რატომ დაუმალა ზაქარია ბეგლარიშვილმა ტრავმა საქართველოს ნაკრების ექიმს?

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ბეგლარიშვილს ესტონეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...

- ესტონურ მედიაში გავრცელებულ სიახლეზე რა კომენტარს გააკეთებთ?
- რეალური ისაა, რომ ნატურალიზაციის პროცედურის დაწყებას ვაპირებ, ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი კი მართლაც არის ჩემით დაინტერესებული. ის ამბობს, რომ ესტონეთში ტექნიკური და შემოქმედებითი ფეხბურთელების დეფიციტია. ასეთი იყო ვასილიევი, რომელიც 33 წლისაა და, ეტყობა, მის შემცვლელად მომიაზრებენ. ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი რამდენჯერმე ვნახე და მკითხა, საქართველოს ნაკრებში თუ მიწვევდნენ. ადრე ვეუბნებოდი, რომ იმედი მქონდა. მაგრამ
მივხვდი, ეს ილუზიაა და ბოლოს პირდაპირ მკითხა - როდის მიიღებ ესტონეთის მოქალაქეობასო?

- ესტონეთს იოლად შეეწყვე...
- ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ასეა. ჩემპიონატში სიმბოლური ნაკრები 6-ჯერ დაასახელეს და 5-ჯერ მოვხვდი. ასეთი შედეგი მხოლოდ ერთ ესტონელს აქვს. პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. პრიზები აქამდეც მიმიღია, მაგრამ წელს აშკარად საუკეთესო ფორმაში ვარ.

- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშეთ და ისიც კახა ცხადაძის დროს - სწორედ ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში...
- კახა ცხადაძემ რომ გამომიძახა, წელის ტკივილის გამო "ფლორაში" ვერ ვვარჯიშობდი. გუნდის ექიმს ტკივილგამაყუჩებელი ვთხოვე - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ოცნება იყო და ამის გამო ნაკრების ექიმს ტრავმა დავუმალე. შემეშინდა, პირველივე შეკრებაზე რომ მეთქვა, წელი მტკივაო, იქნებ, არასწორად გაეგოთ...

- დააახლოებით როდის უნდა ველოდოთ ესტონეთის ნაკრებში თქვენს თამაშს?
- ეს ჯერ არ ვიცი. მანამდე, ამ ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მივიღო.

- ამისთვის ესტონური ენა უნდა იცოდეთ, ხომ ასეა?
- დიახ, ასეა, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, ესტონური საკმაოდ კარგად ვიცი.

- ანუ პასპორტის მისაღებად ენის გამოცდას ჩააბარებთ?
- რა თქმა უნდა, ამის გარეშე პასპორტის მიღება წარმოუდგენელია, მე კი არა, მესის არ მისცემენ.

- ესტონეთის ნაკრებსა და ჩემპიონატზე რას იტყვით?
- მაღალი დონის ჩემპიონატი არ არის, მაგრამ ევროპალიგის პლეი ოფში გასულ სლოვენიურ "დომჟალეს", რომელმაც "ფრაიბურგი" გამოაგდო, საკმაოდ ღირსეულად ვეთამაშეთ. სხვათა შორის, ტალინში საპასუხო შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე მე გავხსენი - დაახლოებით, 35 მეტრიდან გავიტანე და მეორე გოლიც ჩემს წამოწყებულ შეტევას მოჰყვა.

იცით, მომავალ წელს "ფლორას" სტადიონ "ლე კოკ არენაზე" ევროპის სუპერთასის მატჩი რომ გაიმართება? 10-ათასიანი იყო და სუპერთასის გამო ტევადობა 15 ათასამდე გაზარდეს. ძალიან მინდა, "რეალი" ჩამოვიდეს და მოიგოს.

- ესტონურ ფეხბურთში როგორი პირობებია? ფორუმებზე წერდნენ, თითქოს, ესტონეთის ნაკრებში თამაში ფულის გამო გადაწყვიტეთ...
- ამას სერიოზულად მეკითხებით? "ფლორაში" ძალიან დაბალი ხელფასებია, მაქსიმუმ, 3 500 ევრო. სასაცილოა, რომელ ფინანსურ დაინტერესებაზეა ლაპარაკი. საქართველოს ნაკრებში არ მიწვევენ და ამიტომ დავთანხმდი - ფეხბურთელისთვის სანაკრებო დონეზე თამაში სხვა სტიმულია და ამის შეგრძნება მინდა. 20 წლიდან ესტონეთში ვარ და, ფაქტობრივად, "ფლორაში" გავიზარდე.

- ამ პერიოდში უფრო ძლიერ ევროპულ ლიგაში თამაშის შანსი არ გქონიათ?
- გუნდს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ევროპალიგაზე "დომჟალესთან" მატჩის შემდეგ წინადადება ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბიდან მქონდა. ვერ წავედი. ესტონეთის პასპორტით კი ეს ტრანსფერი უპრობლემოდ განხორციელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად არ უნდა ეხვეწოს! ჩვენთან ეტყობა ფხბურთის განვითარების კოსმიური ხედვა აქვთ და ჰქონდეთ. საქართველოზე უკეთეს ნაკრებებს შეხვდებიან ესტონელები და იქ გამოიჩენს თავს. წარმატებებს ვუსურვებ !
მმმ
18:48 17-09-2017
0
Carmatebebi da mokalakeoba minda gisurvo. Tu mat nakrebs gamoadgebi imas mainc ityvian naturalizebuli qartveliao. Shen xar magari kaci da ara isini vinc evropashi mosaparad midis
ROMA
12:35 18-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული