ხოჭოლავას "კოპენჰაგენში" მეორე სუნთქვა გაეხსნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ჩინებულად ასპარეზობს "კოპენჰაგენში", სადაც კარგი გუნდი, მწვრთნელი და ატმოსფერო დახვდა და ისე ირჯება, თითქოს იქ უკვე დიდი ხანია არის. ჩემპიონატის სტარტზე ფრედ დასრულებული ორი მატჩის შემდეგ დედაქალაქელებმა სამი გამარჯვება იზეიმეს, 11 ქულით მესამე ადგილზე არიან, ლიდერ "რანდერსს" 2 ქულით ჩამორჩებიან და 22 აგვისტოს, მე-6 ტურში "სონდერისკეს" უმასპინძლებენ.

ხოჭოლავამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, უშეცდომოდ თამაშობს, "ბრონდბიუსთან" გოლიც გაიტანა და ძალიან ემადლიერებიან. Tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ ქართველმა უპრობლემოდ შეცვალა "გალათასარაიში" გადასული ვიქტორ ნელსონი. გუშინ სტუმრად "ორჰუსთან" მოგებულ შეხვედრაშიც
(3:1) კარგად გაისარჯა და გოლის გატანასთან ახლოს იყო. ადრე საქართველოს ნაკრებში მუდამ პრობლემა გახლდათ, რომ ცენტრალური მცველები სტანდარტულებისას მეტოქისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, დავითი კი უკვე ყოველი კუთხურისა და საჯარიმოსას ჩადის მოწინააღმდეგის საჯარიმოში. 37-ე წუთზე ორი მცველი დაჯაბნა მეორე სართულზე და ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

"ორჰუსის" 22 175-იან სტადიონზე თამაშს 12 ათასი მაყურებელი დაესწრო, მათგან კი 1 100 სტუმართა ფანი იყო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი გუნდმა მათთან ერთად იზეიმა გამარჯვება.

19 აგვისტოს "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "სივასპორს" დაუპირისპირდება, რომელმაც ბათუმის "დინამოს" სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული