ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.
სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.
ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.
ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!
მიმომხილველი
არ მომწონს როცა ადამიანებს ლანძღავენ. ვფიქრობ თვითონ იმ ადამიანს აქვს პრობლემა, ვინც სხვას ლანძღავს და თავად უნდა მიხედოს თავს. წარმოდგენაც არ აქვთ როგორ განგრევს შიგნიდან, სულ აგრესიულად ყოფნა და სულ ვიღაცის მიმართ ჩასაფრება.
თუ ის ადამიანი მომწონს და უბრალოდ გული დამწყდა, რომ ცუდად ითამაშა ან ფორმაში არაა, ამის თქმის უფლება რატომ არ უნდა მქონდეს?
განსხვავება უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი კრიტიკას და სიძულვილის ენას შორის.
ყველას ეტყობა, ვინც როგორი განზრახვით საუბრობს. ადრე ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, აი ნახე ხვიჩა რუსეთში თუ არ დაიმტვრევა და ვერაფერს მიაღწევსო, ეს კომენტარი შეინახე და გამიხსენებო, შევინახე ის კომენტარი მართლა, დარწმუნებული ვარ ის ადამიანი ელოდებოდა რომ ხვიჩა რუსეთში დაემტვრიათ და მერე ჩემთვის კმაყოფილი მოეწერა, აი ხომ გამართლდა რასაც ვამბობდიო. ჩემი აზრით ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ძალიან ბევრია თან ასეთი.
დავიწყებ იქედან რომ ,,რაც არ გკლავს გაძლიერებს" არამგონია ეს ხვიჩამ არ იცოდეს ან ნაკრების თითოეულმა წევრმა თან როდის იყო მწვერვალისკენ გზა ია ვარდით მოფენილი, ამითი განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან ზოგი ცუდს იტყვის ზოგი კარგს, ზოგს გაუხარდება ზოგსაც არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფაროთ როცა ამის საჭიროება არ არის..
თუნდაც ჩაკვეტაძეს მაგალითი რომ ავიღოთ მე ნეგატიურად ვარ განწყობილი იმ აზრთან მიმართებაში როცა ქართველი ერის 80 % ფაქტობრივად ეხვეწება ფეხბურთის თამაშს(და აქ თქვენიდან კრიტიკაცაა ხან დროს საჭირო)..
აზრთა სხვადასხვაობა სულ იქნება! ამის აღმოფქვრა შეუძლებელი გახდა მის შემდეგ რაც ადამიანმა პირი გააღო და საუბარი დაიწყო, ასე რომ მადლობა სტატიისთვის და ძალიან გთხოვთ ნუ გადავდებთ საკუთარ ცალმხრივ მოსაზრებას
სხვა ადამიანებსაც არც მე მომწონს ნეგატიური კომენტარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფარო ან უბრალოდ დავბლოკო მაგრამ შემიძლია გავატარო და ყურადღება არ მივაქციო,ჩავთვალო რომ არ არსებობს მობეზრდება და გაჩუმდება გამომდინარე იქედან რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ კომენტარს.
გაგვიშიფრე ხოლმე ჩვენ და რედაქციებს რისი თქმა უნდოდა ხოლმე ბოღმიან კომენტარებს რასაც ჩვენ ვერ ვშიფრავთ თან გადაგიხდით საფასურს