ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონი, როგორც იტყვიან, "ხურდება". ამ უქმეებზე ვნახეთ გოლებიც - ვაკო გვილიასა და დავით ხოჭოლავას გარდა, ყაზახური "ყიზილჟარის" შემადგენლობაში პენალტი გაიტანა შოთა გრიგალაშვილმა...

ამას გარდა, დებიუტები ჰქონდათ ოთარ კიტეიშვილს ("შტურმი"), ჯაბა ჯიღაურს ("გრენობლი"), გიორგი ბერიძეს ("უიპეშტი"), ავთო ებრალიძეს ("შავეში"); ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მოედანზე კვლავ გამოჩნდა ლევან მჭედლიძე... მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით...

გერმანია. III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგმა" "ჰანზას" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაში 60 წუთი დაჰყო.

იტალია. თასი. ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 1/32-ფინალში (ერთმატჩიანია) "ჩიტადელას" უმასპინძლა, 0:3
დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მჭედლიძე, რომელმაც 76-ე წუთიდან ითამაშა.

საფრანგეთი. ლიგა 2. საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის დებიუტი შედგა. მან 77-ე წუთიდან ითამაშა მატჩში, რომელშიც მისმა "გრენობლმა" (3 ტურის შემდეგ 2 მოგება და ერთი ფრე) საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ნიორს".

ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წუთი) "როდეზი" შინ 0:1 დამარცხდა "შოლესთან".

ბელგია. ჟუპილერლიგა. ქართველების "გენტმა" "ბევერენს" უმასპინძლა და იოლად დაამარცხა - 4:1. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად კი ითამაშა, მაგრამ არც ერთ გოლში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე კი "გენტმა" უნგრულ "უიპეშტში" გაანათხოვრა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. ავთო ებრალიძის "შავეშს" ჩემპიონატის პირველივე ტურში სერიოზული გამოცდა ჰქონდა "პორტუსთან" საგარეო მატჩში. ქართველი შემტევის ოფიციალური დებიუტი ახალ გუნდში ვერ გამოდგა სახარბიელო - "შავეში" 0:5 დამარცხდა. ებრალიძემ შეტევის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი მაკარიძის "რიუ ავე" "ფეირენშეს" ესტუმრა და 0:2 დათმო. საქართველოს ნაკრების მეკარეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

გიორგი არაბიძის "ნასიონალმა" საგარეო მატჩი გამართა "ბრაგასთან" და 2:4 დამარცხდა. 20 წლის ქართველი განაცხადში არ ყოფილა.

დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" "ორჰუსს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" დღეს (21:00) "სონდერიისკეს" უმასპინძლებს.

I დივიზიონი. დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" "კიოგე" მიიღო და უშანსოდ (0:3) დამარცხდა. ქართველი ფორვარდი 58-ე წუთზე შეცვალეს. 3 ტურის შემდეგ "სილკებორგს" მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯერ გოლიც არ გაუტანია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" 10 კაცით კრაკოვში "ვისლას" დაუზავდა - 1:1. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი წინა ტურში გააძევეს, ამჯერად ის თავიდანვე სათადარიგო იყო. საქმე ისაა, რომ მერებაშვილმა წითელი ბარათი მიიღო არა პირდაპირ, არამედ ორი ყვითლის შემდეგ, რაც მას ამ ტურში მონაწილეობას არ უკრძალავდა. "ვისლასთან" მან სრული მეორე ტაიმი ჩაატარა.

ლაშა დვალის "პოგონმა" "კრაკოვიას" უმასპინძლა და ქულები გაუყო - 1:1. საქართველოს ნაკრების მცველმა სრულად ითამაშა.

ლუკა ზარანდიას "არკამ" შინ ზაბჟეს "გურნიკს" ვერ აჯობა - 1:1. ქართველი ფლანგელი განაცხადში არ ყოფილა. მატჩის წინ "არკას" მწვრთნელმა ზბიგნევ სმოლკამ უკმაყოფილება არ დამალა ზარანდიასა და ცალკეული მოთამაშეების არასასურველი კონდიციებით, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ისინი უახლოეს პერიოდში ჩადგებიან კალაპოტში და "არკაც" სასტარტო ჩავარდნას დაძლევს.

ვატო არველაძის "კორონა" დღეს "შლიონსკს" უმასპინძლებს.

I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის "პოდბესკიძიე" საკუთარ მოედანზე "გარბარნიას" შეხვდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნმა" მოქმედი ჩემპიონი "იანგ ბოიზი" ისტუმრა და 2:3 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და 89-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 1:3-ს აგებდა, ფლანგური გადაცემა თავურით დააგვირგვინა (პირველი გოლი ამ სეზონში) და თავისიანებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩინა, თუმცა დრო საკმარისი აღარ იყო.

4 ტურის შემდეგ "ლუცერნი" ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ ტიტულოვან "გრასჰოპერსს" უსწრებს.


ავსტრია. ბუნდესლიგა. "შტურმში" ოთარ კიტეიშვილის დებიუტი ვერ გამოდგა იღბლიანი - ექსდინამოელის გუნდი, რომელსაც 2 ტურის შემდეგ ორივე თამაში მოგებული ჰქონდა, "ზანკტ პოლტენთან" 0:2 დამარცხდა. კიტეიშვილი 68-ე წუთიდან ათამაშეს.

II ლიგა. ლევან ელოშვილის "კაპფენბერგისა" და "რიდის" მატჩი პარასკევს უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო შაბათისთვის გადაიტანეს. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, როცა ანგარიში 1:0 იყო მისი გუნდის სასარგებლოდ. ბედის ირონიით, "კაპფენბერგმა" სწორედ ამის შემდეგ გაუშვა ორი გოლი და 1:2 დამარცხდა.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონში მორიგი (მე-3) საგოლე პასით გამოიჩინა თავი "სირიუსთან" საშინაო მატჩში, თუმცა მისი "გიოტებორგი" 2:3 დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 57-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა.
უცნაური ფაქტია - იმავე "სირიუსთან" პირველი წრის მატჩშიც, სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომელშიც ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა, "გიოტებორგი" ასევე 2:0-ს იგებდა, მაგრამ ის თამაშიც 2:3 დათმო(!).

სუპერეტანი. შვედეთის რანგით მეორე ლიგაში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნა" "ვარბერგსს" ესტუმრა და ფრეს (1:1) დასჯერდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა "ტრნავა"-"მიხალოვცეს" მატჩში - 3:0. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია.

გიორგი თევზაძის
"ჟილინამ" "ტრენჩინი" მიიღო და 2:3 წააგო. ჩვენებური განაცხადში არ ყოფილა.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" სტუმრად "ჰალადაშს" შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო.

"უიპეშტი", სადაც "გენტიდან" იჯარით გადავიდა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე, სტუმრად "პაკშს" დაუზავდა - 1:1. გუნდის ქართველმა დებიუტანტმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

ხორვატია. HNL. გიორგი მჭედლიშვილის "გორიცამ" "ზაპრეშიჩს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ დამარცხებული დარჩა - 2:3. ჩვენებურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. გიორგი გოროზიას "როვანიემიმ", რომელიც ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ "მარიეჰამნს" უმასპინძლა და გაჭირვებით (1:0) გაიმარჯვა. ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ჭანტურიას "ურალი" პარასკევს შინ მოსკოვის "დინამოს" დაუზავდა (1:1). ქართველი შემტევი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა, ჯერ მზად არ არის სათამაშოდ.

ჯანო ანანიძის გარეშე მოთამაშე "სპარტაკმა" ძლივს მოუგო (1:0) "ანჟის", რომელმაც თამაში 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა.

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" ესტუმრა "როსტოვს", რომელსაც 2 ტურის შემდეგ ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. საქართველოს ნაკრების მეკარე განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი 1:0 გაიმარჯვა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" სტუმრად "ორენბურგს" შეხვდა. რუსეთის მოქმედი ჩემპიონი კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 0:1 დამარცხდა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

გია გრიგალავას "არსენალმა" გროზნოს "ახმატი" ისტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა (0:1), მეორე ტაიმში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გრიგალავამ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.

ჯიმი ტაბიძის "უფასა" და თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარის" მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის "სკა ხაბაროვსკი" შინ "ტამბოვს" შეხვდა. ქართველი განაცხადში იყო, მისმა გუნდმა კი 1:2 წააგო.

ნიკა ძალამიძის "ბალტიკა" შინ "სოჩის" დაუზავდა - 2:2. ქართველმა შემტევმა 68-ე წუთიდან ითამაშა.

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (თავიდან ბოლომდე ითამაშა) "შახტარმა" სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის "ვორსკლას" უმასპინძლა. დონეცკელები პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდნენ. მეორე ტაიმში პაულო ფონსეკას გუნდი "დაიქოქა" და 59-ე წუთისთვის დაწინაურდა კიდეც, ხოლო კიდევ სამ წუთში გოლი გაიტანა ხოჭოლავამაც, რითიც ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა - საქართველოს ნაკრების მცველმა მეტოქის საჯარიმო მოედნის ხაზთან მიიღო ბურთი და მძლავრად დაარტყა მეკარისგან ახლო დაბალ კუთხეში (ეს ხოჭოლავას მეორე ოფიციალური გოლია დონბასურ კლუბში ყოფნის პერიოდში). საბოლოოდ, "შახტარმა" 4:1 გაიმარჯვა.

რაც შეეხებათ "ვორსკლას" ქართველებს, აქ კობახიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგაძე 79-ე წუთზე გამოჩნდა.


საქართველოს ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე "ზორიას" კარს იცავდა "კარპატისთან" საგარეო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

ლუკა კობერიძის "დესნა" "ჩერნომორეცს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური 82-ე წუთიდან ათამაშეს.

ლიეტუვა. A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასი" გასვლაზე "კაუნო ჟალგირისს" შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 78-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვია. ვირშლიგა. ქართველების (ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი მაისურაძე) "რიგას ფს", რომელიც გასულ კვირას თასის ნახევარფინალში გავიდა, დღეს "იელგავას" მასპინძლობს. "რიგას ფს" 15 მატჩიდან 12 მოგებით ვირშლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

ესტონეთი. პრემიუმლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" დრამატულ მატჩში ქულები დაკარგა "პაიდესთან" - 3:3. არადა, ქართველის გუნდი ორჯერ იყო წინ ორბურთიანი (2:0, 3:1) სხვაობით, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. ბეგლარიშვილი, რომელიც ბომბარდირთა დავაში 18 გოლით მეორე ადგილზეა, 77-ე წუთზე შეცვალეს.

გეგი კეკუას "პიარნუმ" "კალევს" უმასპინძლა და 2:4 წააგო. ქართველი ნახევარმცველი 64-ე წუთზე შეცვალეს.

ბელორუსი. თასი. 1/8-ფინალში გაიმართა დედაქალაქური დერბი, რომელშიც ევროპალიგაზე ბრწყინვალედ მოასპარეზე გიორგი ნავალოვსკის "დინამო" "მინსკს" დაუპირისპირდა, 2:0 მოიგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ქანთარიას "ნემანი" თასის გათამაშებას წინა ეტაპზე გამოეთიშა.

ლუქსემბურგი. ნასიონალ დივიზიონი. ლევან ყენიას "დუდელანჟი" დღეს (21:30) "დიფერდანჟს" უმასპინძლებს.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსემ" სტუმრად ითამაშა "კოლორადოსთან", რომელსაც მანამდე 4 ქულით ჩამორჩებოდა დასავლეთ კონფერენციაში. ქართველების გუნდი 1:2 დამარცხდა. კაშიამ სრულად ითამაშა, ყაზაიშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. 22-ე ტურში, რომლითაც მეორე წრე დასრულდა, ერთმანეთს "ქართული" გუნდები შეხვდნენ - ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" ლაშა კასრაძის "ჟეტისუს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. კანკავამ სრულად ითამაშა, კვეკვესკირი სათადარიგო იყო. "ჟეტისუში" ბოლომდე მოედანზე იყო კასრაძეც.

ასევე ქართველების (შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ფოფხაძე) "ყიზილჟარმა" ჩემპიონატის ერთი-ერთი ლიდერი "ქაირათი" მიიღო და მარცხი იწვნია - 1:3. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი გრიგალაშვილმა (სრულად ითამაშა) პენალტით გაიტანა. ფოფხაძე 85-ე წუთზე შეცვალეს.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" ყარაღანდის "შახტიორს" ესტუმრა და უგოლო ფრეს გამორჩა. "ორდაბასი" მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურებისთვის იბრძვის.

უზბეკეთი. სუპერლიგა.
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" (ტაშკენტი), რომელიც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში ითამაშებს, უიმედო აუტსაიდერ ფერღანის "ნეფთჩის" უმასპინძლა და ვერ მოუგო - 1:1. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი", რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს სუპერლიგას და ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტია, სტუმრად შეხვდა "კოკანდს", რომელიც უძლიერეს ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის. მატჩი 1:1 დასრულდა.

ირანი. პერშნ გალფ ლიგა. გიორგი გველესიანის "ნასაჯი" შინ "პარს ჯამ ბუშეჰრს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებური მცველი ტრავმირებულია და ამ დროისთვის ჩატარებულ სამ ტურში ერთხელაც არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი სიტყვით,საჯდომისკენაა საქმე!
მარადონა
11:28 13-08-2018
4
Aრაბიდზესტანნდაკავსჰირებიტ იმხელა სტრესი Mიიგო მამის გარდაცვალების Gამო ურტიერტ შHეტანხმებიტ გადაცკდა მომდევნო თAმასჰს სასტავსჰი იტამასჰებს
Kaxa
12:34 13-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული