სანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში საკმაოდ ბევრი კრიტიკული ელემენტი დაგროვდა. გამოიკვეთა როგორც საკადრო, ასევე ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა. სექტემბრის მატჩების წინ ვილი სანიოლის მუშაობა ამ ორი კომპონენტის მიმართულებით დაკვირვებას მოითხოვს. საკადრო საკითხზე ნაწილობრივი მსჯელობა უკვე შეგვიძლია - "ჯვაროსნების" განაცხადი ცნობილია.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ახლა ორი მთავარი გამოწვევა იდგა - გამოცდილი ცენტრალური მცველები ასაკთან ერთად შეცდომებს უმატებენ, საყრდენ ზონაში პრობლემებზე კი მუდმივად მივუთითებდით. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამ საკითხებს უპასუხა. მან ნაკრების მიღმა დატოვა ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრების მცველები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი
კარგად წარმოაჩინეს, სიაში არიან - საზონოვი და კალანდაძე. რამდენად იქნება ეს ცვლილებები საკმარისი, გაუმჯობესდება თუ არა ნაკრების თამაში ძლიერ მეტოქეებთან (ესპანეთი და ნორვეგია), რომელთაც ქულები ძალიან სჭირდებათ და შეიძლებოდა თუ არა სხვა ფეხბურთელების ხილვა - ყველაზე აქტუალური ახლა ეს კითხვებია...

იმით უნდა დავიწყოთ, რომ შემადგენლობა საკმაოდ მოკლეა. როცა ორი შეხვედრაა ჩასატარებელი, თავდაპირველ სიაში 25-27 მოთამაშეც გვინახავს. კვეკვესკირის არყოფნაში სანიოლი მინდვრის ცენტრს ახლებურად დაალაგებს და როგორც ჩანს, ამ საქმეში მას დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილის ეიმედება. 24 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში "ლევანტეში" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - ბევრს თამაშობს, საუკეთესოდ დაასახელეს და გაიტანა კიდეც. ამ ფეხბურთელს დიდი რესურსი აქვს და იმედია, სტაბილურობას მიაღწევს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების თავკაცს ლუკა გაგნიძე აშკარად მოსწონს. მოსკოვის "დინამოს" წევრი თამამია, თამაშის გამწვავებას არ ერიდება, მოძრაობს და თუკი ბურთს ვფლობთ, მას კარგად ანაწილებს. ლუკას საუკეთესო დრო არ უდგას (თუმცა ბოლოს 90 წუთი ითამაშა). საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის შუა ხაზში სიახლეებს ვერ ვხედავდით და ახლა სიტუაცია იცვლება, რაც იმედია, თამაშის ხარისხზეც აისახება.

შეიძლებოდა თუ არა სხვებიც გვეხილა? - სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგო. მის შესაძლებლობებს ვილი კარგად იცნობს, რადგან ბათუმის "დინამოში" გამოსვლისას შეკრებაზე ყოფნის შანსი ხშირად მისცა და ამ ფონზე უფრო გასაკვირია, სიაში ახლა რომ არაა.

რაც შეეხება დაცვას. საიდუმლო უკვე არავისთვისაა, რომ აქ საკადრო ცვლილებებისა და ერთგვარი თაობათა ცვლის დროა. ეს პროცესი მარტივი არაა. ობიექტურად, შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი გაგვიჭირდება, ერთა ლიგის პლეი-ოფი კი უფრო შორსაა და მას მეტი სიახლით უნდა შევხვდეთ. ახალგაზრდული ნაკრების ორი უკანახაზელის სიაში ყოფნა რევოლუციურ ცვლილებებს ნიშნავს თუ სანიოლის მხრიდან უბრალოდ ნიადაგის მოსინჯვაა, საქმე ამაშია. ვითამაშებთ თუ არა კვლავ 3 ცენტრალური მცველით და ამ მხრივ რა შეიცვლება, ესეც გვაინტერესებს. გვახსოვს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას გარდამავალ პროცესს არაერთი უკმაყოფილება მოჰყვა, ფორმას თავისი მნიშვნელობა აქვს.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ კადრებს, სანიოლმა დაცვაში შანსი არაერთ მოთამაშეს მისცა და მათი შესაძლებლობები გაიგო, გიორგი გველესიანს კი საერთოდ არ უთამაშია. მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ სავარჯიშო პროცესით ამის საჭიროება ვერ დაინახა, მაგრამ გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს უსამართლობის შეგრძენა აქვს. ხოლო, რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მან შანსები ნამდვილად მიიღო და როგორც ჩანს, მწვრთნელი დაცვის "ახალი ტალღის" მასზე აგებას არ აპირებს, თანაც, კვიპროსში ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ. მომავალში სიას აუცილებლად შეემატევა "სპეციაში" გადასული ივა გელაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ გუნდის განაცხადში იყო...

ყოველთვის შეგვიძლია საუბარი მათზე, ვინც სიას აკლია. გორდეზიანის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოჩენა მომავალში სიახლეებს გვიანონსებს. ცოტა ხნის წინ ვარაუდი გამოვთქვით, რომ ნაკრებში გიორგი არაბიძეც იქნებოდა. მისი ბოლოდროინდელი თამაში მოსაწონია და სტაბილურად გაგრძელების შემთხვევაში, სხვა დროს აქ აუცილებლად ვნახავთ. მთავარია, გიორგიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთოს. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ სიის მიღმაა. ეროვნული ლიგიდან სიაში ფეხბურთელები არიან, მაგალითად, გიორგი წიტაიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვის ალტერნატივადაა განხილული. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახალგაზრდული ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველით, რომელიც ცალკეული ფეხბურთელების პროგრესისა თუ უკეთეს კლუბებში გადასვლის მიუხედავად, მარტივად მისაღწევი არაა. წინ რთული მატჩებია, სადაც მწვრთნელმა გუნდს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლენინოს. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკით ფავორიტებთან წარმატებას მივაღწიოთ, მეორე მხრივ კი, ძველებურად ვერც მას ვახერხებთ და ახლის მოფიქრება მოგვიწევს!..

altსექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
არაბიძე უფრო ფორმაშია თუ წიტაიშვილი ? ორივე საქართველოში თამაშობენ და ჩემი აზრით ვინც უკეთეს ფორმაშია ის უნდა გამოიძახონ ნაკრებში და არა ძველი დამსახურებებით , სხვანაირად სტიმულს უკარგავთ სხვებსაც ,არ შეიძლება ეგრე ....
დათო
21:59 03-09-2023
2
შესანიშნავია. უკვე წინასწარ ვიცით ვინ არის დამნაშავე. სანიოლი!!! მაგის ბრალია რაც გვჭირს. გამოიძახე ბიჭო არაბიძე, ალთუნაშვილი, ლოჩოშვილი და იგულავე ევროპაზე. სპეციალურად ებრძვიან ქართულ ფეხბურთს.
პ.ს. ვაი ჩვენ პატრონს.
ჰაჰა
11:15 02-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული