ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო შანსებზე, შედეგიანობაზე, ვაისთან ურთიერთობასა და "ტორპედოს" კარში გოლის აღნიშვნაზე...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, მასზე ბევრი საუბრობს. მოგეხსენებათ, ფორვარდი ახლა "კარლსრუეს" რიგებში გამოდის. Sportall.ge-მ ბუდუ უნგრეთში თამაშისას, 2022 წლის 5 აპრილს ჩაწერა და ისეთ თემებზე ვესაუბრეთ, ახლაც რომ დაგაინტერესებთ. ჩვენ ამ ინტერვიუს კიდევ ერთხელ გთავაზობთ...

- რა განცდაა, როცა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი 28 წლის ასაკში გაგაქვს? იქნებოდა თუ არა განსხვავებული ემოციები კარიერის ადრეულ პერიოდში?
- ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. მართალია, ეს მხოლოდ 28 წლის ასაკში შევძელი,
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აქამდე ნაკრების მაისურით ბევრი არ მითამაშია. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ახლა მთავარია, თვითკმაყოფილებას არ მივეცე და ოფიციალურ შეხვედრაშიც მალე გავიტანო.

საკმაოდ დიდი ემოციები გამოვამჟღავნე, თუმცა, რა თქმა უნდა, ადრეულ ასაკში სხვა ჟინია.

- გვახსოვს, რომ ვლადიმირ ვაისის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდი. რამდენად დამატებითი მოტივაცია იყო, როცა მივიჩნევდი, რომ შანსს უსამართლოდ ვერ იღებდი?
- იმ 5-წლიან პერიოდში, როცა ვაისი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, რამდენიმე შანსი მივიღე. დუბაის შეკრების შემდეგ, სადაც ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებით 2 შეხვედრა გავმართეთ, სლოვაკმა მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემით კმაყოფილი იყო. ეს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გოლი არ გამიტანია.

როცა ევროპაში წავედი და გატანა სტაბილურად დავიწყე, რამდენჯერმე გამოვთქვი უკმაყოფილება, რომ მიწვევას ვიმსახურებდი. მის მიმართ გაბრაზება არ მქონია - ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება აქვს.

- ბოლო პერიოდში ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა შეცვალა, შეტევის წინა ხაზზე უფრო მოძრავ მოთამაშეებს ეყრდნობა და წარმატების მიღწევა საჯარიმოში ჩაწოდებებით ნაკლებად წარმოუდგენია. გულწრფელად როგორ ფიქრობ, იქნები თუ არა ივნისში, "ერთა ლიგაზე" ძირითადი ფორვარდი?
- სათამაშო სქემის შეცვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ დაცვაში ძალიან კარგად ვთამაშობთ. იმედია, "ერთა ლიგაზეც" ასე გავაგრძელებთ და საკუთარ კარში გოლებს არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, შემტევ ფეხბურთელებს მეტი გვმართებს - გოლები უნდა გავიტანოთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ.

იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს დავიმსახურებ. ბოსნიაში გატანილმა გოლმა, წესით, თავდაჯერება უნდა შემმატოს. რა თქმა უნდა, მსურს დიდი დრო მივიღო, თუმცა ყველა შეხვედრას სასტარტოში ვერ დაიწყებ, 10 დღეში ხომ 4 დაპირისპირება გვაქვს. ჯერ კლუბში გამოსვლით მიწვევა უნდა დავიმსახურო და კონკურენცია დავძლიო.

- სანაკრებო ატმოსფეროსა და  მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულებებზე რას იტყვი? ასევე, ხომ არ არის ფეხბურთელი ნაკრებში (თანაგუნდელ გიორგი ბერიძის გარდა), რომელთანაც განსაკუთრებით მეგობრობ?

- ნაკრებში მშვენიერი ატმოსფეროა. ფეხბურთელებს სანიოლის დამოკიდებულებები ძალიან მოგვწონს, გუნდში პოზიტიური ბიჭები არიან.

გიორგი ბერიძის გარდა, საბა ლობჟანიძესთან ვმეგობრობ, რომელთან ერთადაც თბილისის "დინამოში" ვიყავი. გარდა ამისა, ოთარ კაკაბაძესთან დანიაში გამოსვლისას დავახლოვდი, ლაშა დვალთან კი - უნგრეთში.

- კლუბი ახლახან გამოიცვალე. ხომ არ ყოფილა სხვა შეთავაზებები და რატომ გაკეთდა არჩევანი "უიპეშტზე"? ამაში გიორგი ბერიძის წვლილიც ხომ არ იყო?

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არაერთ გუნდზე დაიწერა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება მხოლოდ “უიპეშტიდან“ მქონდა და ეს გუნდი ვარჩიე. რასაკვირველია, უმნიშვნელო არც გიორგი ბერიძის ფაქტორი ყოფილა.

- ქუთაისის "ტორპედოში" წარმატებული თამაშის შემდეგ საიდან გაჩნდა კარიერის უნგრეთში გაგრძელების პერსპექტივა და იყო თუ არა მაშინ ინტერესი სხვა ქვეყნის კლუბების მხრიდან?
- უნგრეთში გადმობარგებამდე შეთავაზება თბილისის “დინამოდან" მქონდა, რომელიც “ტორპედოს“ სატრანსფერო თანხასაც უხდიდა, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნის გუნდებიდან კონკრეტული წინადადება არ მქონია.

- როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს, როცა "სამტრედიაში" ჩემპიონი გახდი და კარიერის დანიაში გაგრძელება გადაწყვიტე, რატომ ვერ აეწყო კარგად საქმეები?

- "სამტრედიაში“ გატარებული პერიოდი დაუვიწყარია, რადგან რეალურად მაშინ დავიწყე უმაღლეს დონეზე თამაში და თავის გამოჩენა. მით უმეტეს, ჩემპიონობა მოვიპოვეთ, მე კი ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.

რაც შეეხება დანიაში წასვლას - ალბათ, ნაადრევი იყო, რადგან უმაღლეს დონეზე კარგ ფორმაში მყოფს ჩატარებული მხოლოდ ერთი სეზონი მქონდა და როცა იქ ჩავედი, სხვა სისწრაფეებსა და მოთხოვნებს შევეჯახე, რისთვისაც ალღოს სწრაფად აღება გამიჭირდა და ვფიქრობ, ამან, ისევე, როგორც გამოცდილების ნაკლებობამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, თავი კარგად რომ ვერ წარმოვაჩინე.

- როცა საქართველოში დაბრუნდი და თბილისის "დინამოს" მაისურით "ტორპედოს" კარის აღება აღნიშნე, ქუთაისელი გულშემატკივრები ხომ არ გაანაწყენე? იმათ სიაში ხარ, ვისაც ორივე ამ გუნდში უასპარეზია...

- როცა გოლი აღვნიშნე, ალბათ, ქუთაისელ გულშემატკივრებში გარკვეული გაბრაზება იქნებოდა, თუმცა "დინამოში“ დაბრუნებამდე იყო რაღაც ფაქტორი, რაზეც საუბარი არ მსურს და ეს იყო, რის გამოც გადავწყვიტე, რომ გოლი მეზეიმა.

- გყავს თუ არა საფეხბურთო აგენტი, რომელიც შენს კარიერას განსაზღვრავს და ნანობ თუ არა რამეს, რა შეიძლებოდა უკეთესად?
-აგენტი მყავს - ლაშა ოდილაძე. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას, რადგან ყველანაირად გვერდში მიდგას.

სინანულით არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო და შემდეგ საუბარს აზრი არ აქვს.

- რას იტყვი შენს ყოფილ თანაგუნდელებზე, რომლებმაც კარიერა უკეთეს კლუბებში გააგრძელეს?

- იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ კარგ დონეზე ფეხბურთის თამაში, მაგრამ რაღაც ფაქტორებმა ხელი შეუშალეს და ეს ვერ შეძლეს. თუმცა, ვინც ახლა თამაშობს, ყველას ვგულშემატკივრობ და მათი წარმატება მიხარია და გამიხარდება ისევე, როგორც საკუთარი თავის.

- დაბოლოს, რომელია ბუდუ ზივზივაძის საუკეთესო მატჩი?
- ასე მხოლოდ ერთი გამოვარჩიო, რთული იქნება, იყო ბევრი კარგი თამაში და ბევრი კარგი გოლი - პირველი ჰეთ-თრიკი თუ პოკერი, პირველი ჩემპიონობა, "ჩიხურასთან“ ფინალში შესრულებული დუბლი. კონკრეტულის გამორჩევა გამიჭირდება, რადგან ჩემს კარიერაში ყველა გოლი და თამაში მნიშვნელოვანია - ყოველი შეხვედრის შემდეგ იზრდები, როგორც ფეხბურთელი, გემატება გამოცდილება და უფრო თავდაჯერებული ხდები.

altქინქლაძიდან ზივზივაძემდე - მე-2 ბუნდესლიგაში ბევრი ქართველი ვნახეთ - ბუდუმ მეექვსე გაიტანა...

altზივზივაძე: ბავშვობის ოცნება ამიხდა, რაც ორმაგად სასიხარულოა

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბუდუს. მართლაც დაიმსახურა ნაკრებში თამაში და გოლიც.
შოთა-მილანი
12:56 05-04-2022
2
აშკარად გაზრდილია, ფიზიკურადაც რაც ადრე აკლდა, კარგი ადამიანიც ყოფილა....წარმატებები ბუდუ, ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც, გამიხარდება თუ სადმე შევხვდები ამას პირადად ვეტყვი...
გუსანი
12:32 23-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული