U16. საქართველომ ბანიკოვის მემორიალური ტურნირი მოიგო!
გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა მოიგეს ტურნირი, რომელშიც საკმაოდ ძლიერი გუნდები თამაშობდნენ - მასპინძელი უკრაინა, სერბეთი, ისრაელი, ბულგარეთი, ჩეხეთი... ვერ ვიტყვით, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი რომელიმე მათგანზე მაღლა დგას.
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ქართველებმა რომელი ტურნირი მოიგეს. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა იტალიაში, ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე იპირველეს. ეს იყო და ეს.
ფაქტია,
შემტევი ნახევარმცველი დავით ლორთქიფანიძე თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" გაზრდილია, ბოლო ორი წელი კი იტალიაში, ტალანტების გაზრდით ცნობილ "ბრეშას" აკადემიაში ვარჯიშობს...
უზომოდ ნიჭიერი ფირუზ გაბიტაშვილი ლაგოდეხელია. ის მხოლოდ ბოლო წელია, რაც ფეხბურთით სერიოზულად დაკავდა და "ჰერეთის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს...
თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი ზურა დავითაშვილი 15 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო და დუბლების ჩემპიონატში გოლები გაიტანა, ითამაშა 17-წლამდელთა ელიტრაუნდშიც. აქვე, მის გვერდით თამაშობდა ასევე 15 წლის საბურთალოელი გიორგი ივანიაძეც, რომელიც ელიტრაუნდში ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახლდათ...
ისიც სასიხარულოა, გია გეგუჩაძის შტაბმა და მის მიერ შემუშავებულმა და დანერგილმა სისტემამ პირველი შედეგი რომ გამოიღო. ისიც, გურამ ასპინძელაშვილი გეგუჩაძის "ჩრდილიდან" გამოვიდა და "პირველ ნომრად თამაში" წარმატებით დაიწყო.
არავინ უწყის, ხვალ-ზეგ ეს თაობა რას მიაღწევს და საერთოდ, მიაღწევს რამეს თუ ვერა, მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია და მას სისტემაში გაზრდა-ხელშეწყობა სჭირდება. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"