გუშინ, 1-ელ ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში, "რუბინის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელი და კოლეგა იონუც ნედელჩეარუ მწვრთნელის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოედანი არ დატოვა.
ბოლოს ამგვარი მოქმედებით თავი "ჩელსის" მეკარე კეპა არისაბალაგამ გამოიჩინა, რომელმაც მაურისიო სარი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა, თუმცა "უფას" დამრიგებელ ვადიმ ევსეევს მსგავსი რეაქცია არ ჰქონია.
ნედელჩარუს ძალიან უჭირდა ხვიჩა კვარაცხელიასთან გამკლავება და ქართველის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო პირველივე ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი.
უკვე 55-ე წუთზე მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა, რადგან კვარაცხელიას წინააღმდეგ არაფერი გამოდიოდა, თან ყვითელი ბარათი ჰქონდა, დაზიანებაც მიიღო, მაგრამ ფეხბურთელმა მოედანი არ დატოვა. მომენტიდან 10 წუთის შემდეგ ხვიჩამ ისევ გააბითურა რუმინელი მცველი და გაშვებული გოლისაგან "უფა" მეკარე ბელონოვმა იხსნა.
ნედელჩეარუ მარჯვენა ცენტრალური მცველია და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი სამსახურით "რომა" და "უდინეზე" არიან დაინტერესებულნი. კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს 24 წლის მცველის ყიდვა ინგლისის პრემიერლიგის "უოტფორდს" სურდა, თუმცა ბაშქირები შემოთავაზებულმა თანხამ არ დააკმაყოფილა.
კოლეგისაგან განსხვავებით, ჯიმი ტაბიძე მატჩის განმავლობაში თითქმის უშეცდომო იყო, "რუბინის" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გასცდა ქართველ მცველს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯიმის ხვიჩას წინააღმდეგ თამაში არ უწევდა და ნედელჩეარუსგან განსხვავებით, ნაკლები საქმე ჰქონდა.
"უფას" მწვრთნელი: ტაბიძე "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" თავისუფლად ითამაშებდა