ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ირლანდიურ "შემრიკთან" მატჩების წინ, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ავსტრიული "კაფენბერგი" 4:1 დაამარცხა. გუნდის ახალწვეულები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მონაწილეობა მესამე გატანილ გოლში მიიღო.
შეხვედრის 54-ე წუთზე კანკავამ გრძელი გადაცემა გააკეთა, რასაც კიდევ ერთი მოკლე პასი და "სლოვანის" მესამე გოლი მოჰყვა.
"კაფენბერგის" ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ელოშვილი, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. სხვათა შორის, ავსტრიელები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ვაისის გუნდმა თამაში დაალაგა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის გუნდი ამხანაგურ მატჩებს სლოვენიურ "მარიბორთან", რუსეთის "ორენბურგთან" და ჩეხეთის "ზლინთანაც" გამართავს.
ვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის