სლუცკი: დახმარება ხვიჩასნაირ ნიჭიერებს სჭირდებათ, უნიჭოები თავს თვითონ მიხედავენ

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "ბიზნეს ონლაინს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"გუნდში ტრანსფერების საკითხი უკვე დასრულებულია, მაგრამ არ ვიცი, ხვიჩას სანაცვლოდ თუ 100 მილიონს გადაიხდიან, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

"რუბინში" ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "არ ვიცი, გავვარდებით თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქ ტყუილად არ მოვსულვარ, რადგან გუნდში ხვიჩა კვარაცხელია მყავს". მას შემდეგ ეს აზრი ტვინში სულ უფრო და უფრო ჩამებეჭდა. რა სხვაობაა მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის? ადრეც ვთქვი, ჩემთვის
მნიშვნელოვანია ვნახო ფეხბურთელი, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია. ფეხბურთელების 95%-ს, რომლებთან მუშაობაც გიწევს, გარკვეული შეზღუდვა აქვს: მენტალიტეტი, სისწრაფე, ტექნიკა, ფიზიკა, ანთროპოლოგიური მონაცემები. ხვიჩას კი ასეთ ზღვარს ვერ უპოვი.

ფეხბურთელებიდან, ვისი თამაშიც რეალურად მინახავს, ხვიჩა ყველაზე მეტად ედენ აზარს ჰგავს. მახსოვს, "ლილს" ვეთამაშებოდით და ახალგაზრდა აზარმა ძალიან გამაოცა.

ხვიჩა ბუნებრივი ტალანტია თუ აღზრდის შედეგი? იცით, ყველა, ვისაც კი დიდ ტალანტთან შეხება ჰქონია, ტრაბახობს, რომ მთავარი ზეგავლენა სწორედ მან მოახდინა. ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ ისე, როგორც სურთ, მაგრამ რეალურად, ეს გენეტიკა და ცხოვრებისადმი სწორი მიდგომების შედეგია, რომელიც, ჩემი აზრით, გენეტიკასთან ასევე ახლოსაა. ბუნებრივია, ბავშვობაში ხვიჩას ფეხბურთის სიყვარულს ასწავლიდნენ, ავარჯიშებდნენ და ამუშავებდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, მას ეს სპორტი უბრალოდ უყვარს.

ვფიქრობ, ქართული ფესვები ძალიან მოქმედებს. როცა სამხრეთკავკასიელ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, გონებაში არასტანდარტული დრიბლინგი გვახსენდება. სწორედ ამას აფასებდნენ მათში და ამის გამო უყვარდათ. ბუნებრივია, ეროვნებამ ასეთი სტილის ფეხბურთელად ჩამოყალიბაში დიდი როლი ითამაშა.

როცა "რუბინში" მოვედი, ძალიან გამიკვირდა, რომ კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყო. არადა, გუნდში ყველაზე ნიჭიერი გახლდათ. მე არავის განვსჯი, ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში არა მხოლოდ მოტყუების რაოდენობით, არამედ დაკარგვებითაც პირველ ადგილზეა. მახსოვს, ვარჯიშებზე გამოცდილი ფეხბურთელები ეძახდნენ: "კვარა, ისევ დაკარგე ბურთი. რატომ უნდა გდიოთ სულ უკან და დაგაზღვიოთ?"

საკუთარ საქმეს ასე ვუყურებ: მომეცა შანსი, ვიმუშაო ადამიანებთან, რომლებიც ღმერთმა დააჯილდოვა. ვინ ვარ ისეთი, რომ ასეთი ტალანტი ჩავკლა? ვფიქრობ, ჩემი დანიშნულება მისი მაქსიმალურად გაზრდა და განვითარებაა. დახმარება ნიჭიერებს სჭირდებათ, უნიჭოები თავად მიხედავენ საკუთარ თავს. ეს ჩემი პროფესიის განუყრელი შინაარსია.

გარანტიის მოცემა არ შემიძლია, რომ ხვიჩას ვარსკვლავური სენი არ შეეყრება, რადგან ცხოვრებაში წინასწარმეტყველება აზრს მოკლებულია. თუმცა, საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას მივცემ, რომ ხვიჩა მაქსიმალურად არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ამ ზეგავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს. ამისი ნიშნები მას არ აქვს. თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმა მე არ ძალმმიძს.

არ ვიცი, შევინარჩუნებთ თუ არა მას მომავალ სეზონში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ევროპისთვის თუ არის მზად? შესაძლოა, ტოპ-გუნდებისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ სუბტოპებისთვის კი შესაფერისია - გუნდებისთვის, რომლებიც სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იკავებენ.

დორტმუნდის "ბორუსია" უფრო ტოპებთან ახლოსაა, აი, "ლევერკუზენისთვის" კი ხვიჩა ნამდვილად მომზადებულია. მას ტოპ-გუნდამდე კიდევ ერთი ნაბიჯი სჭირდება, რათა თავდაჯერება მოემატოს. მისი ასაკის გათვალისწინებით კი, საგანგაშო არაფერია.

როგორც მწვრთნელი, ხვიჩას გუნდში კიდევ ერთი სეზონით დასატოვებლად ყველაფერს გავაკეთებ თუ არა? არა, არავითარ შემთხვევაში. ვოლიერის ზომა მასში მობინადრე მხეცის ზომას შეეფერება. დათვს თუ ჩიტის გალიაში ჩასვამთ, თავს კომფორტულად არ იგრძნობს. თუ ნათელი იქნება, რომ ის ჩვენთვის გადაიზარდა და ახალი ნაბიჯი სჭირდება, მე წინააღმდეგობას არ გავუწევ."

მკითხველის კომენტარები / 24 /
იური სიომინი კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად, ყველაზე კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს ნიჭიერებსაც და უნიჭოებსაც
გიორგი
08:36 06-02-2021
4
აი მწვრთნელი! და კარგი ადამიანი! ღირსეული კაცი!
გადასარევი გიორგი
02:11 06-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული