"ამაზე იშვიათად ვსაუბრობ" - გურამ გიორბელიძის დებიუტი ასაკობრივი ნაკრებების გარეშე...

AutoSharing Option
ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობის დასაწყისში ბევრი პოზიტიური ფაქტორიდან ერთ-ერთი ისაა, რომ ფრანგი სპეციალისტი დებიუტანტებს თამამად ენდო.

გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ მარცხენა მცველად სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები ისინჯებოდნენ. აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს გამორჩეულ ფლანგელ სანიოლისგან შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ვიგრძენით, რომ ხსენებულ პოზიციაზე კვალიფიციურ მარცხენა მცველზე დაყრდნობას აპირებდა. ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მცველმა გურამ გიორბელიძემ მოლოდინები სრულად გაამართლა.

მას ავსტრიაში დავუკავშირდით...

- ნიდერლანდებთან ამხანაგურზე...
- მთავარ მწვრთნელთან ერთად ყოფნისთვის დიდი დრო არ გვქონია. შესაბამისად, ივნისის შეკრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამხანაგურ შეხვედრებში, მათ შორის, ნიდერლანდების ნაკრებთან, მეტ გამოცდილებასა და  თავდაჯერებას შევიძენთ. ასევე, ტაქტიკური მონახაზების დასამუშავებლადაც შეკრებას ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

- მიზანი შესრულებულია - თუმცა ყველაფერი ახლა იწყება!..
-
მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რათა სანაკრებო შანსი მიმეღო და მოთმინებით ველოდებოდი მოწვევას. ბოლო პერიოდში, კლუბში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, თამაშიც ნაკლებად  მიწევდა, თუმცა საკუთარ თავზე ვმუშაობდი, რათა კარიერულ მიზნებში ხელი არ შემშლოდა... სპორტსმენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდულ ასაკში, ბევრი რამის დათმობა  უწევს...

- როცა ფიზიკურად ყველა ძლიერია...

- ფიზიკური მომზადების კუთხით პრობლემები ეროვნულ ლიგაში გამოსვლის დროსაც არ  მქონია, თუმცა ავსტრიაში ამ კომპონენტში არაერთი გუნდია გამორჩეული. არაერთი  ფეხბურთელი ფარავს ბევრ კილომეტრს. შესაბამისად, უფრო ძლიერ ვიზავისთან მეტი  ენერგიის დახარჯვა გჭირდება.
იმაზე ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ევროპალიგის შეხვედრების გამოტოვება მომიხდა და ამან კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მიღების საშუალება წამართვა.

- კონტრაქტი ჩაშლის პირას და გიორგი ფოფხაძის როლი...

- როგორც მოგეხსენებათ, ავსტრიაში გადაბარგებამდე, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, ტრავმა მივიღე. საუბარი იმაზეც იყო, დაზიანება იმ სიძლიერის ყოფილიყო, ფეხბურთს ძალიან დიდი ხნით გამოვკლებოდი. ასეთ დროს გიორი ფოფხაძისგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი. მან ყველაფერი გააკეთა, რათა დაერწმუნებინა "ვოლფსბერგერის" ხელმძღვანელობა, ჰქონოდათ ჩემი ტრანსფერის იმედი...
შეთავაზებებს რაც შეეხება, სხვა გუნდებიდანაც იყო, თუმცა ავსტრიელების მხრიდან მეტი კონკრეტიკა მივიღეთ.

- რატომ არ გაუვლია ასაკობრივი ნაკრებები და ვინ მიიჩნევს წარმატების ხელშემწყობად?!
- ისე მოხდა, ასაკობრივ ნაკრებებში არ მომცემია თამაშის შესაძლებლობა. გამოძახებული ვიყავი ახალგაზრდულ ნაკრებში... ამაზე იშვიათად ვსაუბრობ, მაგრამ რომ არა მამაჩემის მოწადინება,   გამიჭირდებოდა მაღალ დონეზე ასპარეზობა. იგი სულ გვერდით მყავდა, შეხვედრების დროს ფლანგს იცვლიდა, რათა მუდმივად ახლოს ყოფილიყო ჩემთან...

- მარსელო და უფრო დიდი მიზნები...
- ჩემი ამპლუის მოთამაშეებისგან საუკეთესო მარსელო მგონია. იგი მოედანზე, ფაქტობრივად, ცეკვავს და ჩემთვის  მისაბაძი ფეხბურთელია.
ზოგადად, რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია, უფრო დიდ გუნდში ვითამაშო. "ვოლფსბერგერის" მადლობელი ვარ, მათ სანაკრებო გზა გამიხსნეს, თუმცა პროგრესი გამუდმებით მწყურია...

- კვარაცხელია ძალიან მეხმარებოდა...
- ხვიჩა კვარაცხლია, უშუალო მოვლენების გარდა, დაცვითი ფუნქციების შესრულებაშიც ძალიან მეხმარებოდა. ზოგადად, ნაკრებში არ მიგრძვნია დებიუტანტობა - მთავარი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებდნენ, თავი დებიუტანტად არ მეგრძნო.

- როცა ნაკრების ფორმა გაცვია...
- სანამ პატარა შანსი მაინც არის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ. როცა ნაკრების ფორმა გაცვია, მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო!



მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს ეტყობა რომ ჟილკიანი ფეხბურთელია! სწრაფიცაა და ძლიერიც!ვუსურვებ წარმატებებს!
რობი
13:54 07-04-2021
0

სიახლეები პოპულარული