პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა პორტალმა sportbox-მა ჩემპიონატის კორონავირუსის გამო შეჩერების პერიოდში მკითხველს რუსეთის პრემიერლიგის საუკეთეს 11-ეულის არჩევა მიანდო და მცველებს შორის ერთ-ერთ კანდიდატად ჯიმი ტაბიძე დაასახელა.
საუკეთესოთა გუნდი 4-4-2 სქემით შედგება და მათ შორის 2 ცენტრალური მცველი იქნება. აღნიშნულ 2 პოზიციაზე საიტმა 9 ფეხბურთელი წარმოადგინა - ჯიმი ტაბიძე, დმიტრი ჩისტიაკოვი ("როსტოვი"), იაროსლავ რაკიცკი ("ზენიტი"), სამუელ ჟიგო ("სპარტაკი"), ფილიპ ურემოვიჩი ("რუბინი"), ბრანისლავ ივანოვიჩი ("ზენიტი"), ნიკიტა ჩერნოვი ("კრილია სოვეტოვი"), უროშ რადაკოვიჩი ("ორენბურგი"), ჰერდუნ მაგნუსონი (ცსკა).
აი, რას წერს გამოცემა "უფას" ახალგაზრდა მცველზე:
"დღეს
საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი "უფას" ყველაზე ძვირფასი აქტივია. კლუბმა კი ბოლო დროს კარგად ისწავლა ფეხბურთელების ტრანსფერებიდან ფულის შოვნა. გასაკვირი არ იქნება, თუ ტაბიძე მომავალ ზაფხულში დატოვებს კლუბს, უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებს და კლუბსაც რეკორდულ თანხას მოუტანს.
აი, თავად "უფამ" კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უნდა იფიქროს (2 წელში იწურება), თორემ დიდი კლუბები ქართველს წაართმევენ. დიდი წილით ტაბიძის საიმედო თამაშის დამსახურებითაა, რომ ვადიმ ევსეევის გუნდი ლიგაში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლით "ზენიტის" შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
ჯიმის კარგი საშუალო მაჩვენებელი აქვს ყველა მთავარ მახასიათებელში და მაღალ შეფასებას იმსახურებს. ის რუსეთის პრემიერლიგის არცერთ წამყვან გუნდში არ დაიკარგება."