ბუნდესლიგა, ჰოლანდია თუ ესპანეთი - საით წავა გიორგი არაბიძე

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. "შახტარის" აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა ხორხე რაფომ 19 წლის შემტევის პირველ გუნდში დაწინაურების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დონეცკური გუნდიდან მიდის და დღემდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

არაბიძით მოსკოვის "ლოკომოტივის" დაინტერესების შესახებ გულშემატკივარმა "ლელოდან" შეიტყო, მაგრამ გიორგიმ რუსეთში გადასვლა არ ისურვა. ახლახან კი უკრაინული ინტერნეტგამოცემა "სპორტანალიტიკი" ამტკიდებდა, თითქოს, საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას ლვოვის "კარპატიში" გააგრძელებდა. ამაზე არაბიძეს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა - რა თქმა უნდა, იქ არ
გადავდივარო!..

შეგახსენებთ, რომ უეფამ არაბიძე საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის "10 აღმოჩენას" შორის დაასახელა. ასეთი სტატუსის მქონე მოთამაშეებზე სელექციონერები უმალვე აქტიურდებიან.

დავინტერესდით და დავუკავშირდით მენეჯერ მიხეილ მეტრეველს, რომელიც არაბიძესთან დაახლოებული პირია.

"გიორგი ამჟამად "შახტარში" ვარჯიშობს. რუსული კლუბების გარდა, მის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ გერმანიის ბუნდესლიგის, ჰოლანდიისა და ესპანეთის კლუბები. წესით, საკითხი სექტემბრის დასაწყისამდე უნდა გადაწყდეს.

დაახლოებით ვიცი, რომელია უფრო რეალური ვარიანტი, მაგრამ გუნდის დასახელებას არ ვიჩქარებ. ჯერ მაინც რთულია იმის თქმა, რა და როგორ იქნება და რა შეიძლება მოლაპარაკებისას შეიცვალოს.

მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ "კარპატიში" იჯარით გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია. თუ გიორგი უკრაინაში დარჩება, მხოლოდ "შახტარში" ითამაშებს", - ამბობს მეტრეველი.

მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებზეც ვკითხეთ:

"ყველაზე მეტად გიორგი ჩაკვეტაძე მომეწონა. მას აქვს შანსი, კარგ ევროპულ კლუბში გადავიდეს. უბრალოდ, არ ვიცი, როგორი ხასიათის ბიჭია - ხომ არ აქვს "ვარსკვლავური ავადმყოფობა"? უყვარს თუ არა ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა?.. მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი სჭირს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს, საამისო თვისებებით ღმერთმა ნამდვილად დააჯილდოვა.

ძალიან მომეწონა გიორგი კუციაც. ათლეტურობა სჭირდება და შრომა, თორემ სხვა საჭირო მონაცემები ნამდვილად აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბოლოს ყაზახეთში არ აღმოჩნდეს ესეც...
ფეოლა
14:51 10-08-2017
1
ბოლოს ურალში აღმოჩნდება ...
data
14:54 10-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული