"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

AutoSharing Option
Youtub-ზე "ამბასადორი სპორტის" თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, კანკავამ კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაზე უარი თავად განაცხადა. 

"მიშა აბაიშვილის ნათლული არის ჯაბა და კარის მეზობელი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, მიშა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 17 წლის გამორჩეული ბიჭია და იქნებ გასინჯონო.

მაშინ მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო და პირდაპირ მაგასთან ვერ მივიდოდი, ამიტომ სელექციონერ თემურ
უგრეხელიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ვიცი მაგ ბიჭის შესახებო და ვურჩევ მწვრთნელსო. ასე მოხვდა კანკავა "დინამოში".

ორ თვეში "ვისლასთან" და სხვა გუნდებთან ისე მაგრად ითამაშა, ყველა მასზე საუბრობდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჯაბასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და სიყვარული მაქვს.

ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი, ზედმეტს არ იტყვის და ილაპარაკებს. კიდევ ბევრი რამე ვიცი, რაც ვაჟკაცური საქციელები გაუკეთებია. 

პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გულდაწყვეტილი იყო ნაკრებიდან წასული. ალბათ, კარიერას რომ დაასრულებს, ყველაფერს თვითონ იტყვის.

შვედეთთან თამაში, რომ იყო და არ შეიყვანეს, მერე ამხანაგურ მატჩში არ დაუძახეს... ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? - "პირველ არხზე" გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო. 

მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა. 

მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა. 

რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.

იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.

იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.

სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?

ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი. 

რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.

რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.

არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...

აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია. 

იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.

მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?

ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ჯერ ამხელა კაცი დგას და ჭორაობს და მეორე ამ ყველაფერს სტატიად აქცევს :))))
სალუქვაძეს
10:17 04-06-2024
5
ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში ასეთი საუბრები სულ მინიმუმ არაეთიკურია!
ლექსო
19:53 01-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული