რაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგის" ახალი გათამაშება, მოლოდინისამებრ, წარმატებით დაიწყო - ჯგუფის აუტსაიდერი გიბრალტარი (4:0) დაამარცხა. მეტოქის დონის მიუხედავად, ვილი სანიოლსა და მის გუნდზე გარკვეული დასკვნების გამოტანა და მსჯელობა მაინც შესაძლებელია.

სანიოლის კონტურები შემადგენლობაში

მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო გრაფიკი, თავისთავად, გარკვეულ როტაციას გულისხმობს, საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის მიერ შემოთავაზებული შემადგენლობა რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა:

1. ვილი 3-მცველიანი ტაქტიკური სქემით ძალიან კმაყოფილია და თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა არ
დარჩა, მას არ შეცვლის;

2. ფრანგი დამრიგებელი მეკარისა და უკანა ხაზის შეთამაშებასა და სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, დიდი შანსია, ლორია-კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა ივნისის ოთხივე დაპირისპირებაში ძირითადში ვიხილოთ, საქმეში ჯანმრთელობის, ძალების აღდგენის თუ სხვა ფაქტორები არ ჩაერთო.

3. მოედნის ცენტრში საკადრო ალტერნატივების განხილვა გრძელდება, რასაც მექვაბიშვილისადმი გამოხატული ნდობა ადასტურებს;

4. მაშინ, როცა კვარაცხელიას შესაძლო დასვენებაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა, "ჯვაროსნების" დამრიგებელმა და თავად ხვიჩამ ერთხელაც აჩვენეს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის სასტარტოში თამაში აუცილებლობაა და თუკი უთამაშებლობაზეა საუბარი, ის მას შემდეგ შეიძლება, რაც შეხვედრა უკვე "გაკეთებული" იქნება.

Sportall.Ge

რაც თავიდან გვიკვირდა

ხშირად გვისაუბრია, რომ ჩვენს ნაკრებში მარცხნივ სათანადო კონკურენციაა (გიორბელიძე, აზაროვი) და მარტის ამხანაგურ თამაშებში გიორგი წიტაიშვილისთვის მთელი ამ ფლანგის ჩაბარება გვეუცხოვა. თავდაპირველად, ფეხბურთელს ალღოს აღება გაუჭირდა, გიბრალტართან კი თავის მოვალეობებს სრულყოფილად ასრულებდა - მართალია, დაცვით ფაზაში აქტიურობის საჭიროება არ ყოფილა, შეტევაში კი ბურთი სწრაფად გადაჰქონდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწინააღმდეგე მცველების ყურადღებას გადატანას იდეალურად იყენებდა და "კვარა" მშვენიერი საგოლე პასითაც მოამარაგა.

იმედია, გიორგი მიღებული დაზიანების შემდეგ, მომჯობინდება. ზუსტი მიზეზები არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი აზაროვის მიმართ სანიოლს ძველებური ნდობა აღარ აქვს, ის ახლა განაცხადშიც ვერ ვიხილეთ. უზბეკეთთან გაძევების გამო მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ერთგვარად დასაჯა და მომდევნო შეკრებაზე არ გამოიძახა, ახლა კი გუნდში დააბრუნა, თუმცა არჩევანი წიტაიშვილსა და გიორბელიძეზე შეჩერდა.

როცა შეუცვლელზე ვსაუბრობთ...

ვილი სანიოლის ერთ-ერთი მთავარი მიგნება იქნებ საბა ლობჟანიძეს უკავშირდებოდეს. ის ნაკრების წევრი მანამდეც იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თითქოს იდეალური პოზიცია მოუძებნა და საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ამჟღავნებინებს.

თუკი წინა წლებში საუბრები ყოფილა, რომ 3-მცველიან ტაქტიკასთან ადაპტირებული ფეხბურთელები არ გვყავდა, ლობჟანიძე ამის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. საბა დაუღლელია, სამწვრთნელო შტაბი მისი დასვენების საჭოროებაზე არც კი ფიქრობს და რაც მთავარია, გუნდური მოთამაშეა, რაც გიბრალტართანაც დაამტკიცა.

ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გააქვს და საგოლე პასებსაც არიგებს. კარგია, რომ ამ მხრივ ნაკრებშიც "გაიხსნა", თანაც მიქაუტაძეს ისეთი გაატანინა... გოლამდე კი ცოტა დააკლდა. ეს იყო შეხვედრა, რომლის შემდეგაც საბაზე განსაკუთრებით უნდა ისაუბრო.

Sportall.Ge

სანიოლის დიდი შანსი

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი მიქაუტაძის სასტარტოში დაყენებით, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მათ დიდი შანსი მისცა, ბოლო პერიოდის ცუდი მდგომარეობა დაეძლიათ და თვითრწმენა აემაღლებინათ. სანიოლის ჩანაფიქრმა, დიდწილად, გაამართლა - "ჟორჟმა" გაიტანა, "ჩაკვემ" კი რამდენიმე ეპიზოდში მისი ძველი ფორმა შეგვახსენა. ამის მიუხედავად, პრობლემები მაინც გამოჩნდა.

მიქაუტაძეს არ უმართლებდა და რეალიზაციის კუთხით პრობლემები ჰქონდა. თუკი მას იმის გამო ვაქებთ, რომ ბურთის მიღებისას ფორვარდის ინსტინქტებს ავლენს და კარისკენ იხედება, ამ შეხვედრაში რამდენჯერმე უკეთეს პოზიციაზე მყოფი პარტნიორების შემჩნევაც მართებდა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ერთ ეპიზოდში უდისციპლინოდ მოიქცა, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ასე არ უყვარს, გარკვეულ მომენტებში კი თამაში საკუთარ თავზე ზედმეტად აიღო, წარმოუდგენელი პოზიციიდან კარში დაარტყა და თანაგუნდელი არ შეუმჩნევია. მთავარი მწვრთნელისგან დაწყებული, რიგით გულშემატკივრამდე, "ჩაკვეს" ყველა განსაკუთრებით ვქომაგობთ და იმედია, ცუდ პერიოდს საბოლოოდ დაძლევს. როგორც სანიოლმა თქვა, გიორგი ახლა ძალიან მონდომებულია.

Sportall.Ge

რაც მწვრთნელს არ მოეწონა

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შუა ნაწილში ზოგიერთი ფეხბურთელის მხრიდან ნაკლები კონცენტრაცია და მეტოქის ერთგვარი დაუფასებლობა შეამჩნია. რა თქმა უნდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ამ პრობლემის წინაშე არ უნდა ვიდგეთ, რადგან შესაძლოა, სუსტმა მეტოქემაც კი დაგსაჯოს.

გარდა ამისა, ქართველმა გულშემატკივრებმა "დინამო არენა" თითქმის შეავსეს და ისინი სრულ პატივისცემას იმსახურებდნენ. კარგია, რომ მწვრთნელი ამაში ჩაერია, მათ შორის, შეცვლებითაც და დასკვნით ნაწილში 2 გოლი გავიტანეთ. აშკარაა, რომ სანიოლი თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევს და ეს მოთამაშეებსაც კარგად უნდა ესმოდეთ...

ისევ ხვიჩა...

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას საუკეთესო სანაკრებო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია, მან ისევ თამაშის ბედი გადაწყვიტა - გაიტანა, მერე გაატანინა და  გუნდს დამშვიდების საშუალება მისცა. კარგია, როცა ასეთი ლიდერი გყავს, მაგრამ წინა ხაზში თამაშის ბედის გადაწყვეტა სხვებსაც უნდა შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ხვიჩას გასვლის შემდეგაც გავიტანეთ, მაინც გვაშინებს იმაზე ფიქრი, რომ სულ მის ირგვლივ ვტრიალებთ და ყველა შეხვედრაში "კვარასგან" ლიდერობას ვითხოვთ.

სასიამოვნო იყო, რომ ხვიჩამ სტანდარტულიდან გაგვატანინა. მან რამდენიმე კუთხური სათანადოდ ვერ შეასრულა, შემდეგ კი ჯარიმიდან გუნდის კაპიტან კაშიას მშვენივრად ჩაუწოდა.  სტანდარტულების გამოყენება ის ფაქტორია, რაზეც მეტი მუშაობა და კომბინაციების დამუშავება გვმართებს.

რესურსი

ახლა სრული ყურადღება მოახლოებულ გასვლით მატჩებზე უნდა გადავიტანოთ. ვილი სანიოლმა ფიზიკური ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ცვლილებას ვიხილავთ, ფეხბურთელები სათანადოდ გვყავს. ზურიკო დავითაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, განაცხადს მიღმა კი ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორიც თუნდაც ვაკო გვილიაა.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის და გვჯერა, სასტარტო შემადგენლობის შერჩევასა და როტაციას თავს წარმატებით გაართმევს.

შეგახსენებთ, კვირას, 5 ივნისს (22:45), ბულგარეთს ვესტუმრებით, რომელიც საკუთარ მოედანზე ჩრდ. მაკედონიას (1:1) დაუზავდა.

altსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

altსანიოლი: უკვე ბულგარეთში თამაშზე ვფიქრობ - მთავარი ძალების აღდგენაა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ის 11-ეული, რომელსაც ძირითადშიი დააყენებს, თითოეული, თავის პოზიციაზე ლიდერი, უფრო სწორედ, საქართველოს ჯარისკაცია და გამარჯვებისთვის, ერის სიხარულისთვის უნდა იბრძოდეს მიედანზე, ერთმანეთს მხარი უნდა მისცენ და იბრძოლინ საფინალო ამოსუნთქვამდე!
პაატა
10:59 04-06-2022
0
წინა თამაშებისაგან განსხვავებით,შეტევაში კომბინირება ნელ ნელა ლაგდება.კიტეიშვილი ჯერ შორსაა საუკეთესო ფორმისაგან და ეს აშკარად ჩანდა,მაგრამ მაინც საგრძნობლად შეატყ თამაშს,თავისი ხელი.ნიშანდობლივი იყო,რომ კვარაცხელია მხოლოდ თავდამსხმელად კი არა,დისპეჩერადაც მოგვევლინა.ცენტრისაკენ შედიოდა და პასებს არიგებდა.ირაკლი აზაროვისა არ ვიცი,თითქოს ბათუმშიც ვეღარ არის ისეთი.ალბათ შემოძახება არ აწყენს.ასე მგონია დისპეჩერობასაც კარგად შესძლებს.პასიც აქვს,დარტყმაც,ტექნიკაც და ხედვაც.არ მომწონს ის,რომ როცა ხვიჩა მოედანზეა,ყველა მისგან მოელის ლიდერობას და გოლის გატანას.როცა ის გავიდა,საბამ აიღო თამაში და ორი გოლიც გამოაცხო.მიქაუტაძეს ცოტა მეტი გუნდურობა სჭირდება და გაცილებით პროდუქტიული გახდება.მას ეს შეუძლია.გუშინდელი გოლი,თავდაჯერებულობასაც შეჰმატებს და უფრო თავისუფლად ათამაშდება.ბულგარეთთან ბევრი რამე,გაცილებით უფრო მკაფიოდ გამოჩნდება,მაგრამ გუშინდელი საქართველო,"სვარშჩიკების" კი არა,უკვე ფეხბურთელთა გუნდია.
სოსო
17:21 03-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული