დავით სხირტლაძე: გულდასაწყვეტია, ნაკრების ბირთვში თუ აღარ მოვიაზრები...

AutoSharing Option
"სილკებორგი" თასის შემდგომ ეტაპზე ქართველებმა გაიყვანეს - მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ დანიის თასის 1/32 ფინალში თავი 3 გოლით გამოიჩინეს. საბოლოოდ, მესამე დივიზიონის "კიელერუპთან" გასვლით მატჩში ქართველების გუნდმა 6:0 მოიგო. ვაწაძემ დუბლი სხირტლაძის პასებით შეასრულა, ერთი გოლიც თავად სხირტლაძემ შეაგდო, როცა მეკარეს ბურთი ეფექტურად გადაუგდო თავზე.

საერთოდ, ქართველები ერთმანეთს რომ თვალდახუჭულები უგებდნენ, ეს მატჩის ვიდეომიმოხილვიდანაც ჩანდა. სხირტლაძეს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ კარის წინ ვაწაძე მოძებნა და გაატანინა. ასევე იყო მეორე გოლის ეპიზოდშიც - მათე მცველებს გასცდა და ზუსტად დაარტყა.

შეიძლება
ითქვას, რომ ქართველებმა აათამაშეს. სხირტლაძემ "ლელოსთან" ეს თავად თქვა. მას დანიაში დავუკავშირდით...

- სანამ ცალ-ცალკე თამაშობდით, ერთი ხანობა, თქვენც ჩრდილში იყავით და ვაწაძეც. ახლა კი ორივე ათამაშდით და ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ერთმანეთიც ათამაშეთ...
- მიხარია, მათე "სილკებორგში" რომ ჩამოვიდა. მასთან ერთად თამაში მსიამოვნებს. კარგი თავდამსხმელიც არის და კარგი ადამიანიც. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დანიური ფეხბურთი თავისებურია, გამორჩეული სპეციფიკა და სტილი აქვს. დიდი ხანია, რაც აქ ვთამაშობ და მას ალღო ავუღე. მაგრამ მათეს ჩამოსვლა მაინც ძალიან გამიხარდა. თავი დავანებოთ იმას, რომ ხუთი წელი "ორჰუსში" ერთად ვთამაშობდით. ჩვენ ერთი საფეხბურთო სკოლის გაზრდილები ვართ, დაახლოებით მსგავსი სათამაშო აზროვნებაც გაგვაჩნია და ამიტომ ერთმანეთს ვუგებთ.

- შეგიძლია თქვა, რომ უსიტყვოთ უგებ და წინასწარ იცით, სად გაიხსნება?
- დიახ, ასეა. მათე გრძნობს, მე რას ვაპირებ, დარტყმას თუ ბურთის მიწოდებას. მე კი ზუსტად ვიცი, ის სად გაიხსნება და მცველს როგორ გაექცევა. ფაქტია, რომ ერთმანეთს თამაშს ვუადვილებთ. ერთმანეთს მოედნის მიღმაც იოლად ვუგებთ. დანიაში კარგი ხალხია, აქ გავშინაურდი, მაგრამ შენიანის გვერდით თამაში მაინც დიდი სტიმულია.

- ბოლოხანს ეროვნულ ნაკრებში აღარ გიძახებენ. რას ფიქრობთ, ვლადიმერ ვაისის ნდობას დაიბრუნებ?
- მთავარი ისაა, რომ მე უფრო შედეგიანად ავთამაშდე და მერე ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. გულდასაწყვეტია, ნაკრების ბირთვში თუ აღარ მოვიაზრები...

- იმედგაცრუებული ჩანხართ...
- კლუბში გოლები კარგია, მაგრამ უბრალოდ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრებში თამაშია.

- 24 წლის ხართ და, წესით, ამის შანსი კიდევ გაგიჩნდებათ...
- მეც ამის იმედი მაქვს. ძალიან კარგი იქნება, ბოლო დროს გატანილი გოლები ნაკრებში დაბრუნებაში თუ დამეხმარება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დათო! ივარჯიშე,ითამაშე და გამოგიძახებენ, აბა შენ იცი, გგულშემატკივრობთ!
ვასილიჩი
18:21 21-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული