სანიოლი: შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ - 18 თვის წინ აქ სხვა მდგომარეობა იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფავორიტად ვინ მიიჩნევა. ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ ფავორიტად ჩრდ. მაკედონია დავასახელე, თუმცა ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრები ჩავატარეთ. გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება გვსურს და თუკი ასე არ მოხდება, ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებით.

შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, მიზნად ერთი ქულის აღება გქონდეს. ეს შემდეგ ასე არ გამოდის, ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. უნდა გავაგრძელოთ ის, რაც კარგად გამოგვდის. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად
გადავიდეთ, პირველ ნომრად თამაში გვსურს. თუკი ისე მივუდგებით ამ დაპირისპირებას, როგორც ივნისის შეხვედრებს, ყველაფერი გამოვა.

სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი მყავს და ყველას გამოყენება მსურს, თუმცა უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან.

რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ბევრსა და მაღალ დონეზე თამაშობენ. 18 თვის წინ, როცა აქ მოვედი, სხვა მდგომარეობა იყო. ეს ფეხბურთელები ქართული კლუბების აღზრდილები არიან და მათი, ისევე, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მადლობელი უნდა ვიყოთ. შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ, თუმცა ამის უკან ბევრი შრომაა.

დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში ასეთი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. ამის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მოთამაშეებს არ ეგონოთ, თამაშს ბოლომდე დახარჯვის გარეშე მოიგებენ. ჩვენი დავალებაა მათ ავუხსნათ, რომ ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს".


მკითხველის კომენტარები / 9 /
იღბლიანი კი არა, მაგარი მწვრთნელი ხარ - "ბედი მამაცებს სწყალობთ"!
გიორგიპირველი
20:18 22-09-2022
0
ჩვენი ნაკრების "ყველა მატჩის ისტორიის" იღბლიანი და წარმატებული დასასრული ვისურვოთ! წინ,საქართველო!!!
მერაბი
18:53 22-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული