დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო

AutoSharing Option
"საბურთალოს" აღზრდილი ფეხბურთელები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში წარმატებით ასპარეზობენ. "საბურთალოს" ოფიციალური ვებ-გვერდი (fcsaburtalo.ge), სისტემატურად წერს მათ შესახებ.

ახლა კი, კიდევ ერთ ყოფილ საბურთალოელს - დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა, რომელიც იტალიის სერია "B"-ს რიგებში, "პადოვაში" ჩაირიცხა.

alt17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

- დავით, ბოლოს "ატალანტას" ასაკობრივ გუნდში თამაშობდით. როგორ მოხვდით "პადოვა"-ში?
- იტალიაში "ატალანტას" ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჰყავს, მათ განსხვავებული ხედვა აქვთ ფეხბურთისადმი. დაახლოებით ორ თვის წინ არჩევანის წინაშე დავდექი - ან "ატალანტას" 19 წლამდელთა გუნდში უნდა

გამეგრძელებინა კარიერა, იყო შემოთავაზება "ჯენოადანაც", ან "პადოვას" ვარიანტი უნდა ამერჩია.

საბოლოოდ, არჩევანი "პადოვაზე" გავაკეთე, რადგან ამ ეტაპზე 19-წლიანებში ვითამაშებ, ვარჯიშებით კი ძირითად გუნდთან ვივარჯიშებ. ამავდროულად, მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო. ვფიქრობ, 17 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატში თამაში დიდი პატივი იქნება.

- "პადოვას" ძირითად გუნდში სისტემატურად ვარჯიშობთ?
- დიახ, სისტემატურად მიწევს საწვრთნელ პროცესებში მონაწილეობა. მოსამზადებელი ეტაპიც მათთან ერთად გავიარე. ახლა, ჩემს თანატოლებთან ფიზიკურად გამკლავება აღარ მიჭირს, რადგანაც ხშირად უფროსებთან მიწევს ყოველდღიური ჭიდილი.

- ზემოთ შეკრება ახსენეთ. როგორია "პადოვას" ვარჯიშები?
- გუნდს შეკრება იტალიაში ჰქონდა, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე. ვგრძნობ, რომ მოვღონიერდი, ეს შეკრება ძალიან წამადგა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი საწვრთნელი პროცესი არ გამივლია. ძალიან დატვირთული ვარჯიშები გვქონდა, დილასა და საღამოს. ამავდროულად, მომთხოვნი და საკმაოდ მკაცრი მწვრთნელი გვყავს.

- ამხანაგურ მატჩებში მიიღეთ მონაწილეობა?
- შედარებით დაბალი ლიგის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშე, თუმცა "კიევოს" და "სამპდორიას" წინააღმდეგ არ მითამაშია. მთავარ მწვრთნელთან მქონდა საუბარი - დადებითად არის განწყობილი. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია. ყველაფერს დრო ჭირდება - პირდაპირ, ძირითად გუნდში რომ ვითამაშო, მზად უნდა ვიყო. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდო ჩემს შანს, რომელიც ვფიქრობ აუცილებლად მექნება. წლეულს, შესაძლოა რამდენიმე თამაში მომიწიოს ძირითად გუნდში, თუმცა ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- თქვენ ძმაზეც გვიამბეთ, რომელიც ასევე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია…
- დაჩი ლორთქიფანიძე "ატალანტას" ასაკობრივ გუნდში თამაშობს. უკვე ოთხი წელია იტალიაში ვიმყოფებით და ამ ხნის განმავლობაში საკმაო პროგრესი განიცადა. დაჩის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, გოლები გააქვს, სტანდარტული მდგომარეობებიდან ახორციელებს დარტყმებს.
დაჩი 2005 წელსაა დაბადებული, მაგრამ "საბურთალოში" თამაშისას ერთი წლით უფროსებში, მწვრთნელ დავით ხიტირის გუნდში ასპარეზობდა.

კარგად მახსოვს იტალიაში გამგზავრებამდე 2014 წელს, რამდენიმე თვით ადრე "საბურთალოს" 2004 წლიანებმა ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე "დინამოს" აკადემიას" 1:0 აჯობეს. ერთადერთი ბურთი სწორედ დაჩიმ გაიტანა.

- "საბურთალოს" პირველი გუნდის თამაშებს თუ ადევნებთ თვალს ? ან სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მატჩებს თუ ეცნობით?
- "საბურთალოს" პირველი გუნდის შეხვედრებს სისტემატურად ვუყურებ ინტერნეტის საშუალებით. "საბურთალო" სერიოზულ კლუბად ჩამოყალიბა. ფაქტი სახეზეა - წელს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და რეალური შანსი აქვს მიზანს მიაღწიოს.

- თუ იფიქრებდით, რომ ამ მოკლე დროში "საბურთალო" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა?
- როდესაც "საბურთალოს" ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, კლუბი ვითარდებოდა და ახლაც წინ მიიწევს. "საბურთალოს" სათავეში პროფესიონალები არიან, რომლებსაც ფეხბურთისადმი სწორი ხედვა აქვთ. ადვილი არ არის, გნებავთ ასაკობრივ გუნდებში ან პირველ კლუბში ადგილი დაიმკვიდრო. "საბურთალოს" წარმატება მოსალოდნელი იყო, რადგან კლუბიც და აკადემიაც ყოველთვის ვითარდებოდა. "საბურთალოს" ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკან. ამ გუნდის წინსვლა დროის ამბავი იყო.

- "საბურთალოს" აკადემიაში გატარებულ დროს ხშირად იხსენებთ?
- ბავშობაში გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. ძალიან კარგად მახსოვს, მაშინდელი აკადემიის დირექტორი - ანდრეს კარასკო და მასთან მუშაობა, ასევე მწვრთნელ ვალერი გაგუასთან. ბევრ ტურნირებში ვიღებდით მონაწილეობას და ხშირად გამარჯვებულები გამოვდიოდით. ჩემს ყოფილ გუნდელებთან ვმეგობრობ, რომლებთანაც ხშირი მიმოწერა მაქვს. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, მინდა, რომ ყველა მოვინახულო და ერთად გატარებული დრო გავიხსენო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე გამოჩნდნენ პროფესიონალურად მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები.ეს დიდ იმედს მაძლევს,რომ ორ სამ წელიწადში,,ნაკრები საგრძნობლად მოღონიერდება.ლოკომოტივი,საბურთალო, დინამო.თუ მოხერხდა და დასავლეთ საქართველოშიც ორი სამი აკადემია ამავე დონეზე ამუშავდა,კრიზისს თავს დავაღწევთ.ნაკრების დონეზე მაინც.
სოსო
12:57 26-08-2018
0
წარმატებები ამ შრომის მოყვარე და თავმდაბალ ბიჭს. ეტყობა რომ თავში არ აუვარდება და რეალურად უყურებს ცხოვრებას. მადლობა საბურთალოს სკოლას ამდენი ტალანტის გაზრდისთვის. უამრავი საბურთალიელია ევროპაში წასული. ეს ხომ ფაქტია.
ანრი
18:00 25-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული