მატჩის დღე, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია - სავარაუდო შემადგენლობა და მოლოდინი

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)


დადგა დღე(ები), რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები "ჩამორეცხოს"; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკრთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. წინ ბევრი ნერვიულობა (ჯერ ნახევარფინალის) გველის, რომლის დასრულებაც სიხარულის შარავანდედით შეგვიძლია; მაქსიმალურად შევდივართ ფეხბურთელების მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

დღეს, 21 ნარტს, 21:00 საათზე, ევროპის
ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი რამ დავწერეთ და საღამოს მოუთმენლად ველით. ერთ-ერთი, რაც ყველას აინტერესებს, სასტარტო შემადგენლობაა, ამიტომ მასზე მუდამ გესაუბრებით. მისი გამოცნობა ახლა უფრო რთულია, ჩვენი მსჯელობა და ვარაუდები ვილი სანიოლის აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საკადრო საკითხებს ეფუძნება.

ტაქტიკური სქემა, არსობრივად, არ უნდა შეიცვალოს და ის კვლავ 3 მცველს, 5 ნახევარმცველსა და 2 შემტევს უნდა დაეფუძნოს. უბრალოდ, თუკი ბოლო მატჩებში ფრანგი მთავარი მწვრთნელის მხრიდან 3-4-1-2 სქემა და გიორგი ჩაკვეტაძისთვის ცოტათი შეცვლილი ფუნქციები ვნახეთ, ახლა გამოძახებული ფეხბურთელები, ჯაბა ჯანკავას დაბრუნება და ნახევარფინალის სტატუსი გვაფიქრებინებს, რომ 3-1-4-2 განლაგებას (ერთი საყრდენი დაცვაზე მეტად ორიენტირებული) უფრო ვიხილავთ. ასე თუ ისე, მთავარი არა სასტარტო გეგმები, არამედ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებია (დიდი სტრატეგი ნაპოლეონი როგორც ამბობდა). ისიც ხომ გვსმენია, რომ მეორე ტაიმში მწვრთნელის ფაქტორი გადამწყვეტია. ვინც უნდა ითამაშოს, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება, ამის გვჯერა! ხუთი ცვლილების პირობებში, ჩვენ გაძლიერების წყაროებზეც დავწერთ...

მეკარე

გიორგი მამარდშვილი ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩს ჩაატარებს და იმედი გვაქვს, თავისი უნარების სრულად გამომჟღავნებას შეძლებს. დაცვის ხაზში ბოლო დროს პრობლემებია და "მამარდას", როგორც უკანა ხაზის "ხელმძღვანელის", როლიც დიდი იქნება. ისეთ გამოცდილ მეკარესთან ერთად მომზადება, როგორიც გიორგი ლორიაა, მას აუცილებლად გამოადგება.

ცენტრალური მცველები

3 ცენტრალური მცველიდან ორის საკითხი დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჩანს. ერთი კაპიტანი გურამ კაშიაა, მეორე კი - საბა კვირკველია. რაც შეეხება მარცხნივ მოთამაშე ცენტრალურ მცველს, აქ მხოლოდ ორი ვარიანტი განიხილება - ლუკა ლოჩოშვილი და ლაშა დვალი. ჩვენი აზრით, სანიოლი უპირატესობას დვალს მიანიჭებს, ამის მიზეზი კი ბოლო დროს უკეთეს სათამაშო პრაქტიკასა (მართალია, ლაშა კვიპროსში გამოდის და ლუკა იტალიაში) და გამოცდილებასთან ერთად ის ფაქტორიც იქნება, საჭიროების შემთხვევაში, მთავარ მწვრთნელს ტაქტიკური სქემის იოლად შეცვლა და ოთხ უკანახაზელზე გადასვლა შეეძლება. ასევე, შეტევის დროს გუნდი მინდორზე მეტად გაშლას შეძლებს. დაველოდოთ საღამოს...

Sportall.Ge

რესურსი. საბა საზონოვი

საზონოვს "ტორინოში" ბევრი დრო არ ეძლევა, მაგრამ ამ პერიოდშიც დაგვანახა, რამხელა პოტენციალი აქვს. საბა ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ხვიჩა კვარაცხელიასთანაც გამოირჩა და ნამდვილად გვიკვირდა, საქართველოს ნაკრებში თუნდაც ერლინ ჰოლანის წინაღმდეგ მას თამაშის შანსი რატომ არ მიეცა. ახლა მთავარი საფრთხე "ვიტესელი" როდრიგესისგან გველის, რომელთანაც გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს თავისი უპირატესობები ექნებოდა, მაგრამ ის სამატჩო განაცხადშიც არაა.

ფლანგები

სანიოლმა რაც გიორგი გოჩოლეიშვილს დაცვაში თამაში დაუწუნა და ძირითად შემადგენლობაში კაკაბაძე დააყენა, ოთარს როგორც შეტევით, ასევე დაცვით უნარებში კარგი შეხვედრა ჰქონდა. "კრაკოვიას" კაპიტანს ახლა სასტარტო თერთმეტეულში უალტერნატივოდ ველით.

მარცხნივ ლევან შენგელიას სანაკრებო შეხვედრები მოგვეწონა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის კლუბში შემტევია და თანაც, ბოლო დროს ცოტას თამაშობს. ირაკლი აზაროვის არგამოძახება იმას მოწმობს, რომ შენგელიაზე დიდი ავანსებია გაცემული. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, იმედია, ფინალში გავალთ და როტაციის პრინციპით, ის დროს აუცილებლად მიიღებს.

რესურსი. გიორგი გოჩოლეიშვილი

შესაძლოა, გიორგის გარკვეულ ხარვეზებზე ვისაუბროთ, მაგრამ მან "ბარსელონასთანაც" დაამტკიცა, რამდენი შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის გამოცდილებას მაინც სხვა ფასი აქვს. ფრანგი სპეციალისტი გიორგის მარცხნივაც ათამაშებს და ზოჯერ აქ უკეთესადაც გამოდის; ისე კი, პირველ რიგში, კაკაბაძის ალტერნატივად უნდა მოვიაზროთ.

ცენტრი

ჩვენ მიერ წარმოდგენილ ტაქტიკურ სქემაში დაცვასთან ყველაზე ახლოს ჯაბა ჯანკავა ან ნიკა კვეკვესკირი უნდა ვიხილოთ. ჯაბას მთავარი უნარები მოგვეხსენება, ბურთის მოპოვება და მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი კარისკენ მიმავალი გზების გადაკეტვაა; კვეკვესკირს კი უფრო ბურთის კონტროლი და გრძელი პასების შესრულება ხელეწიფება. თუკი კანკავას ვიხილავთ, ამ შემთხვევაში ვილის საშუალება აქვს, ცენტრში ორი მკვეთრად შემტევი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი (მატჩისწინა პრესკონცერენციაზე მისი ყოფნა გვაფიქრებინებს, პირველივე წუთებიდან დაიწყებს) და გიორგი ჩაკვეტაძე დააყენოს. გასაგებია ბალანსიც და კონტრშეტევების დროს ჩვენი უპირატესობები, მაგრამ საშინაო არენაზე ბურთის კონტროლი და შეტევები აუცილებლად დაგვჭირდება. ამავდროულად, ძალების გადანაწილებაც მნიშვნელოვანია.

Sportall.Ge

რესურსი. გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგის ტრავმამ ბევრი დააკარგვინა, თორემ სასტარტოში აუცილებლად მოვიაზრებდით. ბოლო ტურში 90 წუთი ითამაშა, მაგრამ რამდენად იქნება მზად, ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში თავიდანვე ითამაშოს, ეს სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს. "ჯვაროსნებში" კიდევ ორი ნახევარმცველია - ჩაშლაზე მეტად ორიენტირებული ანზორ მექვაბიშვილი (ლუქსემბურგთან განაცხადში არაა) და უფრო "შემქმნელი" სანდრო ალთუნაშვილი.

შეტევა

ვილი სანიოლმა ადრე გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთად თამაში დაგვიანონსა, შემდეგ ორ ფორვარდზე გადავიდა, მაგრამ ეს ფუნქცია ხვიჩა კვარაცხელიას (შეგახსენებთ, ამ მატჩში დისკვალიფიცირებულია) დააკისრა. ვივარაუდოთ, რომ ახლა გიორგისა და ბუდუს დუეტს თავიდანვე ვიხილავთ, მაგრამ ფრანგმა მწვრთნელმა ერთხელ ისიც თქვა, გუნდს გაძლიერების რესურსი სჭირდებაო. ამიტომ, მეორე ვარიანტი ზურიკო დავითაშვილის თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშია, რაც ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში საკმაოდ წარმატებით დაიტესტა. ისე, ზურიკოს ნახევარდაცვაში თამაშიც შესაძლებელია და სათადარიგოთა შორის ყოფნაც არაა გამორიცხული (სწორედ გაძლიერების მოტივით).

რესურსი. გიორგი ქვილითაია

იმედია, საქართველოს ნაკრები გეგმის მიხედვით ითამაშებს და წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ტაქტიკური ცვლილებები აუცილებელია. გიორგი ქვილითაიას გარკვეული უნარები აქვს, თუნდაც ორთაბრძოლებში, თანაც, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ის ერთადერთი ფორვარდი იყოს.

მოუთმენლად ველით 21:00 საათს!..

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

altსანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altკიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ისტორიული შანსი გვაქვს - სავსე სტადიონი წნეხი კი არა, მოტივაცია იქნება

მკითხველის კომენტარები / 56 /
აზაროვის არ გამოძახებას ვერანაირათ ვხსნი ბიჭი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა დიდი პრაქტიკა მიიღო თანაც აქ რომ მოვიდა ნაკრები მისი წვლილიც დიდია და ისტორიულ შედეგში რომელიც აუცილებლათ დადგება მისი არყოფნა უბრალოდ უმადური ადამიანის ან ადამიანების კისერზეა.
გიორგი
19:45 19-03-2024
4
ამ რეკლამას რამე მოუხერხეთ ნუ შემაზარეთ აქ შემოსვლა
რაბუ
16:17 19-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული