ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია "მეტალისტი 1925"-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბი ავრცელებს.
ხარკოვულ კლუბში კვირკველიას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.
"მეტალისტი 1925" ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა და 16 ოქტომბერს "მარიუპოლს" დაუპირისპირდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და არ გაუგრძელეს, კარიერას რომელიმე ევროპულ კლუბში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებდა და მან "პანათინაიკოსში" გადასვლაზე უარი თქვა.
"მეტალისტი 1925"-ის მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა თქვა, რომ კვირკველია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს
ნაკრებში 40-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდს ძალიან გააძლიერებს, მით უმეტეს, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ და მისი ძალიან ეიმედებათ.