ua-football: ხოჭოლავამ "შახტარიდან" ყველაფერი გამოწურა და ბედნიერი ბილეთი გამოაძრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინული მედია და მეტადრე ua-football-ი ხშირად აკრიტიკებდა "შახტარის" მცველ დავით ხოჭოლავას, ხან სამართლიანად, ხან კი ზედმეტადაც. აღნიშნულმა გამოცემამ დღეს "კოპენჰაგენში" გადასულ ქართველ ლეგიონერს რუბრიკაში - "საფეხბურთო დღის გმირი" - მიუჩინა ადგილი.

ერთს ვიტყვით მხოლოდ: უშეცდომო არავინაა, მაგრამ ის დონბასური გუნდისთვის ნამდვილად სასარგებლო ფეხბურთელი იყო და სიტყვაზე, ვთქვათ და, უკრაინის ნაკრებს მისი მსგავსი ცენტრბეკი რომ ჰყოლოდა, ინგლისთან ევროპირველობაზე მეორე სართულზე ასე არ დაიჩაგრებოდნენ და შესაბამისად, არ განადგურდებოდნენ.

ასეთი დონის მოთამაშისთვის ყველაზე ცუდი კარიერული გზა არ არის

"რომ არა მარლონის შეძენა, "შახტარისთვის"
დაცვაში რაღაცის შეცვლა მაინც აუცილებელი იყო. რომ არაფერი ვთქვათ ევროტურნირებზე, უკანასკნელ ხანს დაცვაში "შახტარის" თამაში თვით უკრაინის ჩემპიონატისთვისაც კი არაფრად ვარგოდა. დავით ხოჭოლავა ყველაზე უარესი როდი გახლდათ, უბრალოდ მისი მოედანზე გასვლა მუდამ დაძაბულად აღიქმებოდა. აი, აი, რაღაცას "მოიტანს".

ასეთად დღემდე რჩება ვიტაო, მაგრამ ის გაცილებით ახალგაზრდაა. ამიტომ მისი ხალხში გაყვანის ცდა ჯერ კიდევ შეიძლება. არის ვალერი ბონდარი, რომელსაც გარკვეული დრო ტრავმის შემდეგ აღსადგენად დასჭირდება. ძირითადის შორიახლოს სერგეი კრივცოვი იქნება, რომლის გვერდით ბრაზილიელ მარლონს თანდათან აათამაშებენ. ახალგაზრდობაც ჩასანაცვლებლად ემზადება. ნიკოლაი მატვიენკო უნივერსალური მებრძოლია, შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე.

დავით ხოჭოლავა უნარიანად მოაწყვეს ევროპაში. "კოპენჰაგენი" კარიერის განვითარებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის, ხოლო დანია საცხოვრებლად შესანიშნავი ქვეყანაა. "შახტარი" "სუფთად" ორ მილიონს მიიღებს და კიდევ ამდენივე შეუძლია ბონუსების სახით მიიღოს. დაგვეთანხმებით, ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მარიუპოლის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის გამოწერა.

უკრაინელთა უმეტესობა, რომლებიც "შახტარში" ვერ დამკვიდრდნენ, სწორედ ამ მიმართულებით მიემართება. უკეთეს შემთხვევაში ბელგიაში გადაბარგდებიან. ლეგიონერებს უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ხოჭოლავამ არაპოპულარული მიმართულება "გამოიკვლია". დანიაში თავისი ფეხბურთელები "შახტარს" ჯერ არასოდეს გაუყიდია.

"კოპენჰაგენს" გასულ სეზონში ძალიან წარმატებულად არ უასპარეზია, ჩემპიონთა ლიგაზე ხორვატიულ "რიეკასთან" დამარცხდა, რომელმაც იქამდე უკრაინულ "კოლოსს" სძლია. ჩემპიონატი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე მეორე საკვლიფიკაციო ეტაპიდან ჩართვის უფლება მიიღო, სადაც მისი პირველი მეტოქე "ტორპედო-ბელაზი" იქნება.

"შახტარი" ახლდება და უკრაინის ჩემპიონატის ხარისხის ასამღლებლად ეს განახლება ჰაერივით აუცილებელია. განახლება დაკავშირებულია არა მარტო ახალი ფეხბურთელების შეძენასთან, არამედ ძველებთან განშორებასთან. ხოჭოლავამ ისედაც გამოაძრო თავისი ბედნიერი ბილეთი - "ჩერნომორეციდან" "შახტარში" გადავიდა და იჯარით სადღაც არ "გაიჩხირა". ახლა კი კიდევ კარგ უცხოურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა "შახტარში" გადასვლით, ქართველმა გამოწურა. ახლა თითოეულს თავისი გზა აქვს".

დღეს ხოჭოლავა თავის აწ უკვე ყოფილ გუნდს ემოციურად დაემშვიდობა და ეს ვიდეო "შახტარმა" თავის საიტზე გამოაქვეყნა.

ჩვენ კი მას ახალ გუნდსა და საქართველოს ნაკრებში წარმატებები ვუსურვოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული