ისტორია
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ დროს თურქული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შოთა და არჩილ არველაძეებმა შეიტანეს, რომლებიც "ტრაბზონში" გამორჩეულები იყვნენ და ამას იქაურებიც აღიარებენ.
შოთა და არჩილი "ტრაბზონში"
თურქებმა პლეი-ოფში პირველად 2000 წელს გააღწიეს,
რაც შეეხება პირველ წარმატებასა და 2000 წელს, პირველ ტურში იტალიელებთან (1:2) დამარცხდნენ. ინძაგისა და კონტეს გოლებს მხოლოდ ოქან ბურუქმა უპასუხა, მაგრამ ოთხეულიდან გასვლა შეძლეს. მეკარე რუშთუ რეგბერი, უმით დავალა, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, ილდირაი ბაშთურქი, ჰაქან შუქური... - ამ დროის ნაკრებში მართლაც ვარსკვლავები თამაშობდნენ.
მომდევნო წარმატება მუნდიალის ბრინჯაოდან ექვსი წლის შემდეგ მოვიდა. ფათიჰ თერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია.
ლეგენდარული რუშთუ რეგბერი
ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, თურქებმა და ჩეხებმა, ევრო 2008-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს. ჩეხები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 89-ე წუთზე კი ნიჰათ კაჰვეჩიმ საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა. არანაკლები ამბები ხდებოდა უკვე ხორვატიასთან მეოთხედფინალში. ხორვატებმა გოლი დამატებითი დროის ბოლოს, 119-ე წუთზე გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ სემიჰ შენთურქმა შეხვედრა პენალტებში გადაიყვანა, სადაც თურქებმა გაიმარჯვეს.
ურთიერთშეხვედრები
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებები პირველად ერთმანეთს 2002 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს მაშინ ძლიერების პიკი ედგათ, ცოტა ხნით ადრე მსოფლიო ჩემოიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ტრაბზონური დაპირისპირება მათი გამარჯვებით (3:0) დასრულდა. ამავე სტადიონზე უკვე ოფიციალური, მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევ შეხვედრაში ფრე (1:1) დაფიქსირდა - მალხაზ ასათიანმა 85-ე წუთზე რუშთუ ბადეში გაახვია.
საქართველო - თურქეთი 2:5
თბილისურ დაპირისპირებაში ბევრი რამ მოხდა. მეკარე აკაკი დევაძემ შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა. მოედნის დატოვება ოთარ ხიზანეიშვილსაც მოუწია. საწყის 20 წუთში ყველაფერი ეს და ანგარიში 1:3 "ჩაეტია". ალენ ჟირესის გუნდმა იბრძოლა, ალექსანდრე იაშვილმა ტაიმის ბოლოს ანგარიში შეამცირა, მაგრამ სხვა ვერაფერი შეძლო - 2:5. ამ მატჩში გოგიტა გოგუა გააძევეს. ამის შემდეგ თურქებთან ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ გავიმარჯვეთ და შემდეგ დავმარცხდით.
დღევანდელი გუნდი
ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:6) განადგურდა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვინჩენცო მონტელას ფეხბურთელებს არასტაბილურობა სჩვევიათ, თუმცა ჩვენი მეტოქეები დიდ ფორუმებზე ყოველთვის ახერხებენ, გარკვეული თამასა ეჭიროთ.
თურქეთის ნაკრები ბურთს კარგად ფლობს და ეს თითქმის ყველა მეტოქესთან გამოსდის, მაგრამ მათ თავის დაცვაც მშვენივრად შეუძლიათ. ამის საილუსტრაციოდ ერთ შეხვედრაზე გეტყვით. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქებმა სტუმრად ხორვატიას (1:0) აჯობეს. პირველ ნახევარში გაიტანეს და მეორე 45 წუთში ხორვატების შეტევების მოგერიება უწევდათ. მონტელას გუნდს მთელი ტაიმის განმავლობაში კუთხური არ ჩაუწოდებია და ბურთი 39 პროცენტით ეჭირა. ამის მიუხედავად, გატანა მაინც შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ კონტრშეტევებზეც სახიფათო გუნდია.
მონტელა ხშირად 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. როცა მინდვრის ცენტრში ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი აუცილებლად მკვეთრად ჩამშლელი სტილისაა.
ცენტრში ჩვენთან თამაშის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სალიჰ ოზჩანია, რომელიც საკუთარი გუნდის, "ბორუსიას" სტადიონზე ითამაშებს. მის გვერდით კი ჰაკან ჩალჰანოღლუ იქნება, რომელსაც "ინტერში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა ბოლო მატჩებში მოსაწონი იყო როგორც ართმევის, ასევე შექმნის ასპექტში და ბურთის გაკონტროლებასაც ახერხებდა, მაგრამ მეორე ტაიმსა და დამატებით დროში დაღლილობა აშკარად დაეტყო. ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონის ტურნირია, სადაც კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო.
თურქეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელს, ჩენგ ოზქაჩარს აქვს ჩაბარებული. მას ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
არდა გულერი "რეალში"
მართალია, მადრიდის "რეალში" ჯერჯერობით ცოტას თამაშობს, მაგრამ თურქებს ჰყავთ 19 წლის არდა გულერი, რომელსაც როგორც გატანა, ასევე მნიშვნელოვანი პასების შესრულება შეუძლია. ფორვარდის პოზიციაზეც პერსპექტიული ფეხბურთელია, ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის წევრი კენან ილდიზი...
რა თქმა უნდა, თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში მხარდაჭერა არ მოაკლდება და მნიშვნელოვანია, მის გარეშე არც ჩვენი ნაკრები იყოს. არსებობს ტერმინი "გერმანიის თურქობა" და ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულებში მილიონობით ადამიანი გადასახლდა, დორტმუნში კი მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.
თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება 18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
რომელიმე არხი აჩვენებს???