კიევის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ხლუსმა sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა.
- ჩეხეთთან ჩვენს თამაშზე სათქმელიც არაფერია... მოლოდინი იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში ვნახეთ. ჩემი აზრით, უკრაინა მეტოქეს შემსრულებლების ინდივიდუალური ოსტატობით სჯობდა. თუმცა, ნანახმა იმედგაცრუებული დამტოვა. ვერ ვიხილე აგრესია, რომელიც საქართველოსთან დაპირისპირებაში გვქონდა. შესაძლოა, გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს ძალა ნაკლებად ჰქონდათ. ჩეხებმა უბრალოდ გვაჯობეს, გადაგვირბინეს. მითხარით, როგორ შეიძლება მოიგო მომენტებისა და კარში დარტყმის გარეშე? ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისა და
უკრაინის მოქალაქისათვის, ეს შედეგი შეიძლება ღირსეულად ჩაითვალოს. თუმცა, რაც მოედანზე დავინახეთ, ყველას იმედები გაგვიცრუა.
- განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათ ნოემბერში საქართველოში თამაში უწევთ, რომელმაც საკუთარ კედლებში ალნანეთთან დამარცხება მოახერხა.
- მოდით, დავასწროთ მოვლენებს და ვიწინასწარმეტყველოთ, რა შეიძლება მოხდეს ჩვენი ეროვნული გუნდის მომავალ ორ შეხვედრაში. ორივე გასვლა გვაქვს, საქართველოსთან და ალბანეთთან. აი, მითხარით, გთხოვთ, ქართველებს ზედიზედ ორი წაგების, მით უმეტეს სახლში ალბანეთთან დამარცხების შემდეგ, აქვთ წაგების უფლება? საქართველოსა და ალბანეთის მატჩს თავიდან ბოლომდე ვუყურე, ამიტომ შემიძლია ვთქვა, მასპინძლების წაგება დაუმსახურებელი იყო.
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ქართველები მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმში კი ინიციატივას სრულად დაეუფლენ. ბურთის ფლობა სადღაც 70-30-ზე მათ სასარგებლოდ იყო. ვილი სანიოლის გუნდს ხელსაყრელი მომენტები ჰქონდა, გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სასწაული მოხდა და საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადეს. უკრაინის ნაკრებს მოუწევს ამ გუნდთან თამაში, რომელმაც ჩვენთან პირველი დაპირისპირება დათმო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი გრძნობებითა და განწყობით გველოდებიან ქართველები თბილისში. იგივე შემიძლია ვთქვა ალბანეთზე. ისინი ტირანაში დასკვნით მატჩში მოგებას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგად, შეიძლება ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ და ვთქვათ, ფარერებთან ვითამაშოთ. ასე რომ, თუ გავვარდებით, "ბედნიერი" მომავალი წელი გვექნება, რადგან ისეთ გუნდებთან მოხვდებით, რომლებთანაც ხუთი ფეხბურთელითაც შეგვეძლება თამაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი ერთა ლიგის ფინალურ მატჩებთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშოა. უარეს სცენარს ჩვენი ნაკრებისთვის ვერც მოიგონებ.
- ნუთუ კარგის იმედი არ გაქვთ?
- გასაგებია, გარემოებათა დადებითად განვითარების შემთხვევაში ჩვენს გუნდს პირველი ადგილის დაკავებაც კი ძალუძს. ამისათვის ორივე მეტოქისთვის სილის გაწვნა დაგვჭირდება. თუმცა, 10 ქულაც რომ მოვიპოვოთ, პირველ ადგილზე გასვლა რთული იქნება. კონკურენტები ერთმანეთთან შეხვედრებში ნულ ქულებს ხომ ვერ ჩაიწერენ, ასე არ არის? ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი სამწუხაროდაა. არადა, შემსრულებელთა შერჩევით უკრაინის ნაკრებმა ყველაზე მაღალი მოლოდინი გაგვიჩინა, მაგრამ, ვთქვათ, იმავე საქართველოსთან, დიახ, 1:0 მოვიგეთ, თუმცა თამაშით ქართველებმა გვაჯობეს.
- მთლიანობაში ერთა ლიგამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ამ ტურნირზე ამჟამინდელი მოვლენებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ერთა ლიგა იმდენად საინტერესოა, რომ ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის პროგნოზირება ძალიან ძნელია. დღეს სატურნირო ცხრილში შეიძლება პირველი იყო, ხვალ - უკანასკნელი. უკვე არაერთხელ ვიყავით არაპროგნოზირებადი შედეგების მომსწრენი, როდესაც აშკარად სუსტმა გუნდმა ფავორიტს ქულები დააკარგვინა.