ვინ იყო საქართველოს ნაკრებში საუკეთესო და ვის აქვს ყველაზე დაბალი შეფასება?

AutoSharing Option
საქართველო-ბულგარეთის (0:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების მეკარეს განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია - ბულგარელებმა მის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ლაშა დვალი (7.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს ბულგარელები ნაკლებად აწუხებდნენ. ამიტომ მათი შეფასება ერთდროულადაა შესაძლებელი.

კაპიტან კაშიას დაცვიდან ბურთი გრძელი პასებით ამოჰქონდა და ხშირად მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძის მომარაგებას ცდილობდა.

ხოჭოლავამ მშვენიერი სანაკრებო შეხვედრები ჩაატარა, თანაც ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ივნისში მინდორზე 360 წუთი დაჰყო. მატჩის ბოლოს
იყო ეპიზოდი, როცა "კოპენჰაგენის" მცველმა მეტოქის იშვიათი კონტრშეტევა დაბლოკა.

დვალმა მიმდინარე ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ერთხელაც გამოჩნდა, რომ მაღალი დონის მცველია. როცა ჩვენმა ნაკრებმა მოსაგებად აქტიურად გაიწია, ლაშა დაცვიდან ბურთის სწრაფად ამოტანას ცდილობდა.

საბა ლობჟანიძე (6.5) - საბა გიბრალტართან მატჩის საუკეთესოდ დავასახელეთ, გასვლით მატჩებში ცოტა დრო მიიღო, ბულგარეთთან კი ნაკლებად პროდუქტიული იყო.

ლობჟანიძემ ისევ ბევრი ენერგია დახარჯა, თუმცა მეტოქე ყველანაირად ცდილობდა, მისთვის სივრცე შეეზღუდა. გადამწყვეტ მომენტში ჩვენს ფლანგელს რაღაც აკლდებოდა. აღსანიშნავია, რომ მის "ბრმა პასებს" პარტნიორებისგან საკმარისი გამოხმაურებაც არ ჰქონდა.

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - ნიკამ რამდენიმე ეპიზოდში თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუმცა ის შეტევების სწრაფი განვითარებით არ გამოირჩევა. შესაბამისად, საკუთარ კართან მდგარი მეტოქისთვის ჩვენი იერიშების უმეტესობა მაინც იოლად გასაშიფრი იყო.

ანზორ მექვაბიშვილი (7.0) - თბილისის "დინამოს" შუახაზელმა დაგვანახა, რომ დიდი მომავალი აქვს. ბევრი მოინდომა, ორთაბრძოლებში გამოირჩეოდა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გამამწვავებელ პასებს მეტად აკეთებდა.

ირაკლი აზაროვი (6.5) - იმ ფონზე, რა თამაშიც აზაროვს ბულგარეთში ჰქონდა,  ახლა ნაკლებად აქტიური იყო და კვარაცხელიას ირგვლივ გაჩენილ არცთუ ისე დიდ სივრცეებსაც სათანადოდ ვერ იყენებდა.

ვაკო ყაზაიშვილი (6.0) - ივნისის თამაშებში ვაკო სასტარტოში პირველად ვიხილეთ. გამოჩნდა, რომ სანიოლი მას შეცვლაზე უკეთ იყენებს.

ყაზაიშვილი დავითაშვილს ცვლიდა. შესაბამისად, ტაქტიკა 3-4-3 გახდა. "ულსანის" ფეხბურთელი მოედნის ცენტრში ჩამოსვლითა და აქტიური თამაშით ნაკლებად გამოირჩევა, შეტევაში ორჯერ მეტოქეს მისი შეჩერება გაუჭირდა და მაისურზე ექაჩებოდა, შორიდან დარტყმა კი, რაც ასეთ მატჩში შესაძლოა, გოლის გატანის კარგი გზა ყოფილიყო, ვაკოს არ გამოუვიდა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია (8.0) - "კვარას" არ გაუტანია, მაგრამ ისევ მატჩის საუკეთესო იყო - მეტოქეების მოტყუება არ უჭირდა, ერთხელ კარის აღების კარგი შანსი ჰქონდა და მშვიდად დაარტყა. წინა მატჩებთან შედარებით, პასის გაცემა უჭირდა და თამაშს უფრო საკუთარ თავზე იღებდა.

გიორგი მიქაუტაძე (6.0) - გიორგი ბევრს მოძრაობს, მონდომებულია, თუმცა საგოლე შანსები ამ შეხვედრაში კვლავ ვერ გამოიყენა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5) - გიორგი ჯერ შეტევაში შემოვიდა, შემდეგ კი თავის ახალ ამპლუას, მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა, საიდანაც შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა - მის მშვენიერ ჩაწოდებას ბუდუ ზივზივაძე კარგად გამოეხმაურა, თუმცა გოლამდე ცოტა დააკლდა.

ოთარ კიტეიშვილი (6.5) - იკითხებოდა, რომ ოთარი შეხვედრას აუცილებლად სჭირდებოდა. თავდაპირველად, ჩვეულად ვერ ჩაერთო, შემდეგ კი მოედნის ცენტრს ახალი ენერგია და სისწრაფე შესძინა.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - დავინახეთ, რომ ზურიკო ბევრ საქმეს ასრულებს და მისი არყოფნა საგრძნობი იყო. შემოსვლის შემდეგ, ტრადიციულად, ბევრი იშრომა და შეტევის გამწვავება სცადა.

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - ისეთი განცდა დარჩა, რომ ბუდუს მეტი დრო რომ მიეღო, გოლის გატანის შანსები უფრო იქნებოდა. ის საჯარიმოში ძალიან აქტიურია.

ვილი სანიოლი (8.0) - საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მშვენიერი შედეგები აქვს, 4 მატჩის შემდეგ 10 ქულისა და ამდენი (12) გოლის წარმოდგენა რთული იყო.

ბოლო შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ თუნდაც დავითაშვილსა და ზივზივაძეს სასტარტოში ეთამაშათ, რთული სათქმელია.

საქართველოს ნაკრებს დაცვაში მდგარ მეტოქესთან თამაში გაუჭირდა, გასვლით შეხვედრებში წარმატებას უფრო კონტრშეტევებით მივაღწიეთ. სექტემბერში ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე, სანიოლის მთავარი დილემა პოზიციური შეტევების გაძლიერება და მრავალფეროვნება იქნება.

altრა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის და რა შეიცვლება მომავალში? - მადლობა ნაკრებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორი იმედი მქონდა და ალბათ ბოლოჯერ გავიხსენებ ნიკა ნინუას,საბოლოოდ დავკარგეთ ევ ბიჭი ვინმემ თუ იცით იქნებ დაწეროთ რამე,ბუსკეცის სტილის ჩამშლელი რომელსაც ძალიან სერიოზული მარცხენა ქონდა ორ მეტრიანი კაცი კუთხურს რო აწოდებს ორივე ფლანგიდან დარტყმა კიდე უფრო უკეთესი თითქოს stamina (გამძლეობა) 90 წუთს თამაშობდა ზშირად,იმედია დაბრუნდება
მირო
18:29 15-06-2022
0
ყაზაიშვილის ადგილი ნაკრებში არ არის.
Status quo
16:23 14-06-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული