ლეგიონის უქმეები: მწირი მონაგარი, მჭედლიძეს სერია A-ს აჩვევენ [VIDEO]

AutoSharing Option
ეს უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ მწირი მონაგარით გამოირჩეოდა. არადა, სანაკრებო პაუზამდე ორი კვირაც აღარ დარჩა...

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "ლანცს" ესტუმრა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ცხრა ტურის შემდეგ "შტურმი" მეექვსე ადგილზეა.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამო" ბორისოვის ბატე-ს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 22 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ბელგია
ქართველების "გენტი" "ანტვერპს" გასვლაზე დაუპირისპირდა და 2:2 ეთამაშა. მატჩი სრულად ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქვილითაია
ტრავმირებულია. "გენტი" 9 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" შინ ზაგრების "ლოკომოტივთან" 0:3 განადგურდა. მჭედლიშვილი მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. მისი გუნდი ცხრა ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგმა" "ორჰუსი" მიიღო და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. "ეისბერგი" სუპერლიგაში 11 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ვეილეს" ესტუმრა და გუნდები ფრეს, 1:1-ს დასჯერდნენ. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მერვე პოზიციაზეა.

ლუქსემბურგი
ლევან ყენიას "დუდელანჟმა" "უნიონ ტიტუს პეტანგე" 6:1 გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.

ესტონეთი
"ფლორა" დედაქალაქურ დერბიში "კალევს" ეწვია და ფრედ, 2:2 ეთამაშა. ზაქარია ბეგლარიშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე პენალტი გაიტანა. "ფლორა" მესამე პოზიციაზეა. ბეგლარიშვილი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა 25 გოლით და პირველადგილოსან ბრაზილიელ ლილუსთან 3 გოლი აშორებს.


გეგი კეკუას "პარნუ" "ტამმეკას" ესტუმრა და 0:5 განადგურდა. კეკუამ შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ბოლო ადგილზეა.

უნგრეთი
გიორგი ბერიძის "უიპეშტი" სტუმრად "ფერენცვაროსთან" 0:1 დამარცხდა. ბერიძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" რვა ტურის შემდეგ მერვე ადგილზეა.

"პუშკაშის აკადემიამ" "ჰონვედს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბაჩანა არაბულმა ასპარეზობა პირველივე წუთიდან დაიწყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი მეცხრე ადგილზეა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "პარმას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე ბოლო ნახევარი საათი დაჰყო. სერია A-ში შვიდი ტურია გასული და ქართველის გუნდი მე-18 ადგილზეა.

ყაზახეთი
ქართველების "ტობოლმა" "ორდაბასი" 1:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. "ტობოლი" 28 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ლაშა კასრაძის
"ჟეტისუ" "ასტანას" ეწვია და 0:3 განადგურდა. კასრაძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

ლატვია
ქართველების "რიგასმა" "რიგა" მიიღო და 1:2 დამარცხდა. ნიკა სანდოხაძე, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და ბექა ვაჩიბერაძეც ძირითადში იყვნენ. ეს უკანასკნელი 81-ე წუთზე შეცვალეს. "რიგასი" 22 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

გიული მანჯგალაძის "ვენტისპილმა" "იელგავა" 2:0 დაამარცხა. მანჯგალაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მეორე ადგილზეა.

ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის
"ფლორომ" "ვიკინგები" 3:2 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე გოლიც გაიტანა. მისი გუნდი 25 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" "ვისლას" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

ლუკა ზარანდიას "არკა" პოლონურ გრანდს, "ლეგიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. "არკა" მეცხრე ადგილზეა.

"პოგონმა" სტუმრად "ზაგლებლიე" 2:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში შეხვედრა სრულად ჩაატარა ლაშა დვალმა. მისი გუნდი მეთორმეტე ადგილზეა.

პორტუგალია
გიორგი არაბიძის "ნასიონალი" შინ "სანტა კლარასთან" 0:3 განადგურდა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. 6 ტურის შემდეგ "ნასიონალი" ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა.

ავთო ებრალიძის
"ჩავესი" შინ "ბენფიკას" 2:2 დაუზავდა. ებრალიძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე. მისი გუნდი მეათე ადგილზეა.

რუსეთი
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" მოსკოვის "დინამო" 3:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების შემტევი სათადარიგო გახლდათ. 9 ტურის შემდეგ "კრასნოდარი" მეორე ადგილზეა.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" გროზნოს "ახმატი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეხვედრა სრულად ჩაატარა საბა კვირკველიამ. მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

"ურალმა" ტულის "არსენალს" 2:1 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში კვლავ ტრავმირებულია გიორგი ჭანტურია, ხოლო გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა. "ურალი" მე-7 ადგილზეა, "არსენალი" - მე-13-ზე.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" "ენისეი" 2:1 დაამარცხა. ტაბიძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. "უფა" მე-14 ადგილზეა.

ესპანეთი
"ლუგომ" "მალიორკას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეხვედრა სრულად ჩაატარა გიორგი აბურჯანიამ. 7 ტურის შემდეგ მისი გუნდი მე-12 ადგილზეა.

"სარაგოსა" "ალბასეტეს" ესტუმრა და ფრედ, 2:2 ეთამაშა. სტუმართა შემადგენლობაში თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო გიორგი პაპუნაშვილმა, თუმცა 39-ე წუთზე მან და ვერდასკამ ტრავმა მიიღეს და საკაცით გახდნენ გასაყვანები. "სარაგოსა" მეათე ადგილზეა.

altკარგი ამბავი: გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" შინ 1:3 "სიონთან" დამარცხდა. ვაკო გვილიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ოთარ კაკაბაძე კი მე-80 წუთზე შეცვალეს. 9 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მერვე ადგილზეა.

უკრაინა

"ზორიამ" "ლვოვს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ზაურ მახარაძე მასპინძელთა შემადგენლობაში ამჯერად სათადარიგო იყო. მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

ბოლო პერიოდში სათადარიგო შემადგენლობაშია დავით ხოჭოლავაც. "შახტარი" "კარპატს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. დონეცკური კლუბი ცხრილის ლიდერია.

აშშ
ქართველების "სან ხოსე" ჰიუსტონის "დინამოს" ეწვია და 2:3 დამარცხდა. შეხვედრა სრულად ჩაატარეს გურამ კაშიამაც და ვაკო ყაზაიშვილმაც. კალიფორნიული გუნდი დასავლეთ დივიზიონში ბოლო ადგილზეა.



alt"სან ხოსე" კვლავ დამარცხდა, ქართველებმა შეუცვლელად იასპარეზეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული