კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლიმასოლში 0:1 დამარცხდა აელ-თან.
ტრავმის გამო სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო თორნიკე ოქრიაშვილი. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ქვილითაია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.
"ანორთოსისმა" ეს მატჩი უხეიროდ ჩაატარა და გამარჯვების გოლი ბელგიელმა თავდამსხმელმა რიან მაემ 66-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ ქვილითაიამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მატჩისას ძალიან ნერვიულობდა ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ დაიჩივლა:
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. არაფერი არ გამოგვივიდა და შედეგიც შესაბამისია".
"ანორთოსისი" და "აპოლონი" 23-23 ქულით ლიდერები არიან.