ფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა.

კვიპროსთან მატჩთან შედარებით, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, დაცვითი სტრატეგია აირჩია, უკან ტანმაღალი მცველები დააყენა, ორი საყრდენი და წინ სწრაფი შემტევები. ფრანგის გათვლა გასაგები გახლდათ და იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენს გუნდს მეორე ნომრად თამაში უფრო ეხერხება. თუმცა ამინდმა სერიოზული კორექტივები შეიტანა.

შეხვედრის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ორივე გუნდს თამაში უჭირდა და მასპინძლები მაკგრეგორმა დააწინაურა, რის შემდეგაც მსაჯმა უამინდობის გამო
შეხვედრა შეწყვიტა. BBC Radio Scotland-ი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ პირობებსა და მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებდა, გადადებას მოითხოვდა და თავადაც ასე მოიქცეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, არბიტრს მატჩი გოლამდე უნდა შეეჩერებინა.

დაპირისპირება საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. საქართველოს ნაკრებს მძიმე მოედანზე ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უძნელდებოდა, შეცდომებს უშვებდნენ. მასპინძლები უკეთ მოქმედებდნენ, მაკგინმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, მაკტომინის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკტომინიმ დალაშქრა მამარდაშვილის კარი და შოტლანდია, რომელიც აშკარად უკეთ თამაშობდა, 2:0 გავიდა წინ. სანიოლმა დვალი და კვეკვესკირი ზივზივაძითა და გოჩოლეიშვილით, ხოლო შემდეგ ლობჟანიძე დავითაშვილით შეცვალა და თავდასხმის გაძლიერება სცადა. კვარაცხელიამ დრიბლინგით ორჯერ გაამწვავა თამაში, რამაც შედეგი არ გამოიღო. მერე სკოტებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, როდესაც პეტროუსმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ოდნავ ააცილა მიზანს. პირველი რეალური მომენტი საქართველოს ნაკრებმა 72-ე წუთზე შექმნა, მაგრამ მიქაუტაძემ ვერ შეძლო გატანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დავითაშვილთან ბრძოლაში ჰიკის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ პენალტი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.

რა თქმა უნდა, შოტლანდიისთვის ასეთ პირობებში თამაში უფრო მოსახერხებელი იყო, თუმცა ამ ვითარებაშიც კი ჩვენი გუნდისგან მეტ შემართებას ველოდით. შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა და გაცილებით უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ესპანეთთან გამართავს.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“

შოტლანდია - საქართველო 0:2
გოლები: 1:0 მაკგრეგორი (6), 2:0 მაკტომინი (47)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი (ზივზივაძე 56), კვეკვესკირი (გოჩოლეიშვილი 56), გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 158 /
უკეთესი იყო მიქაუტაძეს დაერტყა პენალტი.სტატისტიკას მაინც გაიუმჯობესებდა.
ჯუჯი
02:48 21-06-2023
5
მოკლედ, ამდენი წელი გავიდა და ვერ მიხვდა ფეხბურთის ერი და ბერი, რომ საქართველოში გაპატიებენ დამარცხებას. განადგურებასაც კი გაპატიებს ქომაგი ხალხი...მაგრამ უბრძოლველობას, უთავმოყვარედ თამაშს..."ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ პოპკორნს", არავინ გაპატიებთ.

ითამაშეთ თქვენი თამაში, ანუ ის რაც შეგიძლიათ. ჟინი და ბრძოლა ბოლომდე დადეთ სათითაოდ ყველამ მოედანზე. ეგაა, მეტს არავინ გთხოვთ.
დათო
04:39 21-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული