სერია A-ს სკაუტმა ალეკს ველიკიხმა matchtv-სთან რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების იტალიაში შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოთქვა მოსაზრება.
ველიკიხი უკრაინელია, იტალიაში 2004 წლიდან მოღვაწეობს, "ლივორნოში" მუშაობს და "იუვენტუსთან", "მილანთან", "ატალანტასთან", "სიენასთან", "ფიორენტინასა" და "ემპოლისთან" თანამშრომლობს.
"რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების მიმართ ინტერესი არსებობს. უდავოდ ის იმაზე ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იყო, როდესაც იმავე ძიუბათი დაინტერესდნენ, თუმცა მაინც არის. საუბარი იმდენად რუსებზე არაა, რამდენადაც მთლიანად პრემიერლიგის მოთამაშეებზე.
პროფილის მიხედვით, ლიდერი ულაპარაკოდ ხვიჩა კვარაცხელიაა. ასევე მაღალი ინტერესია ვლაშიჩისადმი და ბოლო ორი
სეზონია - სერდარ აზმუნისადმი. ურიგოდ არ გამოიყურებიან ცსკა-ს ახალგაზრდები - მარადიშვილი, დივეევი და კარპოვი. მათ რიგი კლუბები აკვირდებიან, მაგრამ საქმე იმაშია, ეს რამდენად ხშირად ხდება და - ფასში.
მიუხედავად რუსეთის პრემიერლიგის საშეჯიბრო დონისა, ფეხბურთელებისადმი დაინტერესებას მათი ნაკრებში და ევროტურნირებზე მონაწილეობა ზრდის. თუმცა რუსეთიდან ფეხბურთელების ფასები და იტალიური კლუბების შესაძლებლობები ახლა მთლად თანხვედრაში არაა.
ვთვლი, რომ ყველაზე სავარაუდო ვლაშიჩისა და აზმუნის წასვლაა. კვარაცხელიას შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მისი სამსახურით დაინტერესებული კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე. თუ "რუბინი" ევროტურნირებზე გავა, ლოგიკური იქნება ხვიჩას კიდევ ერთი სეზონით დარჩენა. ევროტურნირებზე ასპარეზობა საშუალებას მისცემს, მომავალ გაყიდვასთან დაკავშირებით დიალოგი უფრო ძლიერი პოზიციიდან აწარმოონ.
რაც შეეხება ჯიქიას, მისდამი გარკვეული დაინტერესება ორი კლუბის მიერ გასული წლის ზაფხულში იყო და შესაძლოა, ამ საკითხს უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას დაუბრუნდნენ, რომელიც ეკონომიკური კრიზისის, პანდემიის, მომავალი ევროპირველობის, ოლიმპიადისა და სუპერლიგის მოვლენების გათვალისწინებით რთული იქნება".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი "მილანი", "იუვენტუსი", "ინტერი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი. უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრისას რუსეთის პრემიერლიგიდან იტალიაში ოთხი ტრანსფერი განხორციელდა: ალეკსეი მირანჩუკი "ატალანტაში" გადავიდა, ალეკსანდრ კოკორინი - "ფიორენტინაში", ელდორ შომორუდოვი - "ჯენოაში", ხოლო ადოლფო გაიჩი - "ბენევენტოში", იჯარით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით.