საბა ლობჟანიძე: ჩემს სათქმელს ვიტყვი!..

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძე ივნისში თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა - 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დანიის სუპერლიგის "რანდერსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურა მოირგო. "ცეცხლოვანი ქართველი", როგორც ლობჟანიძე დანიაში გადასვლისას მონათლეს, "რანდერსს" ნელ-ნელა ეგუება. იქაურ სუპერლიგაში მან 6 მატჩი ჩაატარა: 2 - ძირითადში, 4 - შეცვლაზე.

ვლადიმირ ვაისმა ლობჟანიძე უახლოესი სანაკრებო შეხვედრებისთვის არ გამოიძახა, მაგრამ იმ 9 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომელსაც ნაკრების რეზერვად განიხილავს.

ლობჟანიძეს დანიაში დავუკავშირდით და ახალ კლუბთან ადაპტაციაზე, იმედებსა და სხვა თემებზე ველაპარაკეთ:

- როგორ შეეწყვეთ "რანდერსს"?
- ყველაფერი ძალიან
კარგად მიდის. როგორც იცით, ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბია და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო მჭირდებოდა. თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის და დარწმუნებული ვარ, წინ წარმატებული თამაშები მელის.

- ადაპტაციის პერიოდში ყველაზე რთული რა იყო?
- ყველაზე რთული იყო განსხვავებულ სტილთან შეგუება. დანიაში ათლეტური ფეხბურთი უყვართ და ძალიან ბევრი ორთაბრძოლაა. ამისთვის მზად უნდა იყო და ბევრსაც ვმუშაობ.

- ამ კუთხით პრობლემები გაქვთ?
- მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში რაღაც მაკლია. რაც შეეხება სათამაშო დისციპლინას, ამ მხრივ არ მიჭირს.

- არადა, ქართველი ფეხბურთელებისთვის უცხოეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა...
- მესმის, მაგრამ ბოლო პერიოდში ორი ისეთი მწვრთნელი მყავდა, ვგულისხმობ სოსო ფრუიძესა და კახა კაჭარავას, რომლებიც სათამაშო დისციპლინას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. საქართველოში რომ შევეგუე, აქაც გამიადვილდა.

- ქართველ ფეხბურთელებს ბევრ ცნობილ ლიგაში წარმატებით უთამაშიათ, მათ შორის - ტოპლიგებში, მაგრამ დღეს ამით ვეღარ დავიკვეხნით. რაშია მთავარი პრობლემა - უცხო ფეხბურთი, მენტალიტეტი თუ სხვა რამ?
- ალბათ, ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგალითად, ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დანია ყველასთვის წარუმატებელია. ყველა ერთნაირი ფეხბურთელი არ არის და მიმაჩნია, რომ ყველას ერთად ვერ განვსჯით.

- ზოგადად გეკითხებით, თორემ გიორგი ფოფხაძეს, დავით დევდარიანსა და მათე ვაწაძეს დანიაში წარმატებული სეზონები ჰქონდათ...
- კარგია თუ არა პირადად ჩემთვის დანია, ამას დრო გვიჩვენებს. "რანდერსში" დიდი იმედებით ჩამოვედი. აქ პერსპექტივას ვხედავ და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მთავარია, სწორი გზით მივდივარ და მიმაჩნია, რომ ჩემს სათქმელს ვიტყვი.

- ...თუმცა ამჟამად "რანდერსს" კარგი დღე არ უდგას...
- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ გრძელი ჩემპიონატია, ყველაფერი წინ გვაქვს და იმედია, მალე წარმატებული პერიოდიც დაგვიდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ რიგში წარმატებას გისურვებ ბ-ნო საბა. არ ვიცი ახლა ამ კომენტარს წაიკითხავ, თუ არა, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მე პირადად აქ, ე-ლიგაში კიდევ ერთი წლით დავრჩებო(შენს ადგილას, რომ ვყოფილიყავი). მინდა, რომ არა მარტო ფიზიკური ვარჯიშით(რაც, ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ გონებრივადაც იყოთ მომზადებულები. უყურეთ ბევრ ვიდეოებს ტაქტიკის შესახებ.. არ დაიზაროთ და იკითხოთ წიგნები :)
(აბა, თქვენ იცით
George²
16:15 26-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული