ინტერვიუ საბა ლობჟანიძესთან - საკლუბო და სანაკრებო ამბები

AutoSharing Option
თურქული "ჰათაისპორისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს მშვენიერი სეზონი აქვს - მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ სუპერლიგაში მეორე ადგილს იკავებს, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი 3 გოლი და 4 შედეგიანი პასია.

ლობჟანიძე ვილი სანიოლის გუნდშიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ქართველი გულშემატკივრებისათვის მასთან ინტერვიუ საინტერესო უნდა იყოს.
საბას თურქეთში დავუკავშირდით, სადაც მომდევნო ტურის შეხვედრას კვირას, 24 ოქტომბერს გამართავს.

- პირველ რიგში, ეროვნული ნაკრების უკანასკნელი მატჩები შევაფასოთ. შემოდგომაზე გუნდს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რომელიც ბოლოს ცოტათი გამოასწორა...
- მარტში გამართულ შეხვედრებში უკეთ გამოვიყურებოდით. რთულია, კონკრეტული
მიზეზი იპოვო, თუ რა მოხდა შემოდგომის მატჩებში. ახლა კარგი ისაა, რომ უკანასკნელ დაპირისპირებაში გავიმარჯვეთ და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება.

- ისე ჩანს, ვილი სანიოლი განსაკუთრებით გენდობა და შენი თამაშით კმაყოფილია...
- სანიოლის დამოკიდებულებაზე ვერაფერს ვიტყვი, თავად კი საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, ნდობა მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთავარ მწვრთნელს ჩემ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ვილი ნაკრებში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეს ნდობას ბოლომდე უცხადებს.

- ცოტა უკან რომ გავიხედოთ - ვლადიმირ ვაისი ნაკრებში ყოველთვის გიწვევდა, თუმცა საკმარის შანსს მაინც არ გაძლევდა. ამას მაინც რა განაპირობებდა?
- ფაქტია, რომ სლოვაკი სპეციალისტი ნაკლებად მეყრდნობოდა. ჩვეულებრივი ამბავია, ზოგიერთ მწვრთნელს არ მოსწონდე და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი.

- კლუბში ძალიან შედეგიანი ხარ. საქართველოს ნაკრებში ბევრ სამუშაოს ასრულებ, დაცვას მშვენივრად ეხმარები, თუმცა გოლები და საგოლე პასები გაკლია. ამას რითი ახსნიდი?
- როცა რაღაცას ბოლომდე კარგად ვერ აკეთებ, მიზეზების ძიება და სხვაზე გადაბრალება ყველაზე მარტივია. არ მგონია, რომ ნაკრებში ნაკლები შედეგიანობა იმას უკავშირდებოდეს, დაცვას აქტიურად რომ ვეხმარები. თანამედროვე ფეხბურთი ამას გულისხმობს - შემტევები უკანახაზელების დასახმარებლად ჩადიან.

იმედია, შედეგიანობის მხრივ მდგომარეობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.

- თბილისის "დინამოში" ბოლომდე რეალიზების შესაძლებლობა არ მოგცემია. საჩხერის "ჩიხურაში" წარმატებულმა თამაშმა მომავალ კარიერაზე რამდენად იმოქმედა?
- "ჩიხურაში" წარმატებული თამაში ჩემი კარიერისთვის ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი გამოდგა. ამის შემდეგ საფეხბურთო საზოგადოებამ უკეთ გამიცნო და კარიერაც სხვაგვარად განვითარდა.

- შენს სატრანსფერო ამბებზე მაშინაც იწერებოდა, როცა დანიიდან თურქეთში გადაბარგდი და "ანკარაში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგაც. ბოლოს თურქულ გრანდს გიკავშირებდნენ. რამდენადაა მოსალოდნელი, ტრანსფერი მიმდინარე სეზონის შემდეგ შედგეს?
- "ანკარაში" ბევრი კარგი თამაში მქონდა, თუმცა გუნდი ელიტიდან გავარდა. სატრანსფერო ამბები მხოლოდ ერთ თურქულ გრანდთან მხოლოდ საუბრის დონეზე დარჩა. მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მიმდინარე სეზონში მათ გოლს აუცილებლად გავუტან.

ახლა მთავარი მიზანი ისაა, ჩემი შესაძლებლობები ყოველ შეხვედრაში დავატკიცო და სატრანსფერო შეთავაზებებიც, სავარაუდოდ, იქნება.

- რამ გაგიადვილა თურქეთის ჩემპიონატთან ადაპტირება და სუპერლიგას როგორ დაახასიათებდი?
- ამა თუ იმ ჩემპიონატთან ადაპტირებაზე საუბარი თავდაპირველად ალბათ იმან დაიწყო, ვისაც ეს მდგომარეობა გაუჭირდა. მე ამ საკითხს განსხვავებულად ვუყურებ.
განწყობა და დამოკიდებულება ძალიან ბევრს ნიშნავს. არც დანიაში და არც თურქეთში ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ ჩემპიონატსა და გუნდს როგორ შევეგუებოდი.

- ვის დაასახელებდი მეტოქედ, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ დატოვა - ის ძალიან სწრაფი და ენერგიულია, მის წინააღმდეგ თამაში ასეთივე შესაძლებლობებს მოითხოვს.

- რას იტყვი თანაგუნდელებზე, რომლებმაც შემდეგ უფრო მაღალ დონეზე თამაში მოახერხეს?
- "დინამოში" ოთარ კიტეიშვილთან და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ვთამაშობდი. ისინი უკვე მაღალ დონეზე ასპარეზობენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს მიაღწევენ.

- ისევ ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდეთ. შესარჩევ ეტაპზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ და "ერთა ლიგიდან" ამჯერად რამდენად შეგვწევს ძალა, ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ? მომავალი მეტოქეები გაცილებით ძლიერები არიან...

ასევე, საინტერესოა, ეროვნულ ნაკრებში ვინმესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ხომ არ ჩამოგიყალიბდა?

- რა თქმა უნდა, მზად ვართ, შეგვიძლია და პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ C ლიგის ჯგუფი აუცილებლად დავძლიოთ და შემდეგ პლეი-ოფებზე ვიფიქროთ.
ნაკრებში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაღაც ჯგუფები არ არსებობს და ერთიანობა შეინიშნება, ეს კი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- დაბოლოს, რაზე გწყდება კარიერაში გული ყველაზე მეტად და რა ოცნებები გაქვს მომავალში?
- რაზე მწყდება გული ყველაზე მეტად, ამას მხოლოდ მას შემდეგ ვიტყვი, რაც თამაშს დავასრულებ. სანამ ასპარეზობ, ყოველთვის გაქვს შანსი, უკეთესი კარიერა გქონდეს და ამისთვის შესაბამისად უნდა განეწყო. წარსულს ვეღარ შეცვლი და მომავლის ოცნებების ასასრულებლად კი მოედანზე ყველაფერი უნდა გაიღო!
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბას აშკარად მომატებული აქვს! ძალიან ჩამორჩებოდა კლასით წინა მატჩებში კვარას, მაგრამ ამჯერად ბოლო მატჩებში აშკარად კვარაზე უკეთ გამოიყურებოდა. ცოტა მიკვირდა ხვიჩა 18 მილიონი და საბა 3,5 მილიონი სატრასფერო ფასი!
kaxa
12:28 23-10-2021
0
წარმატებები როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე
irakli
07:56 23-10-2021
0

სიახლეები პოპულარული