ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა, უქულოდაა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს. ნამატჩევს კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:
"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, სათამაშოდ ძალა მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ ასეთ დონეზე, როგორზეც ნორვეგია იმყოფება, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, რაღაცის გაკეთებას შევეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
იმოქმედა თუ არა პირველმა გაშვებულმა გოლმა? საქმე კიდევ ისაა, რომ არც გვიმართლებს. კარგი იქნებოდა პირველი ტაიმი
0:0 დაგვესრულებინა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ნაკრებებს არ შეგვიძლია 90 წუთი შევეწინააღმდეგოთ. ერთია ბურთით და მეორე უბურთოდ თამაში, როდესაც მეტოქეს დასდევ. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს.
2-3 დღეში ბევრი რამის შეცვლას ვერ მოვახერხებთ. გამარჯვება გვინდოდა, თუმცა ნორვეგიას მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ყოველი მატჩის მეორე ნახევარში პრობლემა გვექმნება. საქართველოს, რა თქმა უნდა, კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ეს ესპანეთი არაა, გავემგზავრებით და რაღაცის მიღწევას შევეცდებით".