ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ლეგიონერებისთვის არცთუ ისე ცუდი კვირა დაიწყო. გოლებიც საკმაო რაოდენობით იყო და ქართველ ფეხბურთელებს სათამაშო დროც ეძლეოდათ.

ავსტრია
გრაცის "შტურმი" ვენის "აუსტრიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. "შტურმი" 11 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

ავსტრიის მეორე ლიგაში ლუკა ელოშვილის "კაპფენბერგი" "ინსბრუკთან" 0:3 განადგურდა. ელოშვილი მეორე ტაიმში 65-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამო" "მინსკს" დაუპირისპირდა და ფრედ, 3:3 ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მცველმა 90
წუთი ითამაშა და 24 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეოთხე პოზიციაზეა.

გიორგი ქანთარიას ნემანი სოლიგორსკის "შახტიორს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მე-80 წუთზე შეცვალეს. "ნემანი" მე-7 ადგილზეა.

ბელგია
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც "ოოსტენდთან" გასვლით შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "გენტმა" ეს შეხვედრა 4:0 მოიგო. ერთი გოლი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაბრუნებას. 11 ტურის შემდეგ "გენტი" მე-6 ადგილზეა.


ხორვატია
HNL-ში კარგად ასპარეზობს წელს დაწინაურებული გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა". მათ ამჯერად სტუმრად "ბელუპოს" 1:0 სძლიეს. ქართველი მცველი სათადარიგო იყო და 92-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" "პარალიმნის" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა კაჭარავა შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო. "ანორთოსისი" ექვსი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "ჰობროს" 2:0 სძლია. მოედანზე კვლავ გამორჩეული იყო ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა. 13 ტურის შემდეგ "ესბიერგი" მესამე ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსს" "სონდერსკი" ესტუმრა და ფრედ 1:1 ეთამაშა. ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. "რანდერსი" მეათე პოზიციაზეა.

ესტონეთი
მეისტრილიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ". მათ ამჯერად "ნარვას" 2:1 სძლიეს. ბეგლარიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 28-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მისი გუნდი 32 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და პირველ ადგილთან 5 ქულა აშორებთ.

სტუმრად მორიგი მარცხი იწვნია "პარნუმ", რომელიც "პაიდესთან" 2:1 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში გეგი კეკუამ უცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გუნდი ბოლო ადგილზეა და დიდი ალბათობით, მეორე ლიგაში გავარდება.

საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "ნანსის" ეწვია და 2:1 დაამარცხა. ჯიღაური განაცხადში არ იყო.

გერმანია
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონი" "პადებორნს" 0:0 დაუზავდა. გოგიამ პირველივე წუთიდან დაიწყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. 10 ტურის შემდეგ "უნიონი" მესამე ადგილზეა.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" "ფერენცვაროშს" 1:0 სძლია. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა.

გიორგი ბერიძემ "უიპეშტის" შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ქართველი შემტევის გუნდი დვტკ-ს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ისინი მე-8 ადგილზე არიან.


ირანი
გიორგი გველესიანის "ნასაჯი" "სეფაჰანს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. "ნასაჯი" 9 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა.

ყაზახეთი
ქართველების "ტობოლი" ალმა-ატაში იმყოფებოდა, დედაქალაქურ კლუბთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, 29 ტურის შემდეგ კი მესამე ადგილზე არიან. ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი იასპარეზა, ხოლო ჯაბა კანკავა ტრავმირებულია.

ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" გათამაშების ლიდერ "რიგასთან" 0:2 დამარცხდა, ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 25 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

ქართველების "რიგასმა" "ვალმიერა" 3:0 გაანადგურა. ლაშა შერგელაშვილი და ირაკლი სიხარულიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ეს უკანასკნელი ბექა ვაჩიბერაძემ შეცვალა მე-60 წუთზე. "რიგასი" მესამე ადგილზეა.

პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" "ლეხს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. 12 ტურის შემდეგ "კორონა" მე-7 ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ზაგლებლიეს" 3:3 დაუზავდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მე-13 ადგილზეა.

პორტუგალია
ავთო ებრალიძის "ჩავესმა" პორტუგალიის თასის 1/32-ფინალში "სალგადას" 4:1 სძლია. ბოლო გოლი ქართველმა ფეხბურთელმა 93-ე წუთზე გაიტანა.


თასზე იასპარეზა გიორგი არაბიძის "ნასიონალმა", რომელიც 1/32-ფინალში გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. გუნდებმა 90 წუთში 2:2 ითამაშეს, თუმცა დამატებით დროში "ლუსიტანოსთან" 3:4 დამარცხდნენ.

რუსეთი
ქართული დერბი შედგა მოსკოვში, ჯანო ანანიძის "სპარტაკი" გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" დაამარცხა 2:3. მასპინძელთა შემადგენლობაში ანანიძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. 11 ტურის შემდეგ "სპარტაკი" მეექვსე ადგილზეა, "არსენალი" - მეათეზე.

ჯიმი ტაბიძის "უფა" შინ ყაზანის "რუბინს" 0:0 დაუზავდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი ცხრილში მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.

საბა კვირკველიამ დაცვასთან ერთად თავდამსხმელობაც შეითავსა და მისი გოლით მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვის" 2:1 დამარცხება მოახერხა. საბა ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-60 წუთზე თავი გოლით გამოიჩინა და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. "ლოკომოტივი" მეოთხე ადგილზეა.


სლოვაკეთი
ქართველთა ტრნავის "სპარტაკმა" "სენიცა" 4:1 გააადგურა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქის რბევაში მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც 73-ე წუთზე გოლით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. 12 ტურის შემდეგ ტრნაველები მე-9 ადგილზე არიან.


ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ხიმნასტიკი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩაერთო შეხვედრაში. 10 ტურის შემდეგ "ლუგო" მე-13 ადგილზეა.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნმა" მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდე მარცხი განიცადა. ოთარ კაკაბაძემაც და ვაკო გვილიამაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. კაკაბაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება გვილიას, ის მე-60 წუთზე შეცვალეს. 11 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მე-7 ადგილზეა.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" ლუკა კობერიძის "დესნა" 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხოჭოლავა 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კობერიძე - 72-ე წუთზე. 12 ტურის შემდეგ "შახტარი" პირველ ადგილზეა, "დესნა" - მეცხრეზე.

აშშ
სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა ქართველების "სან ხოსემ" , რომელიც "კოლორადოს" უპირისპირდებოდა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის განაცხადში არ იყო. MLS-ში ამჟამად პლეი-ოფები იწყება, ხოლო ქართველ ფეხბურთელებს მომავალ წლამდე ხანგრძლივი დასვენება ელოდებათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნამდვილად საუკეთესო იყო, გამუდმებით ატერორებდა მეკარესა და მცველებს, 3:0-ზე კი წარმოუდგენლად თავგანწირული ჩაჭრა გააკეთა და ბრწყინვალე პასით ერთი ერთზე დატოვა თანაგუნდელი, რომელმაც ვერ ივარგა, ეს უნდა ნახოთ... ჩაკვეტაძე მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩერდება და სხვა ყველაფერთან ერთად შესაშური ფიზიკურ ფორმაშია... ზოგიერთი ჟურნალისტი კი მას ქინქლაძეს ადარებს, რომელსაც ერთი ასეთი რეიდის შემდეგ გარკვეული დრო სჭირდებოდა სულის მოსათქმელად და ჩრდილში შემალულიც გვინახავს... სწორად გამიგეთ, გიო ქინქლაძის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩაკვეტაძე უკვე ახლავე სჯობს ქინქლაძეს... მისი შედარება, ალბათ, დათო ყიფიანთან უფრო უპრიანი იქნება, იმ განსხვავებით, რომ დათომ სადღაც 30 წლის ასაკში გამოიმუშავა მინდვრის ხედვისა და იუველირული სიზუსტით შესრულებული პასების ის ნატიფი ტექნიკა, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა ფეხბურთის ქართველი თუ მსოფლიო ქომაგი, თორემ ყიფიანის გამოჩენაც მახსოვს და მისი კრიტიკოსებიც - ამისგან ფეხბურთელი როგორ უნდა გამოვიდესო... ჩაკვეტაძე კი ამ ხელოვნებას და რაც მთავარია, გუნდის ლიდერობას 19 წლის ასაკში ახერხებს და თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს... მისი თამაშის შემხედვარეს, ალბათ, ჩემსავით ბევრს გაუჩნდებოდა აზრი - ღმერთო, ოღონდ ამ ბიჭს ტრავმები აშორე და და მისი წილი სატკივარი მე დამაკისრე ათმაგად, ჩემთავად, ხმის ამომღებისაც თქო...
მ. ტ.
12:09 22-10-2018
0
სან-ხოსეში კაშიას გადასვლის შემდეგ თითქმის ყველა თამაშს ვუყურე და ამ თამაშებში სან-ხოსეს კარში გატანილი გოლებიდან ნახევარზე მეტი კაშიას უნიათო თამაშის შედეგია. შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ნაკრებში მის ნაცვლად ხოჭოლავას თამაში უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.
emigranti
12:57 22-10-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული