ჩაკვეტაძე ერთ ეპიზოდში ემოციებს აჰყვა, ანგარიშიდან და მეტოქიდან გამომდინარე კი, რამდენჯერმე გატანა ისეთი პოზიციიდან სცადა, საიდანაც თანაგუნდელთა პასით მომარაგება აჯობებდა.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - "კვარამ" სწრაფი და მართლაც მშვენიერი გოლი გაიტანა, შემდეგ კაშიას გაატანინა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ნაკლებად აქტიურობდა, ხვიჩა ზოგჯერ ინდივიდუალიზმით შედარებით მეტად გაერთო, ვიდრე სჩვევია, ერთი საათის შემდეგ კი დასვენების საშუალება მიეცა - უახლოეს მატჩებში კვარაცხელიაზე  ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - გიორგის საკმაოდ ბევრი მომენტი შეექმნა, მაგრან ვერ იყენებდა. რამდენჯერმე მეტი გუნდურობა მოეთხოვებოდა, ბოლოს კი საბა ლობჟანიძის პასი შეირგო და ოფიციალურ შეხვედრაში სადებიუტო გოლით ძალიან გაიხარა.

გურამ გიორბელიძე (7.0) - გურამი შეხვედრაში აქტიური წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. პირველი ტაიმის ბოლოსვე მსაჯს თავი გააფრთხილებინა. მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, ხვიჩას გასვლის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მარჯვენა ფლანგი გააქტიურდა და გიორბელიძე ნაკლებად შესამჩნევი იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.0) - "ულსანის" შემტევი აქტიურად შემოვიდა. როცა გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცა, ბევრი არ უფიქრია და შეხვედრას საბოლოო ანგარიში დაუსვა.

მამუკა კობახიძე (7.0) - ის საქართველოს ნაკრებში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, თანაც, მეტოქის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა არც ყოფილა.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ოთო დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და თამაშის რიტმში მაშინვე ჩაერთო, შეტევა თვითონაც გაამწვავა და მონაწილეობა საგოლე ეპიზოდშიც მიიღო. შემდეგ შეხვედრაში მან უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

ნიკა კვეკვესკირი - მას შესაფასებლად ცოტა დრო მიეცა, თუმცა მისი შემოსვლა საქართველოს ნაკრების საფინალო გააქტიურებას დაერთო. კვეკვესკირი, ტრადიციულად, თამაშში ბოლომდე ჩაერთო. ბულგარეთში მისი სასტარტოში თამაში ლოგიკურად მიგვაჩნია.

ვილი სანიოლი (8.5) - საქართველოს ნაკრებს უძლიერესი მეტოქე ნამდვილად არ ჰყავდა, სანიოლმა კი ეს ფაქტორი მაქსიმალურად გამოიყენა, რათა ის ფეხბურთელები გამოეყენებინა, რომელთაც ახლა კარგი დროება არ უდგათ და ეს შანსი ბევრ რამეში დაეხმარებოდათ. გარდა ამისა, თამაშის საშუალება ახალბედასაც მისცა.

შეტევის ორგანიზებულობის კუთხით, საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ხელი შეიმჩნეოდა. მართალია, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიტანეთ, თუმცა სტანდარტულების კუთხით მეტი მუშაობაა საჭირო. ასევე, თავად მწვრთნელმა აღიარა, რომ შეხვედრის შუა ნაწილში კონცენტრაციის პრობლემა არსებობდა.


altრაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

altსანიოლი: უკვე ბულგარეთში თამაშზე ვფიქრობ - მთავარი ძალების აღდგენააaltსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბიჭებო, ინსტაგრამზე ფოტოებს რომ დებთ,ინგლისურთან ერთად ქართული შრიფტითაც გააკეთეთ წარწერა,მასე თქვენ უცხოელ ფოლოვერებსაც გააცნობთ ქართულ დამწერლობას და ქართველებშიც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ!ქვეყნის სიყვარული მარტო ნაკრებში თამაში და გოლის გატანა არაა,#წერე ქართულად!!!
სოსო
15:59 03-06-2022
1
ჩვენი ვილი ნამდვილი პროფესიონალია, ძალიან მაგარი კაცია, არაფერი რომ არ ეშლება ისეთი. ასეთი მწვრთნელი, გავბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოს აქამდე არ ჰყოლია, მკვეთრად დადებითი პიროვნებაა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული