მიქაუტაძე ლიგა 2-ში იწყებს - ის უფრო შედეგიანი და პროგრესირებადი გვჭირდება!

AutoSharing Option
არც ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პრობლემა მწვავედ იდგა. შესაძლოა, წინ მდგარ შემტევს ბურთით სათანადოდ ვერ ვამარაგებდით, თუმცა რეალიზების მაჩვენებელიც დაბალი გვქონდა. იმ პერიოდში დიდი მოლოდინები წარმოიშვა გიორგი მიქაუტაძის მიმართ, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა. ყველაფერი გაკეთდა, "ჟორჟს" "ჯვაროსნების" ფორმა რომ მოერგო...

ბრწყინვალე დებიუტი

მიქაუტაძემ პირველივე სანაკრებო მატჩში გაიტანა, როცა სასტარტოში იყო და ვილი სანიოლის გუნდს რუმინეთში (2:1) გაამარჯვებინა. მანამდე, შვედეთში, მან მხოლოდ რამდენიმე წუთით ითამაშა. დასაწყისი მართლაც მშვენიერი იყო და
კიდევ უფრო გაგვიმყარდა განცდა, რომ წინა ხაზზე შესაბამისი დონის ფეხბურთელის პრობლემა მოიხსნა.

ცუდი გაგრძელება და "დაბრუნება"

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცუდი დროება დაუდგა, რომელიც ივნისში ნიდერლანდებთან ამხანაგური შეხვედრით დაიწყო და ოქტომბერში საბერძნეთთან ბათუმურ დაპირისპირებამდე გაგრძელდა. "ჯვაროსნების" თავკაცი იდეალური განლაგების ძიებაში იყო და ამ პერიოდში მიქაუტაძე ბევრით ვერაფრით გამოირჩა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდს მისი ძლიერი მხარეების გამოყენება უჭირდა.

ვილი სანიოლის ნაკრების აღმავალი პერიოდის დიდი ნაწილი გიორგის ტრავმის გამო გაუცდა. "ერთა ლიგის" ახალი სეზონის სასტარტო მატჩში "მეცის" ფორვარდი სასტარტოში ვიხილეთ და მან გოლიც გაიტანა. ჩვენი ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა თქვა, რომ მიქაუტაძემ იმ კომპონენტებზე იმუშავა, რომელიც გამოსასწორებელი ჰქონდა. თუკი გიორგის ადრე იმის გამო ვაქებდით, რომ მუდმივად მეტოქის კარზე ორიენტირებული იყო, ბოლო მატჩებში მას მაინც გარკვეული ეგოიზმი შევამჩნიეთ, თუმცა სურვილი, რომ ნაკრების ფორმით გოლი ისევ გაეტანა, დიდი იყო, საბა ლობჟანიძემ კი მშვენიერი პასით ეს საკითხი აუსრულა კიდეც.

გამოჩნდა, რომ სანიოლს ძირითად ფორვარდად ბუდუ ზივზივაძე წარმოუდგენია, რომელიც ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და მიქაუტაძეს კიდევ უფრო დიდი ჯაფა დასჭირდება, სასტარტოში თამაში რომ დაიმსახუროს.

Sportall.Ge

საკლუბო ამბები

ყოველთვის გვსურს, ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო პროგრესი ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი კიდევ უფრო მაღალი კლასის გუნდსა და  უკეთეს ფორმაში იყვნენ. სამწუხაროდ, მიქაუტაძის შემთხვევაში ასე არაა. "მეცს" ელიტაში ადგილი რომ არ დაეკარგა, ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 1-ში იასპარეზებდა, ახლა კი მას გამოსვლა რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს. "ჟორჟი" ბელგიაში წარმატებული იყო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სხვა დონისაა. გასულ სეზონში "სერენში" მას ნდობა ჰქონდა და "მეცში" თადარიგში ყოფნას ბელგიაში დაბრუნება ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

სადაც უნდა იყოს, მიქაუტაძემ უნდა გაიტანოს, თუმცა ბოლოს მან ეს სწორედ გიბრალტართან შეძლო. "მეცის" წინასასეზონო მომზადების ფარგლებში, ქართველმა შემტევმა 4 შეხვედრიდან 3 შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც იმ მატჩებში შეძლო, სადაც გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

"მეცი" სეზონს რამდენიმე დღეში, 30 ივლისს, "ამიენის" მასპინძლობით იწყებს და უახლოეს სანაკრებო პაუზამდე მიქაუტაძეს 9 მატჩის ჩატარების საშუალება ექნება. იმედია, ის გოლების ალღოს სრულფასოვნად დაიბრუნებს და "ერთა ლიგის" დარჩენილ შეხვედრებსაც კარგ ფორმაში შეხვდება. ფრანგულ ლიგებში ძველებური მდგომარეობა არაა, როცა ძალიან ცოტა გოლი გადიოდა, თუმცა ლიგა 2-ში დაცვის თამაშს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...

საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში კონკურენცია სჭირდება, მათ შორის, შეტევაში და გიორგი მიქაუტაძეს დიდი რესურსი აქვს, სტაბილური მეგოლე იყოს.

altმიქაუტაძეზე ფრანგული მედია წერს - ნაკრებში გაიტანა და გუნდში დამკვიდრებას ეცდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
საფრანგეთის ლიგა 2 ში უფრო მეტი შანსი აქვს დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში და ბევრი სათამაშო დრო მიიღოს ვიდრე ლიგა 1 ში მიიღებდა თან გუნდში მწვრთნელიც შეიცვალა და იმედი მაქ ახალი მწვრთნელის ნდობა ექნება წარმატებები მთავარია გოლები გაიტანოს.
ზურა
20:59 27-07-2022
0
ეს ბიჭი სერია ა ში გადავა დაიმახსოვრეთ
beqa
19:20 27-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული