ლეგიონის უქმეები: 5 ქართული გოლი და კიტეიშვილის პასები [VIDEO]

AutoSharing Option
წინა მშვიდ უქმეებთან შედარებით, ამჯერად ლეგიონერებმა 5 გოლი გაიტანეს; ამასთან, 2 გოლი - ერთ მატჩში. კვიპროსში თავი გამოიჩინეს ნიკა კაჭარავამ და ბუბა დაუშვილმა, უნგრეთში - ბუდუ ზივზივაძემ, ბელგიაში - გიორგი ბერიძემ, ხოლო აზერბაიჯანში - დავით ვოლკოვმა.

პლუს ამას, იყო საგოლე პასიც და მოპოვებული პენალტიც... მოკლედ, ყველაფერზე თანმიმდევრობით...

გერმანია
ბუნდესლიგა. ტრავმირებული აკაკი გოგიას "უნიონმა" გასვლაზე "ბაიერნთან" ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში დათმო - 1:2. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ვერ გაიტანეს პენალტი.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წუთი) "უნტერჰახინგმა" "ცვიკაუს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს
დასჯერდა.

ესპანეთი

ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (განაცხადში იყო) "სარაგოსა" "ხიხონს" ესტუმრა, 31-ე წუთზე 10 კაცით დარჩა და ეს საბოლოო ანგარიშზეც აისახა - 0:4.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიამ ("როდეზი") სრულად ითამაშა "შამბლისთან" შინ მოგებულ (2:0) მატჩში.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (90-ე წუთზე შევიდა) "ტვენტემ" შინ 4:1 დაამარცხა "ემენი".

ბელგია
ჟუპილერ ლიგა. ლუკა ზარანდიას (61-ე წუთზე შეცვალეს) "ვარეგემმა" "ოსტენდე" მიიღო და 2:0 მოუგო.

გიორგი ქვილითაიას (90 წუთი) და გიორგი ჩაკვეტაძის (ტრავმა) "გენტმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "სტ. ტრუიდენთან".

პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (75-ე წუთზე შეცვალეს) "ლოკერენი" შინ ირაკლი ბუღრიძის (განაცხადში არ ყოფილა) "ბეერსხოტს" დაუპირისპირდა და 2:1 სძლია.

მე-17 წუთზე ბერიძემ გაიტანა, რითიც გაქვითა თამაშის დასაწყისში სტუმართა მიერ გატანილი გოლი და სათავე დაუდო თამაშის შემობრუნებას.


ბექა ვაჩიბერაძის (განაცხადში არ ყოფილა) "ლომელი" სტუმრად "სტ. ჟილუაზს" შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

პორტუგალია
პრიმეირა ლიგა. მორიგი "მშრალი" მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ (90 წუთი, 3 "სეივი"), მისი "სეტუბალი" კი შინ "მარიტიმუს" დაუზავდა - 0:0.

შვეიცარია
სუპერლიგა. ოთარ კაკაბაძის (90 წუთი) "ლუცერნი" გასვლაზე "ქსამაქსს" ეთამაშა და 0:2 წააგო.

ლევან ხარაბაძის გარეშე (განაცხადში არ იყო) "ციურიხი" შინ "ბაზელს" დაუხვდა და მოულოდნელად 3:2 მოუგო.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმი" "ზტ. პიოლტენს" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საგოლე პასი მიითვალა.


2. ლიგა. ლევან ელოშვილის (განაცხადში იყო) "კაპფენბერგმა" სტუმრად 2:3 წააგო ლუშტენაუს "აუსტრიასთან".

პოლონეთი
ექსტრაკლასა. ვატო არველაძის (განაცხადში არ ყოფილა) "კორონა" სტუმრად "პიასტს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

გიორგი მერებაშვილის (განაცხადში იყო) პლოცკის "ვისლამ" "იაგელონია" მიიღო და 3:1 დაამარცხა.

დავით სხირტლაძის (90 წუთი, გაფრთხილება) "არკა" ვროცლავში "შლიონსკს" ესტუმრა და 1:2 წააგო. ეს ერთი გოლი სხირტლაძის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანიდან გავიდა.

ვაკო გვილიას (59-ე წუთიდან ითამაშა) "ლეგიამ" კრაკოვის "ვისლას" უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ქართველის შესვლის მომენტში ანგარიში 4:0 იყო...

დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგმა" ჩემპიონატის ლიდერ "მიდტიულანდს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

საბა ლობჟანიძის (ტრავმა) "რანდერსმა" სტუმრად ითამაშა "ბრონდბიუსთან", სადაც ქართველი შემტევი ამ ზაფხულს უნდა გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ "რანდერსი" თავიდანვე 2:0 დაწინაურდა, 29-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა და 2:5 დამარცხდა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონიოსმა", რომელიც ამ მომენტისთვის ბოლო ადგილზეა, სტუმრად 0:4 წააგო "ატრომიტოსთან".

თურქეთი
სუპერლიგა. ლევან შენგელიას (სრული მეორე ტაიმი) "ქონიასფორი" სტუმრად "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და მძიმე მარცხი იწვნია - 1:5.

1. ლიგა. გიორგი არაბიძის (ტრავმა) "ადანასფორი" "ბალიქეშისფორს" ესტუმრა და 0:3 წააგო.

ჩეხეთი
1. ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილისა (განაცხადში არ ყოფილა) და ანდრო გიორგაძის (განაცხადში არ ყოფილა) "ზლინი" გასვლაზე "პრშიბრამს" შეხვდა და 0:0 ითამაშა.

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი) "მეზოკოვეშდმა" "დებრეცენს" უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია - 3:1. ერთი გოლი 53-ე წუთზე, ბრწყინვალე სლალომით და ოსტატური დაგვირგვინებით, ზივზივაძემ გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ეს მისი მე-4 გოლია მიმდინარე სეზონში.

ლაშა დვალის (90 წუთი, გაფრთხილება) "ფერენცვაროშმა" სტუმრად 2:1 მოუგო ლიდერ "მოლ ფეჰერვარს" და ქულებით გაუთანაბრდა.

რუმინეთი

ლიგა 1. ავთო ებრალიძის "ვოლუნტარი" სტუმრად "სეპსის" შეხვდა და ზედიზედ მეორე 0:0 ითამაშა. 77-ე წუთზე ქართველი შემტევი უხეშად ეთამაშა მეტოქეს, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მისი გუნდი ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.

კვიპროსი
I დივიზიონი. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა", რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია, სტუმრად 6:0 გაანადგურა "დოქსა" და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ორი გოლი ქართველებმა გაიტანეს: ჯერ - ნიკა კაჭარავამ (სრულად ითამაშა), ხოლო შემდეგ - შეცვლაზე შესულმა ბუბა დაუშვილმა (59-ე წუთიდან ითამაშა). კაჭარავამ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ქართველთაგან სრულად ითამაშა მეკარე გიორგი ლორიამაც, თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია.

ირაკლი მაისურაძის (69-ე წუთზე შეცვალეს) "პარალიმნი" ლარნაკაში აეკ-ს შეხვდა და დრამატულ მატჩში ფრეს გამორჩა - 4:4.

მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (75-ე წუთზე შეცვალეს) "ვალეტა" შინ "ტარქსიენს" შეხვდა და 3:1 დაამარცხა.

რუსეთი
პრემიერლიგა. ტური გახსნეს ქართველების "რუბინმა" და "ურალმა", რომლებმაც ყაზანში 0:0 ითამაშეს. მასპინძელთა შორის ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 70-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილი შეცვალა, ბექა მიქელთაძე კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

ჯიმი ტაბიძის (90 წუთი) "უფამ" გასვლითი მატჩი ჩაატარა "ტამბოვთან" და 0:3 დამარცხდა.

გია გრიგალავას (90 წუთი) "არსენალმა" სტუმრად 1:1 ითამაშა "ახმატთან".

საბა კვირკველიას (განაცხადში იყო) "ლოკომოტივმა" მოსკოვურ დერბიში ჯანო ანანიძის (განაცხადში იყო) "სპარტაკს" უმასპინძლა და მოულოდნელად 0:3 დამარცხდა.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (78-ე წუთზე შეცვალეს) "სკა-ხაბაროვსკი" შინ "სპარტაკის" დუბლშემადგენლობას შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძის (განაცხადში არ ყოფილა) "დნიპრო-1" დონეცკის "ოლიმპიკს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

დავით ხოჭოლავას (90 წუთი, გაფრთხილება) "შახტარმა" შინ მოულოდნელად დაკარგა ქულები "ოლექსანდრიასთან" - 0:0.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (76-ე წუთზე შეცვალეს) "ნემანმა" შინ 1:0 დაამარცხა "მინსკი".

აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკმა" "ჟოდინოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 0:0.

ლაშა შინდაგორიძის (განაცხადში იყო) "შახტიორი" შინ ბატე-ს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დაუზავდა - 2:2.

ლატვია
ვირსლიგა. თამაზ პერტიას გაწვრთნილი "ვალმიერა" შინ "სპარტაკსს" შეხვდა და 3:0 მოუგო.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველების "გაბალა" სტუმრად "კეშლიას" შეხვდა და 1:2 წააგო. მერაბ გიგაური განაცხადში არ ყოფილა, დავით ვოლკოვმა კი სრულად ითამაშა და 58-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა.


ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" "ირტიშს" უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა.

ჯაბა კანკავასა (90 წუთი) და ნიკა კვეკვესკირის (82-ე წუთიდან ითამაშა) "ტობოლმა" სტუმრად 0:2 წააგო "ქაირათთან" და ჩემპიონობის მხოლოდ მიზერული შანსი დარჩა.

ლაშა კასრაძისა (განაცხადში არ ყოფილა) და ელგუჯა ლობჯანიძის (90 წუთი) "თარაზი" გასვლაზე შეხვდა "ჟეტისუს" და უგოლო ფრეს დასჯერდა.

უზბეკეთი

თასის ფინალი. შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" 3:0 სძლია აგმკ-ს და 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგო ქვეყნის თასი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართველი სპეციალისტის გუნდმა ვადაზე 6 ტურით ადრე მოიგო უზბეკეთის ჩემპიონატიც და დუბლი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელებაა და მეტი არაფელი. ამ ნაკრებით ძან მაგარი შედეგები აქვს ვაისს. როგორი მწვრთნელიც არ უნდა მოიწვიო,თუ მინიმუმ 10 ნორმალურ საშვალო ფეხბურთელს არ დახვედრებ შედეგს ვერავინ ვერ დადებს.
გოგა
22:15 29-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული