სანიოლი: იმედია, გლაზგო მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დიდ გზაზე - დედაჩემმაც იცის, რომ კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია

AutoSharing Option
შოტლანდია-საქართველოს მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „ჰემპდენ პარკის“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი შოტლანდიელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ უპასუხეს:

ვილი სანიოლი: "საფრანგეთი-გიბრალტარი თუ ნახეთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ შეიძლება საფრანგეთმაც კი ვერ ითამაშოს ხანდახან მაღალ დონეზე. შესაძლოა, კვიპროსთან მეტს ელოდა ქომაგი. ზოგჯერ ეს ამბიცია დადებითად მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს, შეგახსენებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, საქართველოს ნაკრებს ოფიციალური თამაში არ წაუგია. ჩვენ საქართველო ვართ
და ყოველთვის ვერ მოვიგებთ, თუმცა კვიპროსთან ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში კმაყოფილი დავრჩი ჩემი მოთამაშეებით, ისინი არ დანებდნენ და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხეს.

კვიპროსთან მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის თამაში არ ყოფილა. ჩვენი შემტევები სათანადო დოზით არ ეხმარებოდნენ დაცვით ხაზს. არადა, ეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა და ბალანსი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ხვალ უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ, ვიდრე კვიპროსთან. მეკარე? ჯერ კიდევ სექტემბერში ვთქვი, რომ "მამარდა" ნომერი პირველი მეკარეა და თუ კონკრეტული მიზეზი არ მექნება, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი.

შოტლანდიაში ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია, აქ სულ საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა.
დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც, საფეხბურთო დღესასწაულს ვნახავთ და უკეთესი გუნდი გაიმარჯვებს. შოტლანდიას ვულოცავ ზედიზედ სამ გამარჯვებას. ასეთი მაგარი სტარტის შემდეგ მათთვის წნეხი იქნება საკუთარ მოედანზე თამაში, ჩვენ კი შედარებით თავისუფლად ვითამაშებთ და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

შოტლანდიის სახიფათო მხარეები? თუ ნორვეგიასთან ბოლო 10 წუთს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ შოტლანდიას დიდი რესური აქვს. ბევრი არაა გუნდი, რომელსაც ამ ნორვეგიასთან ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია. დიდი პატივიცემა მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ისტორია დავწეროთ. საქართველოს აქვს დიდი რესურსი და ეს ბევრჯერ ვაჩვენეთ, ბევრისთვის მოულოდნელადაც კი. მყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ სწორად იარონ ოცნებების გზაზე. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. თუ უნდათ, დიდი ფეხბურთი ითამაშონ, თუ უნდათ, მთელმა ევროპამ გაიცნოს, მაქსიმუმი უნდა გაიღონ. ბევრი ოცნება გვაქვს და იმედი მაქვს, გლაზგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ამ დიდ გზაზე.

დედაჩემმა შეიძლება ბევრი არაფერი იცის ფეხბურთის, მაგრამ მანაც კი იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია. ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელმა ითამაშოს გუნდურად, დისციპლინირებულად, წარმატებით უნდა შეასრულონ დავალება".

გურამ კაშია: "ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, არ ვფიქრობ, ხვალ ამის გამო პრობლემა შეექმნათ. ფიზიკურად ყველა კარგად ვგრძნობთ თავს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

რატი შელეგია გლაზგოდან "სპორტალისთვის"

მკითხველის კომენტარები / 45 /
მიუხედავად რამოდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა,ჩვენი ნაკრები მაინც საშუალო დონის გუნდებთანაც კი,როგორიცაა იგივე შოტლანდია,სუსტად გამოიყურება.სუსტ გუნდებთაანაც კი,საკმარისი გახდა ქეცბაიას სწორი ტაქტიკა შეერჩია ჩვენს წინააღმდეგ,რომ ცოტასღა გადავრჩით,საგოლე მომენტებით კი წავაგეთ,კვიპროსი წაგებას ნაღდად არ იმსახურებდა.ამას იმიტომ ვამბობ,რომ ინდივიდუალურად ჩვენ ძლიერები ვართ,მაგრამ გუნდური თამაში გვიჭირს.ეს იყო და არის ჩვენი ნაკრების მუდმივი პრობლემა.ვერც ერთმა მწვრთნელმა ამას ვერ უშველა.დღესაც მგონია,რომ მაგრად გაგვიჭირდება,ამიტომ ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას,მაგრამ კვიპროსთან მატჩის შემხედვარეს ოპტიმიზმი ნაკლებად მაქვს.სისტემურ,დადგმულ თამაშს ვერ ვხედავ,მონახაზი,სტილი ჩვენი,რაც ყველა ნაკრებს აქ,ჩვენ არ გვაქ,ამის გარეშე კი ძნელია შედეგის მიღწევა.
მირო
16:35 20-06-2023
2
ვიხსენებ 1981 წლის 4 მარტს, დინამო ეთამაშებოდა ინგლისის თასის მფლობელს ვესტჰემ იუნაიტედს. გუშემატკივრები ვიყავით შეწუხებული, ამ დროს სსრკ-ში ფეხბურთის ჩამი-ჩუმიც არ ისიმოდა. გრძელი ზამთრის შემდეგ, პირდაპირ დაპირისპირება გვქონდა განთქმულ ბრიტანულ ფეხბურთან. გუშემატკივართა უმრავლესობამ იცის როგორი ძლიერი ხასიათი გამოიჩინეს ქართველმა ბიჭებმა და მეტოქე სავსე ტრიბუნების წინ 4:1 დაამარცხეს. მაშინდელი ინგლისური პრესა წერდა, ჩამოვიდნენ ქართველები კავკასიიდან ფეხბურთის, შექსპირის სამშობლოში და გვასწავლიან როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი და როგორ დავდგათ შექსპირის სპექტაკლები. (პარალერულად გასტროლებზე ლონდონში იმყოფებოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი და თამაშობდნენ სპექტაკლს მეფე ლირს). ეჰ, როგორ მინდა განმეორდეს 42 წლის წინანდელი ისტორია ბრიტანეთში და ახლა უკვე საქართველოს სახელით მოვახდინოთ მაშინდელი ფურორი.
ეს ყველაფერი კი ჩვენს სასიქადულო ბიჭებზეა დამოკიდებული, თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და არ მისცემენ მეტოქეს ბურთის თავისუფლად მიღების და დამუშავების საშუალებას, მაშინ უკვე დადგება 42 წლის წინანდელი შედეგი და უდიდესი სიხარული ქართველი გულშემატკივრისთვის.
გაიოზ გოშაძე
14:19 20-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული