მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

AutoSharing Option
და ჰა, კარს მოგვადგა 21 მარტი, როდესაც უეფას მიერ ბოძებული შანსით საქართველოს ნაკრებმა მეორე ცდით უნდა დაიწყოს ევროპის ჩემპიონატზე „უკანა კარით“, ერთა ლიგიდან შეღწევა. პირველი შესაძლებლობა 2020 წლის 13 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით თბილისში გავუშვით ხელიდან და მეორე შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. სამწუხაროდ, პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ დაგვეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელთან ერთადაც „ჯვაროსნები“ ერთი გუნდია, მის გარეშე კი - სულ სხვა. მოგვწონს თუ არა, ასეთია რეალობა და დანაკლისი უმძიმესია. ჩრდილომაკედონიელებთანაც არ გვყავდა კვარაცხელია და რატომღაც კოვიდის პერიოდში სტადიონის მაყურებლების 1/3-ით
შევსების უფლებაც არ გამოგვაყენებინეს. ახლაც არ გვეყოლება ნახევარფინალში ხვიჩა, მართალი გითხრათ, გარკვეული სიფრთხილის გრძნობაც არსებობს და იმის შიშიც, რომ უხვი ნალექი არ მოვიდეს და მოედანზე პრობლემა არ შეიქმნას.

საქართველოს ნაკრები დაუბალანსებელ გუნდად რჩება, ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს გიორგი მამარდაშვილისა და კვარაცხელიას სახით. ზოგს ფიზიკური მონაცემები აკლია, ზოგს - ტექნიკური, ზოგს ბედმა არ გაუღიმა ჯანმრთელობის თუ თავის დროზე კარგ კლუბში არმოხვედრის გამო. ამ ორს კი ღვთის მადლით ყველაფერი გააჩნია დიდ შრომის უნართან ერთად. უყურეთ, ალბათ, „ვილიარეალთან“ მამარდაშვილის თამაშს და სიამაყის გრძნობაც დაგეუფლებოდათ. ამ სიტყვის კარგი გაგებით, კარში რაღაც მონსტრი იდგა, მეტოქეთა ნამდვილი რისხვა. თან მუდმივად პროგრესირებს, იხვეწება და უკეთეს გუნდში გადასვლასაც იმსახურებს.

Sportall.Ge

რაც შეეხება „კვარას“, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, „ინტერთან“ ბოლომდე არ დაიხარჯა, თავს გაუფრთხილდა და აზრით და გონით უკვე თბილისში იმყოფებოდა. სწორადაც მოიქცა, ვინაიდან იმაზე გაცილებით, გაცილებით უკეთ ირჯება, ვიდრე გასამრჯელოს უხდიან, დიდად მადლიერიც არავინაა და ისეთი პარტნიორები ჰყავს, უკეთესი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია - ორი მცველი მეურვეობს, მესამე დაზღვევაზეა და „გალიაში“ ჰყავთ გამომწყვდეული. დროულად პასსაც ვერ თუ არ აძლევენ და ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ აწვდიან, როდესაც სხვა გზა აღარ აქვთ. „ბარსელონასთან“ შეხვედრის დასასრული გამახსენდა, როცა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა და ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ. ორივე მშვიდად გახლდათ მარცხს შეგუებული. "ინტერთან" ნამატჩევს „ნაპოლის“ თავკაცმა დაუფარავად თქვა, რომ ახალწვეულები იმედებს ვერ ამართლებენ და მისთვის მთავარი სლოვაკეთის ნაკრებია. იგივე დამოკიდებულება გააჩნია ვიქტორ ოსიმენს, რომელსაც ეტყობა, გული უკვე სხვაგან მიუწევს და მგონია, ტრავმას იმიზეზებს - მიდი და გაიგე, კუნთის გადაღლილობა აწუხებს თუ არა.

მიუხედავად კვარაცხელიას არყოფნისა და ლუქსემბურგის ნაკრების უკანასკნელ წლებში გაძლიერებისა, ჩვენი ეროვნული გუნდი ვალდებულია ხუთშაბათს გაიმარჯვოს. ფეხბურთში რაღაცის ვალდებულება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაგების უფლება არ გაქვს. თუ გადავხედავთ მოწინააღმდეგის შემადგებლობას, ადვილად შევამჩნევთ, რომ „ჯვაროსნებზე“ ნაკლებ გუნდებში სულაც არ ასპარეზობენ. ვილი სანიოლის კრებულს კი სერიოზული პრობლემები გააჩნია - რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცით ლეგიონერთა ამბები და ისიც, რომ საკმაო ნაწილს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მაღალი შედეგიანობითაც არ გამოირჩევიან. ერთ-ერთი გამონაკლისი ბუდუ ზივზივაძეა და ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თავის დროზე არ გაუმართლა, უკეთეს კლუბში არ მოხვდა და უკეთესი კარიერა ვერ აიწყო. ზემოთაც აღვნიშნე, ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული, თორემ, ვთქვათ, გიორგი ლორიასაც უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, რადგან საამისოდ ყველა მონაცემი აქვს. დააკვირდით, როგორ იბრძვის ზივზივაძე ბურთისთვის, გოლის აღლო გააჩნია და შეტევის დაგვირგვინების უნარიც. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, თუმცა, ჩემი აზრით, „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც. ნეაპოლური გუნდი ხშირად ფლობს ინიციატივას, მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიაქვს, საჯარიმოში ხშირად აწვდიან ბურთს, მაგრამ იქ ვერავინ იხსნება და მთელი შრომა და გარჯა წყალში ეყრებათ.

Sportall.Ge

მეტად აღარ მინდა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ჩვენი სხვა ფეხბურთელები დავახასიათო, უბრალოდ ერთს გავუსვამ ხაზს - ბევრისგან გაცილებით მეტს მოველოდით, თუმცა მათთვის ჯერ არაფერია დაკარგული და იმედია, თავის წარმოსაჩენად მარტის პლეი-ოფი შესანიშნავი შანსია, რასაც გამოყენება სჭირდება. სასიხარულოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში დგება და სათანადოდ დაგვეხმარება. ახლა მთავარია გულშემატკივრების დიდი ძალისხმევით როგორმე გადავლახოთ ნახევარფინალური ბარიერი. არაა ლუქსემბურგი ის გუნდი, რომლის ძლევაც საქართველოს ნაკრებმა, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე ვერ უნდა მოახერხოს. არც ის მგონია, უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი იყოს. მკითხავთ უთუოდ, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი და მოკლედ გიპასუხებთ - არსებობს ხოლმე „წყალქვეშა დინებები“, მაგალითად, როგორსაც იტალიისა და უკრაინის დაპირისპირებისას ჰქონდა ადგილი. მსაჯს ხომ ხანდახან ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ვერც მოედავები.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ქომაგების აქტიური თანადგომით ამოცანის გადაჭრა ძალუძს. მთავარია, აუღელვებლად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იმოქმედონ და ფინალში გავიდნენ, სადაც უკვე ხვიჩაც დაგვეხმარება. ეს ორი აუცილებლად მოსაგები მატჩია, რომელიც გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს თავად მოთამაშეთა და საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 29 /
მე ამ საიტზე აღარ შემოვალ. ყველა "დაკლიკვაზე" რეკლამას აგდებს. მესმის რომ აუცილებელია საიტის არსებობისთვის რეკლამაც მაგრამ არ უნდა აღიზიანებდეს მკითხველს. იქნებ გაითვალისწინოთ. წარმატებები
რაბუ
21:17 19-03-2024
2
თამაში ღომ მოიგო მეტყი უნდა გაიტანო , ვიდრე გაუშვებ . რომ გაიტანო , შეტევა უნდა იცოდე , ცდილობდე , სხვადასხვა ტაქტიკას და სქემას ხვეწდე . რომ არ გაატანინო , დაცვაში თამაში უნდა შეგეძლოს . ხვეწდე სხვადასხვა დაცვით ვარიანტებს . უნდა შეგეძლოს ბურთის დაჭერა . ამისათვის ტექნიკური და ფიზიკური სათანადო მომზადებაა საჭირო, ანუ ნახევარმცველების შესაბამისი დონე ამ კომპონენტში. ფეხბურთი კი ჰქვია ამ ლამაზ თამაშს , მაგრამ უბურთოდ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ესეც უინდა ისწავლო . ამ ყველაფერს ბავშვობიდან ასაკის შესაბამისი დოზით უნდა სწავლობდე . ამ ყველაფერს დავუმატოთ ნიჭი ( რომელიც ქართველებს გვაქვს ) და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული , გამარჯვების უდიდესი სურვილი , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე . ასე ვფიქრობ მე . ახლა , ამათგან რომელი თვისება და უნარი რა ზომით გვაქვს დავთვალოთ და სავარაუდო შედეგსაც მივიღებთ სხვადასხვა გუნდებთან სხვადასხვას .
zaza
19:10 19-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული