გიორგი აბურჯანია: ესპანეთის მესამე ლიგაშიც კი უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე საქართველოში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "სევილია ატლეტიკოს" შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობს. როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, კლუბის წარუმატებლობის მიზეზი არასტაბილურობაა.

მისივე თქმით, ანდალუსიურ კლუბში თამაშმა ის როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად ძალიან გააძლიერა. აბურჯანიას ასევე ქართული ფეხბურთის შესახებსაც ვესაუბრეთ, რასაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

Sportall.ge გიორგის ესპანეთში დაუკავშირდა.

- როგორ მიდის საქმეები სევილიაში? "სევილიას" მეორე გუნდი, რომელშიც თქვენ ასპარეზობთ, სეგუნდა დივიზიონში აშკარა აუტსაიდერია...
- "სევილიაში" საქმეები კარგად მიდის. მაქვს სათამაშო პრაქტიკა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, შეიძლება ითქვას, რომ "სევილია ატლეტიკო" გავარდნილია, თუმცა ჩვენი მიზანი
ადგილის შენარჩუნება არ იყო.

მიზანი არის ის, რომ უფრო მეტმა ახალგაზრდამ ითამაშოს ამ გუნდში და მიიღოს გამოცდილება ისეთ მაღალ დონეზე, როგორიც სეგუნდა დივიზიონშია.

ასეთ სიტუაციაში შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგან გამოცდილების არქონის ფაქტორი ყველა მოთამაშეზე მოქმედებს.

- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იყო ხმები იმის შესახებ, რომ "ხიმნასტიკში" ბრუნდებოდით. რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი?
- როგორც "ხიმნასტიკიდან", ასევე სხვა გუნდებიდან იყო დაინტერესება. გუნდები იყვნენ როგორც ესპანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც. თუმცა, "სევილიამ" ტრანსფერისგან თავი შეიკავა.

- დღეის გადმოსახედიდან, იყო თუ არა თქვენი ტრანსფერი სევილიაში შეცდომა?
- როგორც ფეხბურთელმა, ძალიან მოვუმატე და ვთვლი, რომ შეცდომა არ იყო. ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად ძალიან გავძლიერდი. აქ გადმოსვლამ უფრო უნივერსალი გამხადა, რაც კარიერაში ძალიან წამადგება.

- რატომ ასპარეზობს ასე წარუმატებლად "სევილიას" მეორე გუნდი?
- წარუმატებლობის მთავარი მიზეზი გამოუცდელობაა. სეგუნდა დივიზიონი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგასა და ინგლისის ჩემპიონშიპთან ერთად, დონის მხრივ მთელ ევროპაში გამორჩეულია.

შემთხვევითობა არაა, რომ სკაუტები მთელი ევროპიდან დადიან სეგუნდა დივიზიონის შეხვედრებზე, რომ ტალანტები აღმოაჩინონ.

- რას აპირებთ სამომავლოდ, დარჩებით თუ არა "სევილიაში"?
- ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება...

- თქვენი "სევილიაში" ყოფნის პერიოდში გუნდს არაერთი მწვრთნელი შეეცვალა. თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს?
- თავდაპირველად, იყო ხორხე სამპაოლი, შემდეგ ედუარდო ბერისო და ახლა ვინჩენცო მონტელაა. სხვათა შორის, ახალგაზრდებთან მიმართებაში, ვინჩენცო მონტელა ყველაზე კარგი მწვრთნელი გამოდგა.

ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, ვივარჯიშოთ პირველ გუნდთან ერთად და ეს დიდ გამოცდილებას გვაძლევს. ზოგადად, "სევილიამ" ძალიან მოუმატა და ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა.

განსოც კი, რომელიც ბრაზილიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, განაცხადს მიღმა დარჩა და სეზონის ბოლომდე უთამაშებლად მოუწევს ყოფნა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ლა ლიგაში მხოლოდ 23 ფეხბურთელის დარეგისტრირება შეგიძლია.

- რას იტყოდით საქართველოს ნაკრებზე, ერთა ლიგის წილისყრას როგორ შეაფასებდით?
- ძალიან კარგი შანსია იმისა, რომ ისტორია შევქმნათ და პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. თუმცა, ამ შანსს გამოყენება უნდა, რადგან დღეს ფეხბურთში ადვილი მეტოქე აღარ არსებობს.

მნიშვნელოვანი იქნება, რომ პირველივე მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 3000 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში მარტო 85 ფეხბურთელს აქვს. როგორ შეაფასებდით ამას, რას იტყოდით ანაზღაურების სისტემაზე?
- ფეხბურთი ფინანსების გარეშე ვერ განვითარდება... არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, სადაც დიდი ფული არ ჩადეს და თავისით განვითარდნენ.

- რა ხდება ამ მხრივ ევროპაში, რომ შეადაროთ იქაური ანაზღაურება ქართულს...
- ევროპის არცერთ ქვეყანაში არაა მსგავსი დაბალი ხელფასები... ესპანეთის მესამე ლიგაშიც კი უფრო მაღალი ხელფასია, რაც შესაბამისად, ფეხბურთელების ხარისხზეც აისახება.


- თუ შეგეხმიანათ ბოლო პერიოდში ვლადიმირ ვაისი?
- არა, არ მქონია ბოლო პერიოდში უშუალო კონტაქტი... მის ასისტენტთან მქონდა რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყოდით? ალბათ, ადევნებთ თვალს ჩვენს ჩემპიონატს...
- მოიმატა დაძაბულობამ და ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემპიონატი კარგად შეფუთოს, იქნება ეს გაშუქება თუ სხვა. ვფიქრობ, სწორ გზაზე დგას და უახლოეს მომავალში შედეგზე აისახება.

- თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
- მთავარი პრობლემა კვლავ ფინანსებია... სეგუნდა დივიზიონში თითოეული გუნდის სატელევიზიო შემოსავალი 5 მილიონიდან ზევით მერყეობს, საქართველოში კი იქით ეხვეწებიან, მოდი, ჩემპიონატი გააშუქეო.

ასევე პრობლემაა ის, რომ ევროპაში ქართველებს ვეღარ გვიცნობენ, რადგან ტოპ-ჩემპიონატში ფეხბურთელები არ გვყავს.

ადრე ნაკრები "მილანის", "შალკეს", "აიაქსის", "ნიუკასლის", "სიტის" და სხვა გუნდის ფეხბურთელებით კომპლექტდებოდა... დღეს ასე არ არის.

- რას აპირებს გიორგი აბურჯანია სამომავლოდ?
- ზოგადად, მომავალზე საუბარი არ მიყვარს. ვაპირებ, გავაგრძელო ყოველდღიური შრომა და ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინასწარ გაარკვია მე 3 ლიგის გუნდების ხელფასები?????
0
რა თქმა უნდა ფული ბევრს წყვეტს, მაგრამ მაგ პრინციპით ამ ქვეყანაში არც არავინ უნდა დარჩეს და ვინც დარჩება, ვერ უნდა განვითარდეს. მიზეზი მხოლოდ ფული არაა და ამის უამრავი მაგალითია.
ასეა ეს
00:26 09-03-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული