"რადგან პრემიერლიგა ვთქვი, იყოს... "ნიუკასლი“ - ინტერვიუ საბა ლობჟანიძესთან

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა: ანტაკიის "ჰათაისპორის“ ქართველმა ლეგიონერმა "გალათასარაისთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ლომის წილი დაიდო "ლომების“ დამარცხებაში. ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ახალ კლუბში ჩინებული სტატისტიკა აქვს: 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა! 27 წლის ფეხბურთელის შედეგიან თამაშს თურქულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა კი სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარიც დაუტოვა – რამდენიმე გოლი ნაკრებისთვისაც შეინახეო! საბა ლობჟანიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ "გალათასარაიზე“ საუბრით დავიწყეთ:

– თურქულ მედიაში მართლაც ლაპარაკობენ "გალათასარაის“ ინტერესის
შესახებ, მაგრამ კონკრეტული წინადადებით ჩემთან ჯერ არავინ მოსულა. რომ შემეძლოს, სავარაუდო ტრანსფერებზე ლაპარაკს საერთოდ ავკრძალავდი. არ მომწონს, წინასწარ რომ აგებენ ათასგვარ თეორიას, ავრცელებენ უამრავ ინფორმაციას, საიდანაც შეუძლებელია ჭორ-მართალის გარჩევა. თუ კარგად თამაშობ და ვინმეს დააინტერესებ, შენამდე ისედაც მოვა, რა საჭიროა წინასწარ ბევრი ლაპარაკი?!

– ბევრჯერ გვინახავს, რა შედეგიც მოაქვს წინასწარ ატეხილ აჟიოტაჟს და "ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილ“ ტრანსფერებს. ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითიც კმარა!
– დიდი იმედგაცრუებაა, როცა დაიჯერებ, რომ საქმე უკვე ბოლომდეა მიყვანილი, საბოლოოდ კი სხვა შედეგს იღებ. ამიტომაც, წინასწარ მარჩიელობასა და მოლოდინს სჯობს, მთლიანად შენს თამაშებზე იყო კონცენტრირებული – თუ კარგად ითამაშებ, კონკრეტული შემოთავაზებებიც იქნება!

– რამდენად რეალური ინტერესია – არ ვიცი, მაგრამ "გალათასარაის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მაინც ორმაგად მოტივირებული გახვიდოდი. არა?

– მონდომება არ მაკლდა – ბევრი ვირბინე, დაცვასაც ვეხმარებოდი და შეტევაშიც აქტიური ვიყავი. შედეგიანი თამაში სწორედ ამის დამსახურებაა, თორემ რაკი სტამბოლის კლუბის ინტერესის შესახებ ვიცოდი, განსაკუთრებულად მოვინდომე-მეთქი, არ არის მართალი. უბრალოდ, ძალიან მინდოდა მოგება! იმ შეხვედრაში იღბალიც ჩვენს მხარეს იყო: 1:0 დაწინაურების შემდეგ, ვან აანჰოლტს პენალტი რომ გაეტანა, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება – სტუმრებმა ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

– სტამბოლელების კარში გატანილი ორი ბურთით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდი. შედეგიან თამაშს თურქულ პრესაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
– გამოხმაურება დიდი იყო, თუმცა, თუ დამიჯერებთ, ასეთ რაღაცებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. თვალთმაქცობას არ დავიწყებ – მსიამოვნებს პოზიტიური შეფასებები, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ვცდილობ, სეზონის ბოლომდე დარჩენილ შეხვედრებზე ვიყო კონცენტრირებული.

– თურქული ფეხბურთის გრანდთან გამარჯვების შემდეგ, გასულ კვირას კიდევ ორი მატჩი ითამაშეთ, თუმცა სასიამოვნოდ გასახსენებელი არცერთი იქნება: "ალანიასპორთან“ 0:6 განადგურდით, მერე კი, საკუთარ მოედანზე "რიზესპორთანაც“ დაკარგეთ 2 ქულა...
– ალანიაში საშინლად ვითამაშეთ. მე-17 წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ დაცვაში ძალიან ავირიეთ, მასპინძლებს კი ყველაფერში უმართლებდათ და ლამის ყველა შეტევა გოლით დაასრულეს. პირველ წრეში „ალანიასპორს“ 5:0 მოვუგეთ. ბუნებრივია, განმეორებით მატჩში განსაკუთრებულად მოინდომეს და ფაქტია – აიღეს კიდეც სრულფასოვანი რევანში. ასეთი ანგარიშით წაგებას ვერანაირი მიზეზით გაამართლებ, მაგრამ "გალათასარაისთან“ მატჩს უდიდესი ენერგია შევალიეთ და ალბათ, უსახური თამაშის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. რაც შეეხება „რიზესპორთან“ საშინაო შეხვედრას, თავი არ დაგვიზოგავს, დიდი უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ გოლი ვერაფრით გავიტანეთ.

– მონდომება ახსენე: რა აძლევს ფეხბურთელს სტიმულს? მაგალითად, შენს შემთხვევაში რა არის მთავარი მოტივატორი?
– წარმატებული ადამიანის მენტალობას გამომუშავება სჭირდება: აზროვნება უნდა შეიცვალო, თავი დაარწმუნო, რომ მიუღწეველი არაფერია! კმაყოფილიც რომ ვიყო საკუთარი თამაშითა და შედეგით, მაშინაც არასდროს ვამბობ, რომ ეს ჩემი მაქსიმუმია. "გალათასარაისთან“ გატანილი ორი ბურთი თვითკმაყოფილებას კი არა, მეტ მოტივაციას მაძლევს. სტიმული და მიზანი სპორტსმენის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, ამ ყველაფერს კი გამომუშავება სჭირდება.

– საბა ლობჟანიძისთვის, რომელიც საშუალო დონის ევროპული ჩემპიონატის საშუალო კლუბში თამაშობს, მთავარი მიზანი ჯერ თურქეთის რომელიმე გრანდში გადასვლაა და მხოლოდ ამის შემდეგ – უკეთეს ლიგაზე ფიქრი? თუ პირდაპირ "ინტერზე“, "სევილიაზე“ ან მადრიდის "რეალზე“ ოცნებობ?
– "რეალი“ კარგი იქნებოდა... თუმცა, თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ვადასტურებ, რომ გასულ წლებში გრძელვადიან გეგმებს სეზონის დასაწყისში ვადგენდი, ამჟამად კი, ასეთ რაღაცებზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. მხოლოდ უახლოეს მომავალზე ვარ კონცენტრირებული, ყოველ კვირას კონკრეტული მატჩისთვის ვემზადები ფიზიკურად და მენტალურად – მოედანზე უნდა გავიდე და ბოლომდე დავიხარჯო! ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს თამაშია. თუ დღეს ვერ ვითამაშე კარგად, სეზონის ბოლოზე წინასწარ ფიქრს რა აზრი აქვს?! დღეს კარგად ვითამაშე? ხვალ თავისთავად იქნება ინტერესი და შემოთავაზებები.

– "რეალი“ კარგი იქნებოდაო! შორს არ იყურები, მაგრამ არჩევანი რომ გქონდეს, ყველაზე დიდი სიამოვნებით რომელ ჩემპიონატსა და კლუბში ითამაშებდი?
– ტურინის "იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ პრემიერლიგა ევროპის უძლიერესი და ყველაზე სანახაობრივი საფეხბურთო პირველობაა. კლუბი? რადგან პრემიერლიგა ვთქვი, იყოს... "ნიუკასლი“. ოღონდ, თუ ჩემპიონშიფში არ დაქვეითდნენ!

– "ნიუკასლი“ ისეთმა ხალხმა იყიდა, ალბათ, უძლიერეს შემადგენლობას შეაგროვებენ. თუმცა, სანამ ალბიონზე გადაბარგდები, თურქეთის პირველობას დავუბრუნდეთ: ქვეყნის ჩემპიონობისთვის მხოლოდ "გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაში“ იბრძოდნენ ხოლმე, „ტრაბზოსპორსაც“ არა უშავდა... ბოლო წლებში კი ბევრი რამ შეიცვალა. რა ხდება – გრანდებს აქვთ კრიზისი თუ საერთო დონე გათანაბრდა?
– მაგალითად, დანიის ჩემპიონატში აშკარა იყო კლასში სხვაობა ჩემპიონატის ლიდერსა და აუტსაიდერს შორის, თურქეთში კი მარტივ გამარჯვებას ვერავისთან დაგეგმავ – აქ იოლი მატჩები აღარ არის! სუპერლიგის თითქმის ყველა კლუბს აქვს საკმარისი ბიუჯეტი ანგარიშგასაწევი შემადგენლობის შესაკრებად. ასე რომ, გრანდები კი არ დასუსტდნენ, სხვა კლუბები გაძლიერდნენ. საერთო დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ბოლო წლებში ჩამოყვანილმა "ხარისხიანმა“ ლეგიონერებმა კონკრეტული კლუბებიც გააძლიერეს და მთლიანად ჩემპიონატიც. ფალკაოს, იოზილის, პიანიჩის, ბილიას, თუნდაც ბალოტელის გვერდით ვარჯიში და თამაში თურქი ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილებაა.

– პანდემიამ მთელი მსოფლიო, ყველა სეგმენტი დააზარალა. გამონაკლისი არც თურქეთია: ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე, კრიზისი თურქულ კლუბებშიც იგრძნობა?

– კრიზისი ყველას შეეხო, თურქული ლირაც ძალიან ცუდ დღეშია, თუმცა განსაკუთრებულ პრობლემები არ იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, "ჰათაისპორში“ ნორმალური ვითარებაა.

– "ჰათაისპორში“„ანკარაგიუჯიუდან“ გადაბარგდი. გარდა იმისა, რომ თურქეთის დედაქალაქში აღარ ცხოვრობ, რა არის მთავარი განსხვავება ამ ორ კლუბს შორის?
– როგორც ქალაქი, ანკარა სჯობს. ისე კი, "ჰათაისპორში“ შედარებით ძლიერი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ, უფრო ტექნიკურებიც არიან, მეტ პასს ვიღებ და ამის დამსახურებაც არის, ამჟამინდელ კლუბში უფრო შედეგიანი რომ ვარ.

– ჰათაის პროვინცია თურქეთის უკიდურეს სამხრეთშია, პროვინციის დედაქალაქი ანტიოქია კი – ძ.წ. IV საუკუნეში დაარსებული, დიდი ისტორიის ქალაქი. ანტიოქია ადრექრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრესი ცენტრიც იყო და დღესაც ბევრი მართლმადიდებელი ცხოვრობს...

– დიახ, ანტიოქია (თურქულად "ანტაკია“ ჰქვია) უძველესი, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრიც აქ იყო და ახლაც საკმაოდ ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს. არაერთ საინტერესო მუზეუმსაც ნახავთ. სხვათა შორის, ანკარაშიც და ანტაკიაშიც პირად საუბარში ჩემთვის ბევრს უთქვამს – ლაზი, თქვენებური ვარო... ხმამაღლა, ყველას გასაგონად არ ამბობენ, მაგრამ ქართველთან შეხვედრისას მათგან დიდ სითბოს და ნოსტალგიას იგრძნობ.

– "ჰათაისპორის“ ახალ, 25-ათასიან სტადიონზე, დასწრების რეკორდი (12 ათასამდე მაყურებელი. – რ.შ.) სწორედ „გალათასარაისთან“ შეხვედრისას დამყარდა. ფეხბურთის მიმართ თურქი ქომაგების ფანატიკური სიყვარული ცნობილია. ანტაკიელ გულშემატკივრებზე რას იტყვი?

– ფეხბურთი აქაურებსაც ძალიან უყვართ. კოვიდშეზღუდვების გამო სტადიონის ტევადობის მხოლოდ 33%-ის შევსებაა დაშვებული, თორემ დარწმუნებული ვარ, "გალათასარაისთან“ მატჩზე ტრიბუნებზე არც დარჩებოდა ცარიელი ადგილი.

– საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ: გითამაშია როგორც ვაისის, ისე სანიოლის ხელმძღვანელობით. რა არის მთავარი განსხვავება ამ მწვრთნელებს შორის?
– განსხვავებული ხედვა და მიდგომა აქვთ როგორც ტაქტიკის, ისე ფეხბურთელების მიმართ. სანიოლი შედარებით ახალგაზრდაა, შეიძლება ითქვას – უფრო კომუნიკაბელურიც. ვერც ვაისს დააბრალებს ვინმე – ფეხბურთელებთან დისტანციას იცავსო, მაგრამ განსხვავება მაინც არის.

– კარგი სტარტის, რამდენიმე ექსპერიმენტისა და იმედგაცრუების შემდეგ სანიოლის გუნდმა წელი ომახიანად ჩაამთავრა – ზედიზედ სამი მატჩი მოიგეთ. ნაკრების ფეხბურთელის თვალით როგორ ჩანს ეს ყველაფერი? ფრანგმა მწვრთნელმა თავის შეცდომებზე ისწავლა, ბოლო შეხვედრებში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა მოძებნა თუ კრიტიკის შემდეგ ფეხბურთელებმა მოინდომეთ ორმაგად?
– ამაზე ვილი უკეთ გიპასუხებთ. ფაქტია, ბოლო შეხვედრებში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ბირთვის დამსახურებაა. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, შანსი ყველას ეძლევა და ალბათ, შემადგენლობაც შეიცვლება ხოლმე. რაც შეეხება კრიტიკას, შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ, მაგრამ თავს ნამდვილად არავინ ზოგავს – გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ნაკრების მაისური, ჩვენი გულშემატკივარი! ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ვითამაშოთ შედეგიანად.

– 2020 წლის 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურე: მოედნის კიდიდან როგორ ჩანდა მაკედონიასთან მარცხი, რატომ ვერ მოვახერხეთ "საუკუნის მატჩის“ მოგება?
– "მტკივნეული“ – ერთი სიტყვით, ალბათ, ასე თუ შევაფასებ იმ მატჩს და წაგებით გამოწვეულ სიმწარეს... რაც შეეხება მიზეზებს, ახალს ვერაფერს ვიტყვი და არც ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება შემიძლია. ფაქტია, რომ ბევრი რამ ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ძალიან გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ არ იყო ჩვენი დღე.

– "ყოველთვის უკეთესია იქ, სადაც არ ვართ...“ გქონდა განცდა – მოედანზე რომ ვყოფილიყავი, რაღაცის შეცვლას მაინც მოვახერხებდიო? თამაშის შესაძლებლობა არ მოგეცა, მაგრამ შენც თანაგუნდელებივით განიცდიდი ნაკრების მისამართით წამოსულ ემოციებს, გულისტკივილს, კრიტიკას?
– რა თქმა უნდა! ერთი გუნდი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშა და ვინ – არა. წაგება ძალიან განვიცადე... რაც შეეხება თამაშს, ცხადია, ძალიან მინდოდა, არ მეგულება ფეხბურთელი, მოედანზე გასვლა არ უნდოდეს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. მაგრამ ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ ითამაშებ.

– იმედია, წელს უფრო გაგვიმართლებს. რას ელი ერთა ლიგის მატჩებიდან?

– ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაა. მით უმეტეს, რომ დაუმარცხებელი მეტოქეები ნამდვილად არ გვყავს. პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ის თეორიაში კი არ უნდა დარჩეს, მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

– შენს ცხოვრებაში რა შეცვალა პანდემიამ? კარანტინში ყოფნისას ზოგმა ხატვა დაიწყო, სხვამ – ქსოვა, კულინარიის შესწავლა, ცეკვა და სხვ. საბა ლობჟანიძე რით "კლავდა დროს“?

– აქტიური ვარ, ყველაფერს „ვედები“ ხოლმე – ერთ რაღაცაზე „ჩაციკვლა“ არ მახასიათებს. თავისუფალ დროს შეიძლება კალათბურთის სათამაშოდ გავიდე, მეგობრებთან ერთად გავერთო ანდა შინ დავრჩე და ფილმს ვუყურო ან წავიკითხო.

– ბოლოს რა წაიკითხე?

– გელა ჩარკვიანის "ნაგერალა 80“. საინტერესო წიგნია. ძალიან დამწყვიტა გული ბატონი გელას გარდაცვალებამ. პანდემიის დროს კითხვისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო მქონდა, ბევრი ფილმი და სერიალიც ვნახე. ელექტრონული მუსიკაც მიყვარს და ცეკვაც. სხვათა შორის – კარანტინის დროს სახლშიც ვცეკვავდი ხოლმე.

– შორეულ გეგმებზე არ ვფიქრობო, მაგრამ... თვალი დახუჭე და წარმოიდგინე საბა ლობჟანიძე სამი-ოთხი წლის შემდეგ: სად ხედავ შენს თავს?
– სტადიონზე! რომელი სტადიონია, არ ვიცი, მაგრამ რაც მთავარია – ტრიბუნები სავსეა და მაყურებლის ყიჟინაც მესმის!

რატი შელეგია - სპეციალურად sportall.ge-სთვის

altინტერვიუ საბა ლობჟანიძესთან - საკლუბო და სანაკრებო ამბები

altსაბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

altსაბა ლობჟანიძე ნაკრებს ისევ შედეგიანი მოქმედებით უერთდება


მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მესიამოვნა ეს ინტერვიუ, რადგან საბას ფსიქიკა ძალიან კარგად გამოჩნდა, ასეთი ფსიქოლოგიური მიდგომებით ეს ბიჭი წინ წავა...! ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა ნიჭში და ფეხებში კი არა, მენტალიტეტსა და თავშია...
თემო
23:23 25-01-2022
0
თუ ნატვრაა,ნატვრა იყოს.სტადიონზე ხარ,ფეხბურთს თამაშობ.სტადიონი გადაჭედილია.შენ ბორჯღალოსანი მაისური გაცვია და შენი გუნდი,სტადიონის გუგუნში, უძლიერეს მეტოქეს უშანსოდ ამარცხებს.თანაც ფინალში!ღმერთო მოგვასწარი ამ დროს!
სოსო
22:03 25-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული