ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მეც პესიმისტთა კატეგორიას განვეკუთვნებოდი, რამეთუ ჩვენი ეროვნული გუნდი არ წარმოადგენდა სერიოზულ ძალას და რაიმე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი არ გააჩნდა. ამაზე ნათლად მეტყველებდა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში დაკავებული „ასე მშობლიური მეოთხე ადგილი“. თუმცა, მოხდა ის, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა - ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა იგრძნო პასუხისმგებლობა საკუთარი
ვუყურე ნაკრების მონტენეგროსთან მატჩს და ალბათ, ცხოვრებაში ჩვენების თამაშის ცქერისას პირველად არ ვინერვიულე. აქ შედეგი არ იყო მთავარი, უმთავრესი გახლდათ ხარისხი და საბრძოლო შემართება. მოედანზე ვიხილეთ გუნდი, რომელიც გამართულად მოქმედებდა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ნამატჩევს მეტოქის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ წაგება გარკვეულწილად თავისი შეგირდების მოტივაციის ნაკლებობას დააბრალა, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა ტრავმების მიღების შიშით ჩვენი ფეხბურთელებიც ფრთხილობდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაინც დაშავდა ოთარ კიტეიშვილი და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის ეროვნული გუნდის ტრავმების ეპიდემია და ისიც, რომ პოლონელებსაც ანალოგიური პრობლემები შეექმნათ. უბრალოდ, პოდგორიცაში გამოჩნდა ის, რასაც კლასში სხვაობა ჰქვია - როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური.
ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია. უნდა დაამტკიცონ, რომ ერთა ლიგიდან გასულები ტურნირზე აუტსაიდერები სულაც არ არიან და ფეხბურთელებმა თავის წარმოჩენით ევროპირველობა საკლუბო კარიერის მოსაწყობად ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენონ, ხოლო მათი წარმატება საქართველოში ფეხბურთის განვითარებას ბიძგს მისცემს. აუცილებელია წარსულს ჩაბარდეს ის დრო, როდესაც ეროვნული გუნდი მეორეხრისხოვანი საზღვარგარეთული კლუბების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
გერმანიაში ფავორიტად რომ არავინ აღგვიქვამს, ესეც დადებითი მომენტია და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ყველას ადვილი სამი ქულის აღება აქვს დაგეგმილი და ამითაც შეიძლება ვისარგებლოთ. ბევრი რამ დეტალებზე იქნება დამოკიდებული და იმედია, მსაჯები კვლავ ობიექტურნი იქნებიან. თუ გახსოვთ, ადრე წყალქვეშა დინებებზე გავამახვილე ყურადღება და აღვნიშნე, რომ უეფა არაა საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირებზე მონაწილეობის წინააღმდეგი. პირიქითაც შეიძლება ითქვას და ამაში სფფ-ის საკმაო დამსახურებაც არის. მეტს არ ვიტყვი (ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების). კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მომავალ შესარჩევ ციკლებში კვლავ ურთულეს ჯგუფებში არ მოვხვდებით.
არ შეიძლება ხაზი არ გაესვას ვილი სანიოლის დამსახურებას, რომელმაც არატიპურად დისციპლინირებული ქართული გუნდი შექმნა, სადაც საოცარი ატმოსფერო, ურთიერთპატივისცემა და მებრძოლი სულისკვეთებაა. ფრანგი სპეციალისტი მის ხელთ არსებულ კადრებს მიზანმიმართულად, სწორი სტრატეგითა და ტაქტიკით იყენებს და საჭიროა დასრულდეს ის ხანგრძლივი პერიოდი, როცა პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დიდ ტურნირზე გასვლა წარმოუდგენელი იყო. როგორც მინიმუმ, ევროპის 24 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უკვე ნორმად უნდა იქცეს. ევრო 2024-ზე ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად კი, ფეხბურთის ფედერაცია სანიოლის დატოვებას უნდა შეეცადოს. ვილი ტურნირზე მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა, მაშინ, როდესაც, ახლახან ყაზახეთის ნაკრების თავკაცს, სტანისლავ ჩერჩესოვს, 1.2-მილიონიანი გასამრჯელო დაუნიშნეს. სანიოლმა უკეთესი კონტრაქტი დაიმსახურა და იმედი ვიქონიოთ, რომ სამუშაოდ ირლანდიაში არ გაუშვებენ, ვინაიდან ეს საქმის გაფუჭების მანიშნებელი იქნება - სანამ მისი შემცვლელი მოიძებნება, სანამ ის ვითარებაში გაერკვევა (თუ გაერკვა საერთოდ), ამასობაში დრო გავა და შესარჩევი ტურნირიც დაიწყება. ასე რომ, ამაზე ფიქრი და მოქმედება სფფ-ს ამთავითვე მართებს.
დასასრულ, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს გუნდს და ახლა გამოჩნდება, ძლიერ მეტოქეებთან რამდენად შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში, მიზნის მიღწევა და თანამემამულეების გახარება. მჯერა, ჩვენი ბიჭები ამას მოახერხებენ!
მიმომხილველი