გრიგალავა: მთავარია, ბელარუსთან მატჩისთვის ჯანმრთელად ვიყოთ და პრობლემა არ გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ ინტერვიუ მისცა "სპორტ-ექსპრესს", რომლის თქვენთვის საინტერესო, შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

30 წლის ფეხბურთელს ორი სამშობლო აქვს. გია გრიგალავა საქართველოში დაიბადა და რუსეთში გაიზარდა. თამაშობდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული გუნდი აირჩია. მისით "აიაქსი" იყო დაინტერესებული, ასპარეზობდა "როსტოვში", როსტოვის სკა-ში, "მოსკვაში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში", ხოლო "ანჟიდან" კვიპროსში სკანდალით გაემგზავრა.

"არსენალში" გრიგალავა 2017 წლის იანვრიდანაა და ერთ-ერთი შეუცვლელია. ორჯერ მიაყენეს სახის სერიოზული ტრავმა, მაგრამ სწრაფად დაბრუნდა და დიდხანს ასპარეზობდა ნიღბით.

- ევროპის ჩემპიონატი
საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა, საკვალიფიკაციოდან ორიოდ ნაბიჯი გაშორებთ. ქვეყანა უკვე მარტის მატჩების მოლოდინშია?

- დიახ, როგორც კი ცნობილი გახდა პირველი მეტოქე და შეხვედრის გამართვის თარიღი, მთელი ქვეყანა ამ თამაშების მოლოდინშია. ისევე როგორც ჩვენ, ფეხბურთელები. ყველას ესმის, რომ ეს შესაძლებელია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებია. ჩვენთვის ისტორიაში შესვლის კარგი შესაძლებლობაა. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. ვფიქრობ, სხვა მხრივ პრობლემა არ გვექნება - განწყობის და მომზადების საკითხში. გასაგებია, ევრო 2020-ზე თამაშის ოცნება მუშაობაში განსაკუთრებულ მოტივაციას მძენს. არამარტო მე, არამედ ნაკრების ყველა ფეხბურთელს. ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობა არასოდეს არ მიგვიღია, თუ გავალთ, დიდი ზეიმი იქნება. ეს ქართული ფეხბურთის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება. იმედია, მიზანს მივღწევთ.

- "არსენლის" მწვრთნელები ხშირად გეხუმრებიან, თუ ვისი ხილვა უნდათ უფრო მეტად ევროპირველობაზე - საქართველოსი თუ ბელარუსის (კიდევ ხომ ბულგარეთია კოსტადინოვით). საბოლოოდ როგორ აზრამდე მივიდა სამწვრთნელო შტაბი?
- მათ მტკიცე აზრი აქვთ: საქართველო უნდა გავიდეს. სხვებზე დღემდე მსჯელობენ (იცინის).

- ბელარუსთან მატჩი 26 მარტს გაქვთ - შემდეგ ჩემპიონატზე "სპარტაკთან" შეხვედრა გიწევთ. გასულ წელს "სპარტაკი" და "ლოკომოტივი" ორჯერ დაამარცხეთ, თან დიდი ანგარიშით. ასეთი მატჩების მერე თქვენი მეგობრები  ჯიქია, ჯანო და კვირკველია დიდხანს არ ურთიერთობენ თქვენთან?
- პრინციპში, ისინი ნორმალურად რეაგირებენ. უკვე მიეჩვივნენ, რომ ვამარცხებთ (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ერთმანეთს ვეხუმრებით, ნორმალურად, პოზიტიურად ვურთიერთობთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოუვიდა ჯანოს "სპარტაკში": ჯერ "კრილიაში" იჯარა, შემდეგ ისევ სათამაშო პრაქტიკის გარეშე კონონოვთან, მერე კი - განშორება კლუბთან?
- მან თითქმის 10 წელი ითამაშა "სპარტაკში", მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით უკეთ ყოფილიყო.  ყოველთვის ჯანმრთელობა ღალატობდა. თითქოს ფორმის პიკზე გავიდა კლუბსა და ნაკრებში - კოჭ-წვივის ტრავმა. შევიდა ფორმაში - ჯვარედინი მყესები. ერთიც და მეორეც რთულია. ეს რომ არა, ვფიქრობ, სულ სხვა დონეზე ითამაშებდა.

- ახლა ჯანო კვიპროსშია. ქეცბაია "ანორთოსისიდან" ისეთ ფეხბურთელად დააბრუნებს ნაკრებში, როგორიც გულშემატკივრებმა "სპარტაკში" შეიყვარეს?
- ჯანოს საქმეები ნორმლურად მისდის. თამაშობს, ფორმაში დგება. უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ამისათვის წავიდა კვიპროსში - რათა მარტში ნაკრების დასახმარებლად იყოს მზად. ჩემის აზრით, იქ დიდხანს არ გაჩერდება. თუ თავად არ მოისურვა დარჩენა.

- თქვენ კვიპროსში "პაფოსსა" და "ეთნიკოსში" თამაშობდით. რას იტვით მათ ჩემპიონტზე?
- ნორმალური დონეა. სუსტი არ არის, ვინაიდან ზოგიერთი კლუბი არაერთხელ გავიდა ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე. თუმცა, კონკურენტუნარიანი გუნდები რა თქმა უნდა, ერთეულებია.

- კვირკველია "ლოკომოტივში" საჩემპიონო და შემდგომ სეზონში შეუცვლელი იყო, მერე კინაღამ "ლესტერში" წავიდა. ბოლო ნახევარი წელი ხან მკურნალობდა და ხან სათადარიგოთა სკმზე მოწყენილი იჯდა. რა დაემართა?
- რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციას ნებისმიერი ფეხბურთელი განიცდის. კარგი სეზონების შემდეგ ყველაფერი სასურველად არ წაუვიდა. რაღაც უცნაური ტრავმა ჰქონდა, თავიდან ვერავინ დაუდგინა რა იყო, შემდეგ ვერ მოურჩინეს. სანამ ტრავმა მოირჩინა და ფორმაში ჩადგა, ნახევარი წელი გავიდა. რამდენადაც ვიცი, შეკრებაზე თავს კარგად გრძნობს. ასე რომ, გაზაფხულზე უნდა ითამაშოს და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.

- თქვენი მამა ყოფილი მორაგბე და ქალაქ მარტვილის მერია. მომავალში საკუთარ თავს ასეთ როლში არ ხედავთ?
- დიახ, მისი თანამდებობა ასე იწოდება, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ როლში ვერ ვხედავ. ახლა არა, ფეხბურთი სჯობია. იგივეს ვიტყვი რაგბიზე. არასოდეს მითამაშია, თუმცა სამოყვარულო დონეზე ვერკვევი. მატჩებს ვესწრებოდი, წესები ვიცი, ვინტერესდები. მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ექვსი ერის თასს ვუყურებ, შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ.

- თქვენს ნიღბებს რა ბედი ეწია?
- სახლში მაქვს, კარადაში. შორს დავდე. იმედია, მეტად აღარ დამჭირდება. უმჯობესია სუვენირებად შევინახო.

- ამბობდით, რომ სხარტ თავდამსხმელებთან თამაში უფრო გიჭირდათ, ვიდრე დიდებთან, მაგრამ ბოლო ორ წელიწადში თქვენს კარგ ნაცნობ ძიუბას კონკურენციას ვერავინ ვერ უწევს?
- პრინციპში, უკვე ისე მნიშვნელოვანი არ არის, მეტოქე დიდია თუ სხარტი, მთავარია შენ რამდენად ხარ მზად. პლუს თამაში იმაზეა დამოკიდებული, მსაჯი ბრძოლის უფლებას როგორ მოგცემს. იგივე ძიუბასთან, ზოგიერთ მატჩში მიკარებაც არ შეიძლება, ახლოს ყოფნაც კი. აი, მაშინ სამმაგად რთულია (იცინის).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრავმამედეგობის ანბანის სასწავლად მენტალური მომზადება აუცილებელია! ამის გარეშე ჩვენი პერსპექტიული ფეხბურთელები, ტრავმების გამო, მუდმივად პერსპექტიულებად დარჩებიან...
gujakakhadze
17:30 29-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული