ტულის "არსენალმა" თავისი გუნდის მცველს, გია გრიგალავას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილს გთავაზობთ.
- "არსენალში" წარმატებული თამაშის წყალობით რეგულარულად გიძახებენ საქართველოს ეროვნულ გუნდში. როგორ მიდის თქვენი ნაკრების საქმეები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- ვერ ვიტყვი, რომ შვეიცარიასთან, ირლანდიასთან და დანიასთან წაგებებმა მოგვცელა. უბრალოდ, სხვა შედეგს ველოდით. გასულ შემოდგომაზე საქართველომ კარგად გაიარა ერთა ლიგა. D ჯგუფში 5 მატჩი მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და უკვე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ვფიქრობთ. დიახ, წაგებები დავიმსახურეთ, მაგრამ საწყენი ისაა, რომ მეტოქეებს ნამდვილი ბრძოლა ვერ გავუმართეთ.
თუმცა, ჯერ არაფერი არაა დაკარგული. ვერ ვიტყვი, რომ ჯგუფში ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ძლიერები არიან, თუმცა კარგი სტატუსის მქონენი გახლავთ. ჩვენ მათთან თამაში შეგვიძლია. ეს თბილისში დანიასთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ დაამტკიცა - 0:0. ჯერ 4 ქულა გვაქვს და მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით. ჩვენ ძალიან ამბიციური გუნდი გვყავს, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია.
- საქართველოს ნაკრები თანდათან ახალგაზრდავდება, მაგრამ უკვე რეალურ ძალას წარმოადგენს...
- გუნდში საზღვარგარეთ მოასპარეზე ბიჭები გვყავს. ისინი თავიანთ კლუბებში გამოცდილებას იღებენ, სათადარიგოთა სკამზე კი არ სხედან. ადრე ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იყო. თუ სათამაშო პრაქტიკა არა გაქვს, ნაკრებში თამაში ძალიან ძნელია.
შანსი გვაქვს, ლიდერებს ევროპირველობის საგზურისთვის კონკურენცია გავუწიოთ და ბოლოს და ბოლოს ჩვენი გულშემტკივრები გავახაროთ. რთული იქნება. ახლა საჭიროა, სახლში ირლანდია, გასვლაზე კი გიბრალტარი დავამარცხოთ. თუ 6 ქულას ავიღებთ, მაშინ ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნება.
- გავაგრძელოთ საუბარი ახალგაზრდა ქართველ ტალანტებზე. "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა, როდესაც 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაიტოვა...
- ხვიჩა ძალინ ნიჭიერი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, პროგრესირებას განაგრძობს და უახლოეს წლებში თავისი კლუბის ლიდერი გახდება. მომავალში ევროპის საუკეთესო გუნდებში თამაში შეეძლება.
- წელს "არსენალთან" კონტრაქტი კიდევ 2 სეზონით გააგრძელე. ჩვენ მოვლენების ასეთი განვითარებით მხოლოდ მოხარულები ვართ...
- რუსეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ყველაფერი მაწყობს. სასიამოვნოა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა. "არსენალი" ძალინ კარგი და ამბიციური პროექტია. სატურნირო ცხრილის ფსკერზე კი არ ვიმყოფებით, არამედ მაღალ მიზნებს ვისახავთ. "არსენალმა" უკანასკნელ 2 წელიწადში სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ. ამას ყურადღებას თვით ისინიც კი აქცევენ, რომლებსაც ამის შემჩნევა არ სურთ.