"ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთო, ნაკრებში მოხვედრა რომ დავიმსახურო"

AutoSharing Option
23 წლის ბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატში დუბლი მიითვალა. მისი "ბალმაზივაროში" "მეზოკოვეშდის" დაუზავდა - 2:2. ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა. ის მხოლოდ საგოლე დარტყმებისას არ ყოფილა გამორჩეული. ამიტომაც იყო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

- ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO

"ლელო" არაბულს უნგრეთში შეეხმიანა...

- გილოცავთ პირველ დუბლს უნგრეთის ჩემპიონატში! მოდი, გაიხსენეთ თქვენთვის გამორჩეული მატჩი "მეზოკოვეშდისთან"...
- პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის! თავად თამაშს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო გოლები, მაგრამ ყველას მაინც დაგვწყდა
გული - მოსაგები თამაში გვქონდა, მაგრამ... ვერ მოვიგეთ. არადა, უშუალო კონკურენტს ვეთამაშებოდით. თან ერთგვარად დერბიც იყო. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დავჯერდით.

- გარედან ისე ჩანს, რომ გუნდშიც და უნგრეთის ჩემპიონატშიც ადაპტაცია უკვე გაიარეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- კი, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანი არც დამჭირვებია ამისთვის. ფსიქოლოგიურად ბოლომდე ვიყავი მომზადებული, როცა აქ ჩამოვედი და სათამაშო ფორმაც, როგორც იტყვიან, აკრეფილი მქონდა. თან ბოლოს ისეთ კლუბებში ("სამტრედია", "დინამო" - ავტ) მომიწია თამაშმა, ისეთ მწვრთნელებთან ვმუშაობდი, დიდი შეგუება არც დამჭირვებია ევროპულ სათამაშო სისტემასთან.

- საინტერესოა, რამდენად დიდია კონკურენცია გუნდში თქვენს პოზიციაზე?
- არის კონკურენცია, მაგრამ, ზოგადად რომ ვთქვათ, კარგი ფორვარდები არიან გუნდში. თამაშის ხარისხი რომ აიღო, აქაც პოზიტივია. ეგ არის, ბოლო თამაშებში ცოტა არ გვიმართლებს. იმედია, უიღბლობის პერიოდი ჩაივლის.

- ზოგადად, როგორია თქვენი თვალით დანახული უნგრეთის ჩემპიონატი?
- საკმაოდ ძალისმიერი თამაშებია, ძალიან ბევრს მოძრაობენ ფეხბურთელები, ალბათ, როგორც - ყველგან. ვფიქრობ, ჩემი კარიერული წინსვლისთვის ძალიან კარგ ადგილას მოვხვდი.

- ამ დროისთვის "ბალმაზივაროში" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. რითია ეს გამოწვეული?
- ჩემი აზრით, სიძლიერის მიხედვით რომ ავიღოთ, გუნდი მინიმუმ ცხრილის შუაში უნდა იყოს. სადაცაა პირველი წრე დამთავრდება, სამი ტური დარჩა და რაც წავაგეთ, თითქმის ყველა მატჩი ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაგვემთავრებინა. ეგ არის, ზემოთაც ვთქვი, რომ არ გვიმართლებდა. მჯერა, გამოსწორდება ყველაფერი.

- საინტერესოა, გამოკვეთილ თავდამსხმელად გათამაშებთ მწვრთნელი, თუ ფორვარდის უკან?
- გამოკვეთილი თავდამსხმელი ვარ და ამ პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. დაახლოებით ისე ვთამაშობ, როგორც - კახა კაჭარავასთან თბილისის "დინამოში". ძალიან მომწონს ეს პოზიცია და ისიც, რასაც მწვრთნელი მავალებს. მიხარია, რომ მწვრთნელშიც გამიმართლა. ფერენც ჰორვატი სახელოვანი ფორვარდი იყო და ჩემს პლუსებსაც უფრო კარგად ხედავს. მიმაჩნია, რომ ზოგადად მიმართლებს მწვრთნელებში. მარტო პერიოდი რომ ავიღოთ, გია გეგუჩაძესთან, გია ცეცაძესა და კახა კაჭარავასთან ვიმუშავე. ეს პატარა ამბავი არ არის...

- ბოლოს კი შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები...
- ზოგადად რომ ვთქვათ, ნაკრები კარგად თამაშობს. ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს რომელმა ნაკრებმა გვაჯობა მაგრად. თუმცა, ისიცაა, რომ ფეხბურთში მთავარი შედეგია და თუ ის არ გაქვს, არავინ იტყვის, რომ საქმე კარგად არის. მიმაჩნია, რომ ბოლო ორ მატჩში შედეგიც ნორმალური იყო და თამაშის ხარისხიც. თანაც, რამდენიმე ლიდერი გვაკლდა.

- ბევრის აზრით, თქვენც იმსახურებდით საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებისთვის. მით უმეტეს, იმ საკადრო პრობლემების ფონზე, რაც ნაკრებს წინა ხაზში ჰქონდა. თქვენ თუ იყავით ბოლომდე მზად?
- რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც ვიქნებოდი, მაგრამ... მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ და რისთვის სჭირდება. ასე რომ, მის არჩევანს ერთმნიშვნელოვნად პატივს ვცემ.

ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთო, ნაკრებში მოხვედრა რომ დავიმსახურო. მჯერა, თუ ასე გავაგრძელებ, ოქტომბრის მატჩებისთვის სიაში მეც მოვხვდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უნგრეთის ნაკრები 56-ე ადგილზეა რეიტინგში, ჯორჯია 112-ზე. გამოდის უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს და არაბულის არჩევანიც სწორი ყოფილა
ჯორჯია
22:30 13-09-2017
0
eri ertze unda iscavlo gatana
!!!!
16:06 13-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული