ისევე როგორც გიორგი მიქაუტაძე, 23 წლის მაროკოული წარმოშობის ფრანგი ნახევარმცველი იუსეფ მაზიზი "მეცის" საკუთრებაა და "სერენში" იჯარის წესით თამაშობს. ამ სეზონში მაზიზმა და მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე 5-5 გოლი გაიტანეს და გუნდის ბომბარდირები არიან. მაზიზმა ვრცელი ინტერვიუ მისცა rtbf-ს და ქართველის შესახებაც ისაუბრა:
"ჟორჟი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი და ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევს! დაბრუნდა თუ არა, 5 გოლი გაიტანა. მოედანზე კარგი ურთიერთმოქმედება გვაქვს, მატჩებისას ერთმანეთს ხშირად ვეძებთ: ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს - სწრაფად შეტევა, ერთი ან ორი შეხებით გადაცემების
გაკეთება. ბავშვობიდან მომწონდა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს თავისუფლად ფლობდნენ: რონალდინიო, მესი და ზიდანი".
20 ნოემბერს "სერენი" გასვლაზე "ლეუვენს" დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს. walfoot-ის ცნობით, გუნდს ვერ დაეხმარებიან მცველები სამბუ მანსონი (კორონავირუსით დაინფიცირდა), ფრანკო დ'ონოფრიო (ტრავმა) დ მორგან პოატიე (ტრავმა), მიქაუტაძემ მცირე ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ მის თამაშს, ალბათ, არ გარისკავენ.