[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა. დაბრუნდა ისე, როგორც ბრუნდებიან გამორჩეული ფეხბურთელები. კარგი თამაშით და გოლით.

- ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებისა და ზოგადად,  ჩვენი ფეხბურთისათვის ეს გამორჩეული და კარგი ამბავია. გადასატანი დაგვრჩა ორი სანაკრებო ომი. ტრადიციულად, ერთხელ მაინც უნდა გავისროლოთ შესარჩევში, უნდა ვცადოთ და თუნდაც უელსს მოვუგოთ შინ...

მერე კი დაიწყება ახალი გამოწვევები, უეფასგან ბოძებული ახალი და ძალიან რეალური შანსით, სადაც საქართველოს ნაკრებს აუცილებლად დასჭირდება ლიდერი და ეს
ლიდერი, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა იყოს სწორედ თორნიკე ოქრიაშვილი.

დღეს ლიდერი ფეხბურთში შედარებით პირობითი ცნება გახდა. მარტო თამაშებს ვერავინ იგებს, მათ შორის, ვერც ლიონელ მესი, მაგრამ ყველა გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ სიტუაციაში წინ გაუძღვება თანაგუნდელებს. დღეს საქართველოს ნაკრებში ასეთი მოთამაშე ბევრი არ არის და ორი აზრი არაა - თორნიკე ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.

თორნიკე ოქრიაშვილს ბევრი შეუძლია მინდორზე. შეუძლია ისეთების კეთება, რაც მხოლოდ გამორჩეული ინდივიდუალისტების ხვედრია. ის მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში არ იბნევიან და ფეხები არ უკანკალებთ.

მას შეუძლია განსაკუთრებული ეპიზოდების შექმნა და განსაკუთრებული გოლების გატანა - საქართველოს ნაკრების უახლესი ისტორია ამის ცოცხალი მაგალითია. კლასით გამორჩეული, საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაზე "თავხედი", ჟინიანი და მარცხს შეუგუებელი - ასეთია საქართველოს ნაკრებისათვის თორნიკე ოქრიაშვილი და, ალბათ, ასეთადვე დარჩება ის კარიერის ბოლომდე.

დღეს საუკეთესო და ყველაზე დიდი გაქანების ქართველი ფეხბურთელი რუსულ "კრასნოდარში" თამაშობს. თორნიკე იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, ნაკრებში უკეთ რომ თამაშობენ, ვიდრე კლუბში, თუმცა მე მაინც მჯერა: დღეს ქართული ფეხბურთის ავტორიტეტი არნახულად რომ არ იყოს დაცემული, თორნიკე აუცილებლად ითამაშებდა ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში.

აქ არ არის ლაპარაკი მაინცდამაინც ტოპ-კლუბზე. იმდენი საშუალო, არაფრით გამორჩეული მოთამაშე ირჯება ტოპ-ჩემპიონატებში, რომ მართლაც დასანანია - ოქრიაშვილის ნიჭი და უნარი რუსულ "კრასნოდარში" - კარგ, შემტევ, მაგრამ რუსული მასშტაბებითაც კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კლუბში იხარჯებოდეს.

ყველაზე მეტად ერთის მეშინია: არ მიიჩნიოს თორნიკე ოქრიაშვილმა, რომ ეს მისი მაქსიმუმია და მისი კარიერა შედგა. რა თქმა უნდა, მას აქვს კარგი და სტაბილური ხელფასი, თამაშობს ინტერნაციონალურ და მყარ საფუძველზე მდგარ კლუბში, ხელმძღვანელობის დიდი ყურადღება და მზრუნველობა არ აკლია, მაგრამ ეს მაინც ის ადგილია, სადაც კაცი ძნელად თუ შეიგრძნობს ნამდვილი ფეხბურთის სურნელს.
თორნიკემ უკვე ბევრი გადაიტანა საკლუბო კარიერაში. მან უკვე ნახა ნამდვილი ევროპა, წარუმატებლად ნახა. ამას, უპირველეს ყოვლისა, მის ასაკსა და ხასიათს ვაბრალებ.

ახლა თორნიკე ოქრიაშვილი აღარ არის პატარა ბიჭი. წესით, მან უნდა იცოდეს, რომ საფეხბურთო კარიერა ძალიან ცოტა ხანს გრძელდება და, პირობითად რომ ვთქვათ, იმ ათ წელიწადში, ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

მე ასე მგონია: თუ მოხდა თორნიკეს მეორედ დაბრუნება ევროპაში, ის ბოლომდე მზად იქნება ამ დიდი გამოწვევისათვის და ითამაშებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. და თუ საქართველოს ნაკრები, ბოლოს და ბოლოს, მოხვდება რომელიმე დიდ ტურნირზე, ოქრიაშვილს გზა ხსნილი ექნება ევროპული გრანდის თუ არა, საშუალოზე მაღალი დონის გუნდისკენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ მატჩებს, თორნიკე პირნათელია ქართველ ქომაგთან. ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ სანაკრებო შეხვედრას, რომელშიც ოქრიაშვილს თავი ოდნავ მაინც დაეზოგოს. შესაძლოა, თამაში არ წასვლია, დაღლილა, მაგრამ არ დამდგარა და ფეხებს არ გაფრთხილებია. ეს უკვე ძალიან კარგია. ის საქართველოს ნაკრების ყველა მატჩზე ისე გადის, როგორც ნამდვილი გლადიატორი. მასში ძალიან დიდია მოვალეობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და გულშემატკივრის წინაშე და ეს არის ის მყარი საფუძველი, რაზეც ოქრიაშვილის წარმატებული საკლუბო კარიერა უნდა დაშენდეს. წარმატებული საკლუბო კარიერა კი აუცილებელია იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებში კიდევ უფრო კარგად იყოს რეალიზებული.

ძალიან, ძალიან არ მინდა, რომ თორნიკე ბოლომდე შერჩეს რუსეთს თავისი საფეხბურთო ნიჭითა და განსაკუთრებული რაღაცების კეთების უნარით. რუსეთის ჩემპიონატი მაინც პერიფერიული პირველობაა და იქ ჩადენილი გმირობები და სასწაულები მაინც ლოკალურ დონეზე რჩება.

მაგალითად, მსოფლიოში მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია ოქრიაშვილის მიერ გატანილ სრულიად ფანტასტიკურ გოლს. მჯერა - სხვა ქვეყანასა და სხვა რეალობაში ასეთი გოლი რომ გაეტანა თორნიკეს, პრესისა და სპეციალისტების აბსოლუტურად სხვა რეაქციას ვიხილავდით. და დღეს თორნიკე უფრო ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელი იქნებოდა, ვიდრე არის.

ფეხბურთშიც ასეა და ცხოვრებაშიც: საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე. მე არ მინდა, რომ თორნიკემ დააგვიანოს. ალბათ, ეს არავის უნდა. მომავლისა მომავალმა იკითხოს, დღეს კი გავიხაროთ: ჩვენი ოქრი გოლით დაბრუნდა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი მარტო ვერასოდეს იგებდა.იგებდა და იგებს მხოლოდ ერთი მაგარი კაცი კრისტიანო რონალდო
თემო
23:31 20-09-2017
6
ოქრი იმედია ამ სმს და საერთოდ ხალხის აზრს ასე თუ ისე ყურადღებას აქცევ მეორეც იმედია წაიკითხავ შენი ტრამვა ძალიან მეწყინა იმედია მალე მოხვალ ფორმაში ლიდერი ხარ და უნდა იყო შენი ფანი ვარ შეგხვდები ალბათ, და პირადადაც გაგიცნობ!!!აბა შენ იცი ნაკრებს და ქართველ ხალხს გვჭირდები...
ზურიკო
15:55 20-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული