ნიკა ძალამიძე: ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ჩემი კარიერა, მაგრამ...

AutoSharing Option
ნიკა ძალამიძე 17 წლის იყო, როდესაც მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ძალამიძის კარიერაში იყო ტრავმები, რომელმაც მას კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალა.

ნიკა ჯერ კიდევ ბუქარესტის "იუვენტუსის" ფეხბურთელია, თუმცა ქართველი ფეხბურთელი კლუბს ორი შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობება.

Sportall.ge ძალამიძეს რუმინეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ნიკა, როგორც ვიცით, ბუქარესტის "იუვენტუსს" ტოვებთ. რომელ გუნდში განაგრძობთ კარიერას?
- კიდევ ორი თამაში დამრჩა და ორმხრივი შეთანხმებით გუნდს დავტოვებ. სად გავაგრძელებ კარიერას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. არის რამდენიმე ვარიანტი, რაზეც აგენტები მუშაობენ.

- თქვენი კლუბი
მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად ასპარეზობს. რა გახდა ამის მიზეზი?

- გუნდის მწვრთნელი ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში შეიცვალა და სიტუაციაც აირია. ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ზამთარში გაძლიერებას აპირებენ. თუმცა, კონტრაქტის გაწყვეტაზე მე უკვე შეთანხმებული ვარ.

- ნიკა, 17 წლის იყავით, როდესაც მოსკოვის ცსკა-ში მოხვდით. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?
- ძალიან დიდ გუნდში მოვხვდი, სადაც საოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მათ გვერდით ვარჯიშით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

- თქვენ კარიერის განმავლობაში სერიოზული ტრავმა გქონდათ. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც 8 თვის გამოტოვებაც კი მოგიხდათ... როგორ ფიქრობთ, რომ არა ტრავმები, შეგეძლოთ თუ არა კარიერულად უფრო წინ ყოფილიყავით?

- ამის თქმა რთულია. რა თქმა უნდა, ტრავმებმა ხელი შემიშალა. 8-თვიანი ტრავმის შემდეგ 2 კვირაში კიდევ ერთხელ დავშავდი და 3 თვის გამოტოვება კიდევ მომიხდა. ჯამში, ორი წელი გამიცდა, თამ ის პერიოდი, როცა საუკეთესო ფორმასა და ასაკში ვიყავი. რა თქმა უნდა, დაინტერესებებიც ბევრი იყო.

- ნიკა, საქართველოში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდით, რა შეგიძლიათ თქვათ ჩვენს ეროვნულ პირველობაზე?

- საქართველოს ჩემპიონატში სულ ათი თამაში ვითამაშე და ბევრის თქმა არ შემიძლია. ახლა, რა თქმა უნდა, პროგრესი შეინიშნება. თამაშები რომ შუქდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ნიჭიერი ფეხბურთელები სულ იყვნენ საქართველოში, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე არ დადის.

- ნიკა, თქვენ ევროპაში ბევრ გუნდში გაქვთ ნათამაშები. ერთმანეთს რომ შეადაროთ ქართული და ევროპული ფეხბურთი...
- ევროპის საშუალო ჩემპიონატად შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთის პირველობა, სადაც 6 წელი ვითამაშე. ამ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ყურადღებასაც აქცევენ. სტადიონებიც სულ სავსეა და ამავეს ვისურვებდი საქართველოშიც.

- ნიკა, რა არის თქვენი მიზანი, ამ პერიოდისთვის რას თვლით თქვენი კარიერის მაქსიმუმად?
- ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ჩემი კარიერა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისე ვერ განვითარდა, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი შეცდომა დაუშვა ნიკამ იაგელონიდან რომ წავიდა, გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო, გუნდის რომელიც უკანასკნელი წლებია ლიდერებშია პოლონეთის ექსტრალიგაში. კაჭარავა , მერებაშვილი ძალიან წარმატებულათ გამოდიან , ნიკაც სულ წინ მიდიოდა, შეცდა.
გიორგი ვარშავიდან
16:41 07-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული