რა (და რატომ) არ იცვლება საქართველოს ნაკრებში? - წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებზე წერა ახლა განსაკუთრებით რთულია. ვიღაცისთვის ობიექტური კრიტიკა წარმატებული გუნდის ჩასაფრებას ნიშნავს, ზოგიერთები კი ჩვენი აღიარებული ლიდერებისა და სახელოვანი ლეგიონერებისთვის "კბილის მეტად გაკვრას" ითხოვენ. სამწუხაროდ, პოლიტიზირებაც გაზრდილია. ჩვენსას ისე ვეცდებით, როგორც აქამდე, სიტუაცია ჯანსაღად და სიღრმისეულად შევაფასოთ, მეტის მტკიცებას კი არ ვაპირებთ!..

რა არ იცვლება ნაკრებში?

დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა არაერთი სტერეოტიპი, ნეგატიური სტატისტიკა თუ ფსიქოლოგიური ბარიერი დაანგრია, თუმცა ყველაფერს ერთიანად არ ეშველება. და საერთოდაც, ყველაფერს ეროვნულ გუნდში და ერთად ყოფნის ასე მოკლე დროშიც ვერ მოაგვარებ.

მაგალითად, რას ვგულისხმობთ?
ვუყურებთ დიდ ტურნირებს და ვხედავთ, სტარდარტულ/სტატიკურ მდგომარეობებს რამხელა ყურადღება ექცევა. ამას აუტსაიდერები კიდევ უფრო მეტ ენერგიას უთმობენ(ისლანდიელთა აუტები გვახსოვს). ამ კომპონენტში ჩვენ გამოკვეთილად და უკვე დიდი ხანია, მოვიკოჭლებთ. ალბანეთთანაც 11 კუთხური ჩავაწოდეთ... შეუძლებელია, პრობლემა მხოლოდ დამრტყმელში/ჩამწოდებელში იყოს. აბა, რა ხდება, პოზიციას არასწორად ვარჩევთ?! თავით თამაში გვიჭირს?! ვარჯიშებზე სათანადოდ არ ვამუშავებთ?! არსებობს სიტუაციის სწრაფად შეფასებისა და კარში დროულად დარტყმის პრობლემებიც.

კიდევ რაც არ იცვლება, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალებაა. შეუძლებელია, ამას ფსიქოლოგიურ ამბებამდე არ მივყავდეთ, რისი მოხსნაც მიღწევადია, ოღონდ, ერთხელ უნდა გავაკეთოთ, დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია!..

რას ვერ ვცვლით? გვიჭირს ინიციატივის აღება, შეტევა და თამაშის წარმართვა მაშინ, როცა თეორიულად, ამის გაკეთება გვევალება და მეტოქეც საშუალებას გვაძლევს.

რა ვერ შევცვალეთ? - თავად თამაში მის პროცესში. როცა დასახული მიზანი არ გამოგდის და ამისთვის მათ შორის ახალი ფეხბურთელების შემოყვანაცაა საჭირო.

რაც მწვრთნელთან არ იცვლება...

არ გვიყვარს, როცა წაგებული ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მოგებულზე კი ივიწყებენ. ვილი სანიოლისთვის უშუალოდაც გვითქვამს კრიტიკულიც და საქებარიც. არსებობს რაღაცები, რაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთანაც არ იცვლება.

არ ვიცით, რა იქნებოდა, სანიოლი კლუბის დამრიგებელი რომ იყოს, ნაკრებთან ერთად ყოფნისას კი მას არ აქვს სათანადო დრო, გუნდი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებთან ადაპტირებული ჰყავდეს. მან ჩამოაყალიბა სტილი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ მას მუდმივად განახლება და სრულყოფა სჭირდება. სიახლის წარუმატებლად დაწყება ისაა, რაც სანიოლს თან სდევს.

არ იცვლება ის, რომ ვილის თამაშის წაკითხვა მხოლოდ მოგვიანებით შეუძლია და პროცესში მოწინააღმდეგის მწვრთნელებთან ძალიან იჩაგრება. ხაზგასმით ვთქვათ, სულ სხვაა როცა შენი ტაქტიკური სქემა გაამართლებს, თამაში საშენოდ მიგყავს და სულ სხვაა, როცა მისი შეცვლა უსწრაფესად გჭირდება.

არ იცვლება ის, რომ ფრანგი მწვრთნელი თუმცა კი შემდეგ ითვალისწინებს, საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. ახლაც, პასუხისმგებლობა არ აიღო და ყველაფერი ისე გამოიყვანა, თვითონ სწორად რომ ჩაიფიქრა და ბიჭებმა ვერ შეასრულეს. ან როგორ უნდა შეესრულებინათ, ფუნქციები და ზონები გადანაწილებული არ იყო და სასტარტო შემადგენლობა იმას ჰგავდა, თამაშის გადასარჩენად ბოლო წუთებში ქაოტურად რომ მოქმედებ.

Sportall.Ge

წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს და ეს არა მარტო მწვრთნელს, ყველას ეხება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ცვლილებები გვინდაო, კი, მართალია, მაგრამ აქამდე არსად გვითქვამს, "ერთა ლიგას" მის მოსამზადებლად გამოვიყენებთო. ანაც, თუ მაგას გეგმავ, თუ არა ახლა, როდის უნდა გამოსცადო ნახევარმცველები, რომლებზედაც ცოტა ხნის წინ გვითხარი, კონკურენტუნარიანი არიანო და როდისღა უნდა მიეცეს დრო "ემპოლის" მცველ საბა გოგლიჩიძეს, რომელიც არც ახალგაზრდულს დაუთმე...

რა არ იცვლება ჩვენში...

რა თქმა უნდა, ნოსტალგია გვაქვს იმ ფეხბურთის, რაც ქართულად ასოცირდებოდა და რითაც დიდი წარმატებისთვის მიგვიღწევია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

როგორც დავინახეთ, "მცველის გარეშე" თამაში და სულ შეტევაზე ფიქრი ჯერ მაინც არ უნდა მივითხოვოთ. გასაგებია, ცალკეული ფეხბურთელების პროგრესი ცოტას გვატყუებს, სიმართლე კი სხვაგანაა, სადღაც "იქ". "სიმართლე" მოძრავ ნახევარდაცვაშია; ისეთ ფლანგებშია, შეტევასა და დაცვას ერთნაირი წარმატებით რომ ახერხებენ; ერთმანეთის დაზღვევასა და თავისუფალი სივრცეების ათვისებაშია, მეტ ართმევაში და ორთაბრძოლის მოგებაშია...

ვიტყვით, დავუბრუნდეთ არჩეულ კურსსო, მაგრამ მოწინააღმდეგეებმაც რომ შეგვისწავლეს?! რომ ცდილობენ, შეცდომაზე თავი არ "დაგვაჭერინონ"?!

დამაინც, ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ორპოლუსიანმა აზროვნებამ არ უნდა მოგვიცვას. უბრალოდ მხოლოდ ქებით არაფერი გამოვა და ეს ყველამ, ყველამ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ!..

altისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით

მკითხველის კომენტარები / 66 /
კაით რა, აცალეთ ამ კაცსაც და ბიჭებსაც ისიამოვნონ ფეხბურთის თამაშით და დარწმუნებული იყავით, ჩვენც გვასიამოვნებენ მალე მაღალი მიღწევებით! არ არის საჭირო ზედმეტი ზეწოლა, ნაკრების სტატუსზე დიდი რა ზეწოლა უნდა იყოს საჭირო მე არ ვიცი! ტაკ ჩტო, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ უნდა მივყვეთ მწვრთნელს და ბიჭებს, აი, მომავალი სეზონიდან, თუ ვნახავთ, რომ იმავე პრობლემების წინაშე ვრჩებით, მერე უკვე შეგვიძლია თავს კრიტიკის უფლება მივცეთ! ასე ვფიქრობ მე...
Guriec
23:38 13-11-2024
0
კაშიაზე უკეთესი დღესდღეობით ვინ გვყავს ,ისე კი პერსპექტიული ახალგაზრდებიც უნდა გამოსცადონ სანამ კაშიასთანა ცენტრი გვყავს და უფრო გრძელ პასებზე იმუშაოს დაცვამაც და ნახევარ დაცვამაც .ყველაფრის თავი და თავი არის გრძელი პასები ,აბა ბურთიანად თუ მიუყვან მეტოქეს გეგონება თავისი 2 არ ყოფნიდეს თავდასხმას
გიორგი
21:15 16-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული