საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს აცნობა, რომ სერიოზული ტრავმა არ მიუღია და მათ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, რომელიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემს წარუმატებლობას, უთამაშებლობას და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას და მხარდაჭერას.
ახლა რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაშავების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება და სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო მომიწევს საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ
ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საბედნიეროდ, მუხლის მყესი გაწყვეტილი არ არის, მხოლოდ დაჭიმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მინდორზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულწრფელი მხარდაჭერისთვის", - წერს ანანიძე "ინსტაგრამზე".