4 ტურის შემდეგ 10 ქულა და პირველი ადგილი მართლაც მშვენიერი შედეგია, თუმცა გასვლითმა გამარჯვებებმა თამასა აგვიწია და ბულგარეთთან საშინაო (0:0) ფრით ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც გულდაწყვეტილნი არიან.
რა შეიცვალა წინა მატჩის შემდეგ?
12 ივნისის შეხვედრაში, სადაც მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პოზიციური შეტევებისთვის საჭირო სიმწვავე და მრავალფეროვნება გვაკლდა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი მაინც გვიჭირდა.
როცა ხვიჩას ვერ გააქვს...
ხვიჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთ დროს შეხვედრის "გამხსნელი" სხვა უნდა ყოფილიყო, რაც ვერ მოხერხდა. ამაზეც გვისაუბრია - არ შეიძლება ნებისმიერ ლიდერს ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტა მოვთხოვოთ, თანაც ასეთ გრაფიკში.
მთავარი პრობლემა
გასაგებია, ჩვენი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და როცა მეტოქე მხოლოდ თავის დაცვითაა დაკავებული, ასეთ დროს მასირებული შეტევები იოლი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შუა ხაზში პრესინგის დაძლევისა და სისწრაფის დეფიციტზე წინა მატჩებშიც აღგვინიშნავს. გასაგებია, რომ ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მას სასტარტოში მაინც ველოდით. მით უმეტეს, როცა გიორგი აბურჯანიას დასვენების საშუალება მიეცა.
კარგად გამოჩნდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელმაც გასვლით მატჩებში ბევრი გაიღო და მთავარმა მწვრთნელმა ახლა მის როტაციას რომ მიმართა, არ გაგვკვირვებია. ბათუმის "დინამოელის" მოედანზე შემოსვლის შემდეგ კარგად დავინახეთ, ის რამდენ სამუშაოს ასრულებს - დავითაშვილი მეტოქეებს ავიწროებს, ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში ჩადის და ამავდროულად, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს.
ბულგარელები მთელ საფრთხეს ჩვენი ფლანგებიდან ელოდნენ და ყურადღება მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ, აზაროვმა და ლობჟანიძემ კი საუკეთესო შეხვედრები ვერ ჩაატარეს. თუკი გასვლით მატჩებში კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად ვიყენებდით, ახლა ეს გაგვიჭირდა. გიორგი მიქაუტაძეს ორი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ფლანგურ გადაცემებს ბუდუ ზივზივაძის შემოსვლის შემდეგ უკეთ ვეხმაურებოდით...
რა იქნება სექტემბერში?
არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ C ლიგაში სიძლიერით რომელი ნაკრები ვიქნებით და პლეი-ოფში ვის სად შევხვდებით, ევროპირველობისკენ მიმავალი გზა რომ გავიმარტივოთ. ახლა კი მართლაც მადლობა ამ მოულოდნელი 10 ქულის, ბევრი გოლისა და სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად დააფასეს და შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.
დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]
წარმატებები საქართველოოოო!!!